დედოფლისწყაროში უფასო კომპიუტერული კურსები მიმდინარე წლის თებერვლიდან ფუნქციონირებს, პროექტი სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისთვის არის განკუთვნილი და მას არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალი თაობა – ახალი იდეა“ ახორციელებს.
პროექტის ხელმძღვანელი თამარ ბაღაშვილი ამაყობს, რომ დედოფლისწყარომ ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს ბევრად გაუსწრო და პირველი რაიონი იყო, სადაც მსგავსი განათლების უფასო კურსები ფუნქციონირებს. უფრო მეტიც, ბაღაშვილი აღნიშნავს, რომ მისი ძალისხმევით 120 მოსწავლე უფასო განათლებას დედოფლისწყაროში ჯერ კიდევ 10 წლის წინ ეუფლებოდა, ეს კი მაშინ დაიწყეს, როცა კომპიუტერი სოფლებში ჯერ კიდევ უცხო ხილი იყო.
14 მაისს, დედოფლისწყაროს მოსწავლე ახალგაზრდობის სახლში კომპიუტერის შემსწავლელი კურსების პირველი ნაკადის გამოსაშვები საღამო გაიმართა.
ღონისძიებაზე მოსწავლეთა სამი ჯგუფი იყო წარმოდგენილი, რომლებიც სასურველი დღეების მიხედვით იყვნენ გადანაწილებულნი. ისინი სხვადასხვა საკითხებში ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს, მათ შორის კომპიუტერულ პროგრამებთან დაკავშირებული ვიქტორინაც გაიმართა, რომელსაც პედაგოგი და საღამოს წამყვანი მაყვალა მაძღარაშვილი წარადგენდა. კურსდამთავრებულებმა სათანადო ცოდნა გამოამჟღავნეს, რის შემდეგაც მოსწავლეებს სამახსოვრო საჩუქრებიც გადაეცათ. აღინიშნა, რომ სულ მალე ისინი კურსების გავლის შესაბამის მოწმობას მიიღებენ.
ღონისძიებას ესწრებოდნენ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები და არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალი თაობა – ახალი იდეა“-ს ხელმძღვანელი გიორგი პოპიაშვილი. მოსწავლეებს კურსის წარმატებით დასრულება მიულოცეს სკოლამდელი და სკოლისგარეშე სააღმზრდელო ცენტრის დირექტორმა მურად ოზაშვილმა და დედოფლისწყაროს საკრებულოს თავმჯდომრის მოადგილე ზაზა ფიროსმანაშვილმა.
სოციალურად დაუცველი მოქალაქეები „ქიზიყთან“ საუბარში აცხადებენ, რომ მათთვის კომპიუტერულ კურსებზე სიარული ეკონომიური სიდუხჭირის გამო წარმოუდგენელი იყო. მათი მრავალწლიანი ოცნების ასრულება კი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებისა და არასამთავრობო ორგანიზაციის ძალისხმებით მოხერხდა, რისთვისაც მათ მადლობას უხდიან.
როგორც იდეის ავტორები აცხადებენ, პროექტი მიმდინარე წლის ნოემბერში უნდა დასრულდეს. ის ათი თვის მანძილზე გაგრძელდება და სოციალურად დაუცველებით დაკომპლექტებული თითეული ჯგუფი სამთვიან კურსს გაივლის. ოფისი ახალი კომპიუტერული ტექნიკით და შესაბამისი კვალიფიკაციის პედაგოგებითაა აღჭურვილი. თამარ ბაღაშვილი კომპიუტერის შესწავლის მსურველ სოციალურად დაუცველი ოჯახების წევრებს კვლავაც ელის. /ქიზიყი/ მოისმინეთ აუდიო>>
Комментариев нет:
Отправить комментарий