суббота, 5 февраля 2011 г.
ზურაბ ჟვანიას დაღუპვის საიდუმლო და ექსპერტიზის გაყალბებული დასკვნები
კონფერენციაზე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გენერალური პროკურორის თანხლებით გამოაქვეყნა ცნობა, რომ რამდენიმე საათის წინ მომხდარ უბედურ შემთხვევას საქართველოს პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიასა და ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილის სიცოცხლე შეეწირა.
ვანო მერაბიშვილი: დაღუპულია საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბატონი ზურაბ ჟვანია. მე ახლა შევეცდები, მოგაწოდოთ ის ინფორმაცია, რომელიც ჩვენ ამ წუთში გაგვაჩნია... შინაგან საქმეთა მინისტრი აღწერს პრემიერ მინისტრის დაღუპვის დეტალებს და აქვეყნებს წინასწარ დასკვნას.
ვანო მერაბიშვილი: ეს არის გაზით მოწამვლის ფაქტი. იმ ოთახში დამონტაჟებული იყო ირანული გაზის ქურა. ალბათ, მოხდა ეს უცაბედად, რადგან ბატონი ზურაბ ჟვანია ამ დროს იჯდა სავარძელში...
ათ საათზე სახელმწიფო კანცელარიაში გაიმართა საგანგებო სხდომა.
პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას და გუბერნატორის მოადგილის გვამები ექსპერტიზის ჩასატარებლად რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიტანეს. საპატრულო პოლიციამ გადაკეტა საავადმყოფოს და შემთხვევის ადგილის მისასვლელები.11 საათსა და 53 წუთზე სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ოფიციალური წარმომადგენელი პირველ კომენტარს აკეთებს. მან მხარი დაუჭირა შემთხვევიდან სამ საათში გამოქვეყნებულ შინაგან საქმეთა მინისტრის ვერსიას.
ლევან ჩაჩუა: არავითარი დაზიანება არ აღნიშნულა, გარდა ერთი ნაჭდევისა ქვედა ტუჩის მარცხენა ნახევარში. არც შინაგანი გამოკვლევებით იქნა რამე ფიზიკური დაზიანების კვალი ნანახი. გარეგნული დათვალიერებებით, გვამური ლაქების მონაცემების და შინაგანი გამოკვლევების მონაცემების მიხედვით, სავარაუდოდ, შეიძლება ითქვას, რომ შეიძლება ადგილი ჰქონდეს ნახშირჟანგით მოწამვლას.
უბედური შემთხვევის იგივე ვერსიას დაეთანხმა ექსპერტი ირინა თანდილაშვილი.
ირინა თანდილაშვილი: პირველი გამოკვლევით, სისხლში აღმოჩნდა კარბოქსიჰემოგლობინი. რაოდენობა ზუსტად ხვალ სამი საათისათვის იქნება დაზუსტებული. ეს მიუთითებს, რომ რაღაცა ლეტალური რაოდენობაა კარბოქსიჰემოგლობინისა და, საერთოდ, ფიზიოლოგიურ პირობებში ეს რაოდენობა ხუთიდან ათ პროცენტამდე შეიძლება არსებობდეს. ათი პროცენტის ზევით უკვე იწვევს კლინიკური მდგომარეობის დამძიმებას და 20 პროცენტის ზევით იწვევს სიკვდილიანობას.
ექსპერტების ნაკლებად სარწმუნო მოსაზრებების შემდეგ, ხელისუფლებამ შეერთებული შტატებიდან გამოძიების ფედერალური ბიუროს ექსპერტები მოიწვია. 2005 წლის პირველ აპრილს გამოქვეყნდა გამოძიების ფედერალური ბიუროს ექსპერტიზის ანგარიში. ორთვიანი გამოძიების შემდეგ გაკეთებული ეს დასკვნები ზედმიწევნით ემთხვეოდა პრემიერ-მინისტრის გარდაცვალებისთანავე ივანე მერაბიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას. ჟურნალისტმა ვახტანგ კომახიძემ იმ ტრაგიკული დღის სურათი აღადგინა.
2005 წლის 2 თებერვალს პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ჟვანიამ, სამუშაო დღის ბოლოს, დაახლოებით, 22 საათსა და 55 წუთზე სახელმწიფო კანცელარია დატოვა. ამ დროს რაულ უსუპოვი ვარკეთილში, ავტოსადგომზე შევიდა. ავტოსადგომის დარაჯი, რომელიც უსუპოვს კარგად იცნობდა, იხსენებს, რომ იმ ღამით რაულს მართლაც დაურეკეს, რამოდენიმე წამი ილაპარაკა, საუბრის შემდეგ კი სადღაც გაემგზავრა და დაიბარა, რომ ერთ ორ საათში დაბრუნდებოდა. ზარი, რომლის შემდეგაც უსუპოვმა ავტოსადგომი დატოვა, ზურაბ ჟვანიას ნომრიდან იყო შესრულებული.
ჯეოსელის და მაგთის ანძების განლაგების მიხედვით, ასევე, სატელეფონო ზარების ამონაბეჭდების მონაცემებით, ზურაბ ჟვანიას და რაულ უსუპოვის დაღუპვის წინა პერიოდის სურათი აღვადგინეთ. გამოვიყენეთ ფარული ჩანაწერებიც, რომელშიც ჟვანიას დაცვის წევრი მიხეილ ძაძამია იმ საღამოს მოვლენებზე მისეულ ვერსიას ავითარებს.
უსუპოვის მანქანა 1 საათის განმავლობაში ვარკეთილიდან საბურთალოს ქუჩისკენ მიდიოდა. ჟვანიას ავტომანქანამ გაიარა რუსთაველის გამზირი, კოსტავას ქუჩა და დაახლოეებით, 11 საათზე შარტავას ქუჩაში მდებარე ბინაში მივიდა. დაახლოებით, 35 წუთში კი ისიც საბურთალოს ქუჩისკენ გაემგზავრა. აი, რას ჰყვება მიხეილ ძაძამია: დავსხედით, იმ მარშრუტით წავედით, იქიდან მოვტრიალდით სუპერ მარკეტში შევედით, თან ტელეფონზე ლაპარაკობდა... ჟვანიას დაცვის წევრი მიხეილ ძაძამია ამბობს რომ ჟვანია კონსპირაციულ ბინაში ესკორტის გარეშე წაიყვანა, გზაში სურსათი და კონიაკი შეიძინა, მანქანას ნელა მართავდა, რადგან ჟვანია ტელეფონზე ლაპარაკობდა. როცა სახლთან მივიდნენ, ჟვანიამ დაავალა, რომ უსუპოვისთვის დაერეკა. 23 საათი და 59 წუთი იყო.
მიხეილ ძაძამია: მითხრა გადაურეკე სად არისო, დავურეკე და მითხრა მოვდივარო სახლის კუთხეში ვიდექი, მითხრა მალე მოვალო... ამის შემდეგ ძაძამია ყვება რომ ისინი საბურთალოს 53-ში კონსპირაციულ ბინაში შევიდნენ. სინათლე აანთო, გამათბობელი ჩართო, ამ დროს უსუპოვმა კარზე დააკაკუნა. კარი ჟვანიამ გააღო და ძაძამიას უთხრა, წადი და როცა დაგირეკავ, მაშინ მოდიო.
ძაძამია ამ დროს ჟვანიასთან ერთად საბურთალოს 53-ში ვერ იქნებოდა. ვერც სინათლეს და ვერც გამათბობელს ვერ აანთებდა რადგან, 23 საათსა და 59 წუთზე ძაძამიას ტელეფონმა დიდუბის ანძიდან დარეკა.
პრემიერ-მინისტრის დაცვის წევრი შემთხვევის ადგილზე, სავარაუდოდ, მხოლოდ 23 საათზე დაბრუნდა და მისივე თქმით ჟვანიასთან დაკავშირებას ცდილობდა.
მიხეილ ძაძამია: მას მერე, რაც კარი არ გამიღეს, შევამტვრიე აქეთა კუთხის ფანჯარა, ფარდა რომ გადავწიე, დავინახე, რომ ზურა აქეთა კუთხის კრესლოში იჯდა, ის კუთხისკენ იყო, ზურა არ რეაგირებდა. დავურეკე კობას და ვუთხარი, არ რეაგირებს მეთქი, მითხრა მოვდივარო. ტელეფონი დამიჯდა. იქ არის „სტაიანკა“. იქ შევიტანე ტელეფონი დასატენად.კობა ხარშილაძე, ვისაც ძაძამიამ დაურურეკა, პრემიერ-მინისტრის დაცვის უფროსი იყო. იგი ზარის მიღებისთანავე საბურთალოს ქუჩისკენ გაემგზავრა.
ავტოსადგომი სადაც ძაძამია ტელეფონის დასატენად წავიდა, შემთხვევის ადგილიდან დაახლოებით 200 მეტრითაა დაშორებული. გზად გაზის წნევის მარეგულირებელი ჯიხური მდებარეობს. პრემიერის სიკვდილის დღეს ჯიხურის საკეტი გატეხილი იყო. ამ საკითხს მოგვიანებით დავუბრუნდებით. ოთახში მიტოვებულ პრემიერ-მინისტრთან დაცვამ მხოლოდ 4 საათში შეაღწია.
მიხეილ ძაძამია: კობა შეძვრა. გამოვწიეთ ჟალუზი. მე გარეთ ველოდებოდი, 4- 5 წუთის მერე კომამ გამიღო კარები. ზურა იწვა.ძაძამია ამბობს, რომ პრემიერ-მინისტრი და გუბერნატორის მოადგილე უკვე გარდაცვლილები იყვნენ. იქვე იყო გაშლილი სუფრა და ნარდი. კობას მითითებით ძაძამიამ გაზის გამათბობელი გადაკეტა.
მიხეილ ძაძამია: მე ვერ დავინახე, გაზი ენთო თუ არა, გაზის ფშიტინი მესმოდა და გადავკეტე.
ძაძამია გაზის შხუილზე მიუთითებს, არადა თბილგაზის საავარიო სამსახურს ამ უბანზე გაზი ერთი საათით ადრე გადაეკეტა.
თბილგაზში საბურთალოს ქუჩიდან გაზის წნევის მომატების შესახებ შეტყობინება ღამის სამის ნახევარზე შევიდა. თბილგაზის ჟურნალის მიხედვით 2 საათსა და 35 წუთზე საავარიო ჯგუფი უბანზე გაემართა. 2 საათსა და 55 წუთზე გაზი გადაკეტილი იყო.
თბილგაზის თანამშრომელი ნოდარ სუხაშვილი, რომელმაც გაზი უშუალოდ დაკეტა, ამბობს რომ ჯიხურის კარი გატეხილი დახვდა. თბილგაზი ადასტურებს, რომ წნევამ იმ ღამეს მარტო ამ უბანზე მოიმატა, რაც მხოლოდ გატეხილი საკეტის მიღმა მდებარე წნევის რეგულატორის ამოქმედებით იყო შესაძლებელი. გაზი სამს რომ ხუთი აკლდა, მაშინ გადაიკეტა, დაცვის წარმომადგენლებმა ბინაში 4 საათისთვის შეაღწიეს, აქედან გამომდინარე, შეუძლებელია, ვინმეს ოთახში გაზის ხმა გაეგო. ამის მიუხედავად, ივანე მერაბიშვილი ფაქტობრივად, გაზის ფშიტინის ვერსიას დაეყრდნო და ჟვანიას გარდაცვალების მიზეზად ნახშირბადით მოწამვლა დაასახელა. ამ ვერსიის გადამოწმების მიზნით, თბილისში ჩამოსულმა ეფ-ბი-აის ექსპერტებმა ექსპერიმენტი ჩაატარეს.
ამერიკელებმა გამოიკვლიეს, თუ რა გავლენა შეეძლო, მოეხდინა ღუმელის გაუმართაობას ჰაერში ჟანგბადისა და ნახშირბადის კონცენტრაციაზე, რაც წინასწარი გამოძიების აზრით სიკვდილის მიზეზი გახდა. ექსპერტებმა 12 საათზე ნიკალას გამათბობელი ჩართეს და ექსპერიმენტი დაიწყო, რომელიც ოთხსაათნახევარი გრძელდებოდა. ამ დროს სპეციალური მოწყობილობებით ჰაერში ჟანგბადის მოცულობას ზომავდნენ. ექსპერიმენტის დაწყებისას ჟანგბადის დონემ 20,5 % შეადგინა და ოთხსაათნახევრის შემდეგ 18,4% მდე დაიწია. ოთხსაათნახევარში გამათბობელი გამორთეს და ნორმალური კონცენტრაცია მომენტალურად აღდგა.
იმის შესაფასებლად, თუ რა ფიზიოლოგიურ გავლენას მოახდენდა ჟანგბადის შემცველობის კლება 20,5% დან 18,4% მდე, ექსპერტებმა ამერიკის სტანდარტიზაციის ეროვნული ინსტიტუტის პარამეტრები გამოიყენეს. ამ სტანდარტების მიხედვით: 20,9% ნორნალური რაოდენობაა; 9% იწვევს გაურკვეველ, თუმცა, შეუმჩნეველ ფიზიოლოგიურ ზეგავლენას; 16% შენელებულია აზროვნება და მოდუნებულია ყურადღება, ასევე, გაუარესებულია კოორდინაცია; 14% უჩვეულო დაღლილობას და მოდუნებას იწვევს; 12,5%-ის დროს ძალზე გართულებულია აზროვნება და კოორდინაცია, იწყება გულის რევა და პირღებინება; 10%-ის ქვევით-კონვულსიები და სიკვდილი.
ჟანგბადის კონცენტრაციის 18,4%-მდე შემცირება ოთხსაათნახევრიანი ექსპერიმენტის შედეგია. 3 საათის განმავლობაში კი, ანუ რა პერიოდიც ჟვანიამ და უსუპოვმა ბინაში დაჰყვეს, აპარატურამ 18,8% აჩვენა, რაც სიკვდილის მიზეზი არ შეიძლება ყოფილიყო და მხოლოდ მსუბუქ ფიზიოლოგიურ მოშლილობას გამოიწვევდა. ნახშირბადის მონოქსიდი, რომელიც ქართველმა ექსპერტებმა სიკვდილის მიზეზად დაასახელეს, გამოძიების ფედერალური ბიუროს მომდევნო კვლევის საგანი იყო. ნახშირბადის მონოქსიდი არის ქიმიური ნივთიერება, რომელიც ითვლება მოწამვლით გამოწვეული უბედური შემთხვევების ყველაზე გავრცელებულ მიზეზად - ასე ახასიათებენ ამერიკელი სპეციალისტები ნახშირბადის მონოქსიდს. ნახშირბადის მონოქსიდი ორგანიზმში შეღწევის შემდეგ სისხლში ჰემოგლობინთან მდგრად ნაერთს-ნახშირბად-ჰემოგლობინს წარმოქმნის. მისი წარმოქმნის შემდეგ, ჰემოგლობინი კარგავს ძირითად ფუნქციას და ორგანიზმი ჟანგბადით ვეღარ მარაგდება.
ნახშირბადის მონოქსიდის კონცენტრაციის გასაზომად ექსპერტებმა მოცულობითი საზომი ერთეული „პიპიემი“ (პარტს პერ მილიონ) გამოიყენეს. ამერიკული სტანდარტებით, ჯამრთელობისათვის და სიცოცხლისთვის სახიფათო ზღვარი 1200 პიპიემია. ექსპერიმენტი ამჯერადაც 12 საათიდან ოთხსაათნახევრის განმავლობაში მიმდიდარეობდა. გაზის ღუმელის ჩართვიდან რამდენიმე წუთში ნახშირბადის კონცენტრაცია 6 პიპიემამდე ავიდა, 2 საათის შემდეგ კი ექსპერიმენტის ბოლობდე მისი დონე დაახლოეებით 3 პიპიემამდე შემცირდა. ანუ, ოთახში ექსპერიმენტის დროს სიცოცხლისთვის სახიფათო ზღვარზე 200-ჯერ ნაკლები კონცენტრაცია დაფიქსირდა.
იმის დასადგენად, თუ რა ზეგავლენას ახდენს „6 პპმ“ ნახშირბადის კონცენტრაცია ადამიანის ჯამრთელობაზე, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორის, ლაზარევის რედაქციით გამოცემული ცნობარი მოვიშველიეთ. იმის გათვალისწინებით, რომ 6 პიპიემი 0,006 მგ Xლ-ია და ნახშირბადის მონოქსიდის ეს რაოდენობა 25 წუთიდან 3 საათამდე დროის განმავლობაში ორგანიზმში ნახშირბად ჰემოგლობინს არ წარმოქმნის და მან შეიძლება, მხოლოდ მხედველობის სიზუსტის დაქვეითება გამოიწვიოს.
გამოძიების ფედერალური ბიუროს ლაბორატორიის მიერ ჩატარებულმა სისხლის ანალიზმა კი აჩვენა, რომ ჟვანიას სისხლის ნახშირბად-ჰემოგლობინის გაჯერების დონე 72% , უსუპოვის კი-74% იყო. ლაზარევის ცნობარის მიხედვით, 3 საათის განმავლობაში რომ სისხლი ნახშირბად-ჰემოგლობინით თუნდაც 60%-ზე გაჯერდეს, ჰაერში ნახშირბადის მონოქსიდის კონცენტრაცია 1,26 მგX-ლიტრი ანუ 1000 პიპიემზე მეტი უნდა ყოფილიყო. შემთხვევის ადგილზე ჩატარებული ექსპერიმენტის დროს კი ნახშირბადის კონცენტრაციამ ოთხსაათნახევრის განმავლობაში მხოლოდ 6 პიპიემს მიაღწია. ერთ-ერთი ვერსია, თუ როგორ შეიძლებოდა აღმოჩენილიყო ჟვანიასა და უსუპოვის სისხლში 72% და 74% ნახშირბად-ჰემოგლობინი, მათი დაღუპვიდან რამდენიმე დღეში ინტერნეტ გვერდებზე გამოქვეყნდა. წყაროები იუწყებოდნენ, რომ რუსეთის სპეცსამსახურებს შეიარაღებაში ჰქონდათ ქიმიური შენაერთი სახელწოდებით რკინის პენტაკარბონილი.
ლაზარევის ცნობარის მიხედვით რკინის პენტაკარბონილინი ღია მოყვითალო ხსნარია და მძიმე მომწამვლელი ეფექტი აქვს ორგანიზმში, როგორც საყლაპავი, ასევე ინექციის გზით მოხვედრის შემთხვევაში.ვებგვერდების მიხედვით კი, რკინის პენტაკარბონილით მოწამლული პრაქტიკულად არ განსხვავდება ნახშირბადის მონოქსიდით გაგუდულისგან. შხამის ქიმიური შემადგენლობა მარტივია, იგი შედგება რკინისგან და ნახშირბადისგან. 2 გრ პენტაკარბონილის ადამიანის ორგანიზმში საყლაპავი გზებით მოხვედრა, სისხლში ნახშირბადის კონცენტრაციას 5-ჯერ ზრდის, ხოლო რკინის შემადგენლობა პრაქტიკულად არ იცვლება...
ყოველივე ამის მიუხედავად, გამოძიების ფედერალურმა ბიურომ დაასკვნა, რომ ექსპერტიზის მონაცემების ანალიზის დროს არაფერი შეიმჩნეოდა ისეთი, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს მთავრობის მიერ გაკეთებულ წინასწარ დასკვნას იმის შესახებ, რომ ბატონების: ჟვანიას და უსუპოვის სიკვდილის მიზეზი ნახშირბადის მონოქსიდით მოწამვლა იყო, რაც არასწორად დამონტაჟებულმა გამათბობელმა გამოიწვია.
ამ წინააღმდეგობრივი მოსაზრების გასამყარებლად ეფბიაის დასკვნაში გამოყენებულია ექსპერიმენტის დროს გამოვლენილი ერთი მონაცემი. შემთხვევის ადგილზე ნახშირბადის მინოქსიდის გაზომვის დროს ექსპერტებმა სადარბაზოსთან საკონტროლო საზომი ხელსაწყო აამოქმედეს. რამდენიმე წუთში სადარბაზოს შესასვლელთან ავტომანქანა დაიქოქა და გამონაბოლქვის ფონზე ხელსაწყომ 75,6 პიპიემი აჩვენა. თავის მხრივ ნახშირბადის მონოქსიდის ასეთი კონცენტრაცია, მითუმეტეს ბინის გარეთ სიცოცხლისთვის სახიფათო ვერ იქნებოდა, მაგრამ ეფბიაის დასკვნაში ასეთი ჩანაწერი გაკეთდა: „ექსპერტიზის ეს შედეგი გვიჩვენებს თუ რაოდენ დრამატული ზეგავლენა შეიძლება ჰქონოდა ავტომანქანის დაქოქილ ძრავას 2005 წლის 3 თებერვლის მოვლენებზე“.
ეფბიაის ექსპერტების მოსაზრებათა წინააღმდეგობრიობის მიუხედავად დასკვნა ასეთი იყო: „გამოძიების ფედერალური ბიუროს ლაბორატორია აღნიშნავს, რომ თბილისში ჩატარებული ექსპერტიზის დროს ნახშირბადის მონოქსიდის კონცენტრაციას არ მიუღწევია და არ გადაუჭარბებია სი ელ და აი დი ეიჰ ელ სტანდარტებისათვის“.
ჩვენს ხელთაა დოკუმენტი, რომელიც სარწმუნო წყაროს ცნობით, გამოძიების ფედერალური ბიუროს ანგარიშის ოფიციალური თარგმანია და თან ახლავს საქმის მასალებს. თარგმანში დასკვნითი დებულების შინაარსი საწინააღმდეგოდაა გადმოცემული და წერია, რომ ექსპერიმენტის დროს ნახშირბადის მონოქსიდის კონცენტრაციამ მიაღწია და გადააჭარბა ადამიანის ჯამრთელობის და სიცოცხლისთვის საშიშ ზღვარს.ინგლისურ ვარიანტში მითითებულია, რომ არ გადაუჭარბებია, ქართულში კი წერია რომ გადააჭარბა. რადგან ოთახში ნახშირბადის მონოქსიდის სათანადო კონცენტრაცია ექსპერიმენტით არ დადასტურდა, ჟვანიას და უსუპოვის სისხლში ნახშირბადი სასუნთქი გზებით ვერ უნდა მოხვედრილიყო. ამ ფონზე კი უდიდეს ინტერესს იწვევს ჟვანიას ქვედა ტუჩის მარცხენა ნახევარში მდებარე სისხლჩაქცევა და ნაჭდევი.
სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს დასკვნაში წერია: „დაზიანების მორფოლოგიური სურათის გათვალისწინებით, იგი განვითარებული უნდა იყოს სიკვდილის დადგომის შემდეგ, ახლო პერიოდში“. ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი ამბობს რომ დასკვნაში ასეთი ჩანაწერის არსებობა ტენდენციურობაზე მიუთითებს.
მაია ნიკოლეიშვილი: სისხლჩაქცევა შეიძლება განვითარდეს როგორც სიცოცხლეში ასევე სიკვდილის შემდეგ მოკლე დროშიც, მაგრამ რადგან ექსპერტიზა ყოველგვარი დამატებითი გარემოებების გარეშე დაზიანებას სიკვდილის შემდეგ დროს მიაკუთვნებს, იგულისხმება, რომ არსებობს დირექტივა და არასასურველია დაზიანების სიკვდილამდე პერიოდით დათარიღება...
ეჭვი იმის შესახებ, რომ ჟვანიას და უსუპოვის სისხლში ნახშირბად-ჰემოგლობინის მაღალი პროცენტის მიზეზი გაზის გამათბობელი არ იყო, ძლიერდება მონათხრობებით, რომლის მიხედვითაც უსუპოვს მკერდის არეში ნანემსრები ჰქონდა. ამ მონათხრობის ავტორები არიან პირები, პომლებმაც უსუპოვის გვამი უშუალოდ დაათვალიერეს. ისინი ამბობენ, რომ რაულს მკერდზე ჰქონდა ნანემსრები...
და კიდევ ერთი ფაქტი, რომელიც ამ უბედურ შემთხვევას საეჭვოს ხდის, ისაა, რომ ბინაში, სადაც გამოძიების ვერსიით, პრემიერ-მინისტრმა უკანასკნელი ღამე გაატარა, სადაც ივახშმა და ცოტაოდენი სასმელიც მიირთვა, გამოძიების მიერ ამოღებულ არცერთ ნივთზე, არცერთ საგანზე ზურაბ ჟვანიას და რაულ უსუპოვის თითის ანაბეჭდები არ აღმოჩნდა.
მიხეილ სააკაშვილი: საქართველომ დაკარგა დიდი პატრიოტი, რომლის მთელი ცხოვრება ეძღვნებოდა ჩვენი ქვეყნის თავგადაკლულ და უანგარო სამსახურს. მე დავკარგე ჩემი ყველაზე ახლო მეგობარი, ყველაზე სანდო მრჩეველი, ყველაზე დიდი მოკავშირე.
ვახტანგ კომახიძე სტუდია „რეპორტიორი“
"ქიზიყის" მკითხველი ახალი ამბების გასაცნობად სხვა მისამართს უნდა ეწვიოს
ამიერიდან ეს გვერდი მუშაობას წყვეტს. ახალი ამბები შეგიძლიათ იხილოთ განახლებულ და გამარტივებულ ვებ-გვერდზე www.qiziyi.ge ამ გვერდზე, სადაც ახლა იმყოფებით, მხოლოდ აუდიო-რეპორტჟები და პროექტ „კვირის ბოლოს“ რადიოგადაცემების ჩანაწერები დაიდება. ტექსტური ამბების გასაცნობად კი ეწვიეთ ამ მისამართს. http://qiziyi.ge/
როგორც „ქიზიყის“ რედაქტორი ილია მარტყოფლიშვილი ამბობს, ახალ მისამართზე გაცილებით მეტი ინფორმაცია განთავსდება, ვიდრე აქამდე ხდებოდა. ინფორმაციების განახლების ინტენსივობა და ოპერატიულობაც გაუმჯობესდება. ძველ ვერსიაზე ამბები მხოლოდ იმ შემთხვევაში განახლდება, თუ ვებ-გვერდის ახალ ვერსიაზე ტექნიკური ხარვეზი შეიქმნება.
ასე რომ, აკრიფეთ ახალი მისამართი და გაიგეთ უფრო მეტი: http://qiziyi.ge/
ივანიშვილის პარტია დედოფლისწყაროელებს 2 ივნისს შეხვდება
ქართველი მეცენატის, ბიძინა ივანიშვილის კოალიცია „ქართული ოცნების“ მიერ 24 მაისს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან დაგეგმილი შეხვდრა გადაიდო. პარტიის ლიდერების შეხვედრა დედოფლისწყაროს კულტურის სახლის შენობაში ხუთშაბათს იგეგმებოდა.
როგორც კოალიცია „ქართული ოცნების“ დედოფლისწყაროს შტაბის ხელმძღვანელმა ალექსანდრე თამაზაშვილმა „ქიზიყს“ განუცხადა, შეხვედრა კულტურის სახლის დარბაზში 2 ივნისს გაიმართება. მისი თქმით, შეხვედრის გადადება თბილისში 27 მაისს დაგეგმილმა აქციამ განაპირობა.
ლექსო თამაზაშვილის განცხადებით, თავდაპირველად დედოფლისწყაროში დარბაზის დაქირავებაზე დაბრკოლება შეექმნათ, თუმცა საბოლოო ჯამში მუნიციპალიტეტის კულტურისა და სპორტის ცენტრმა ხელშეკრულების გაფორმებაზე თანხმობა განაცხადა:
„უარის შემთხვევაში სხვა ალტერნატიული ვარიანტებიც გვქონდა, თუმცა საბოლოო ჯამში დაგვთანხმდნენ. არ ვიცი რატომ, მაგრამ ფაქტია, რომ დარბაზი დაგვითმეს,“ - აცხადებს თამაზაშვილი.
დედოფლისწყაროს კულტურისა და სპორტის ცენტრის უფროსი ვანო შანშიაშვილი „ქიზიყთან“ საუბარში ადასტურებს, რომ 24 მაისისთვის კოალიციასთან ხელშეკრულება უკვე დადებულია. ის ამბობს, რომ დარბაზის დაქირავებნაზე ივანიშვილის პოლიტიკურ ჯგუფს მათი მხრიდან პრობლემა არ შექმნია.
„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები დედოფლისწყაროელებს შეხვედრაზე დასწრებისკენ მოუწოდებენ. /ქიზიყი/
გამოხმაურება მედიაში
ლევან ბაღაშვილმა ია სეხნიაშვილის დასაქმებასთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა
სასამართლომ დაკავებულ სამ არასრულწლოვანს განაჩენი გამოუტანა
დედოფლისწყაროს ცენტრში შადრევანისთვის 17 000 ლარი გამოიყო
"ლეიბორისტების" მტკიცებით, კირქვის საამქრო დედოფლისწყაროს მოსახლეობას სერიოზულ ზიანს აყენებს
თეთრაული ჟურნალისტ ილია მარტყოფლიშვილისგან მორალური ზიანის ანაზღაურების მიზნით 10 000 ლარს ითხოვს
პარ
კომპანია, რომელმაც დედოფლისწყაროს მრავალბინიანი კორპუსები გადახურა 110 719 ლარით დაჯარიმდა
გიული ალასანია ზემო მაჩხაანში ექსმინისტრ ჭიპაშვილის ოჯახში იმყოფებოდა
რისთვის ჩამოვიდა პრეზიდენტის დედა დედოფლისწყაროში და რატომ მიიყვანეს ნიკალას მუზეუმში შემოვლითი გზებით?!
სოფელი საქართველოში, სადაც 21-ე საუკუნე ჯერ არ დამდგარა და სადაც პრეზიდენტის დედამ ეს ვერ იგრძნო
სოფელი ზემო მაჩხაანი - არ გეგონოთ, რომ პატარა, უმნიშვნელო დასახლება იყოს. ძალიან დიდი სოფელია, სიღნაღიდან, სიყვარულისა და თანამედროვე სტანდარტების ქალაქიდან, სულ რამდენიმე კილომეტრში, სიმაღლით – მის დონეზე, მის მოპირდაპირე მთაზე შეფენილი, ნიკო ფიროსმანის დედის სოფელი (თავად ფიროსმანის მირზაანიც ამ სოფლის ფაქტობრივი გაგრძელებაა), მიხეილ ჯავახიშვილის დევნილობაში მყოფი ოჯახის თავშესაფარი, ნიკო ყიასაშვილის დაბადების ადგილი. თუმცა ამას რა მნიშვნელობა აქვს. სოფელში ხალხი ცხოვრობს, თანაც, ასობით, და ელექტროენერგიას ისინიც იმავე მიზნით მოიხმარენ, როგორც ჩვენ. დიახ, ცხადია, სოფელს ჰყავს გამგებელი, დეპუტატი – რაიონულ საკრებულოში, მაგრამ, როგორც ამ სოფლის მკვიდრები ამბობენ, ისინი ადგილობრივების პრობლემებით მხოლოდ წინასაარჩევნო პერიოდებში ინტერესდებიან. ჩვენ პირობა მივეცით ამ სოფლის მოსახლეობას, რომ დავიწყებთ ვრცელ ჟურნალისტურ მოკვლევას პრობლემების შესასწავლად. იქამდე კი შევასრულეთ მათი თხოვნა დ იმ მიზეზების გარკვევა ვცადეთ, რომელთა გამო ადამიანები 21-ე საუკუნეში უშუქოდ ატარებენ დღეებს. www.7days.ge
გაზეთი "ახალი 7 დღე" - იხილეთ სტატია ვრცლად>>
სტიქიით დაზარალებულთათვის გამგეობამ მხოლოდ 150 ათასი ლარი გაითვალისწინა
დედოფლისწყაროში სტიქიით მიყენებული ზარალის შემსწავლელი კომისიის თავმჯდომარე ალექსანდრე ალუღიშვილი ამბობს, რომ ბიუჯეტიდან 150 ათასი ლარი გამოიყოფა.
როგორც ინტერნეტ-გაზეთ ქიზიყს დედოფლისწყაროს გამგეობიდან აცნობეს, სპეციალურ კომისიაში მუნიციპალიტეტის ზედამხედველობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის თანამშრომლები, ასევე სოციალური სამსახურის უფროსი დავით ხიხაძე და მუნიციპალიტეტის გამგებელი ნუკრი შანშიაშვილი შედიან.
ქიზიყმა კომისიის თავმჯდომარისა და წევრების ვინაობა ორკვირიანი მცდელობის შემდეგ გაარკვია, მანამდე კომისიაზე საუბარს რატომღაც ყველა თავს არიდებდა.
დედოფლისწყაროს გამგეობის აპარატის უფროსი ნინო ჩოხელი ქიზიყთან საუბრისას აცხადებს, რომ კომისიის შექმნის თაობაზე ოფიციალური ბრძანება ჯერ არ დაწერილა, თუმცა კომისია სტიქიის დღიდანვე მუშაობს.
Комментариев нет:
Отправить комментарий