
„ამ ხელისუფლების თავგამოდებული მხარდამჭერი ვარ, ოპოზიციასთან არანაირი შეხება არ მქონია. არ ვიცი, ჩემი მოშორება რატომ გადაწყვიტეს, ალბათ სადმე ვინმემ ისაუბრა ოპოზიციონერიაო. პირდაპირ რომ გავეფრთხილებინე - წადიო, სკოლიდან ჩემი ნებით წავიდოდი, გული იმაზე მეტკინა, რომ 22 წელი ერთგულად ვიმუშავე და ამ ფორმით გამიშვეს. პროვოკაცია დაგეგმეს ჩემს მოსაშორებლად,“ - განუცხადა „ქიზიყს“ ნეჟნა ჩუბინიძემ.
სკოლის დირექტორი ჯერ კიდევ თვენახევრის წინ ვარაუდობდა, რომ საჯარო სკოლის კანცელარიაში გაჩენილი ხანძარი მის წინააღმდეგ მიმართული პროვოკაცია იყო და ის დირექტორის მოსაცილებლად დაიგეგმა. ნეჟნა ჩუბინიძე ამბობს, რომ პროგნოზი გამართლდა და ის თანამდებობიდან სწორედ ამ ფაქტის გამო გაათავისუფლეს. მიუხედავად იმისა, რომ გამოძიება არ დასრულებულა და არც დამნაშავე გამოვლენილა, მას უფლებამოსილება უკვე შეუწყდა. ის თავს უსამართლობის მსხვერპლად მიიჩნევს.
„ერთადერთი შეფასება, რაც შეიძლება მომხდარს მიეცეს, - ეს იყო შანტაჟი! ცეცხლი შემთხვევით ვერ გაჩნდებოდა, რადგანაც ამ ოთახში ღუმელიც არ დგას. გამოძიებამ დაამტკიცა, დოკუმენტაციას დიზელის საწვავი ჰქონდა გადასხმული. ცეცხლის გაჩენის შემდეგ დერეფნის კარი საგულდაგულოდ ჩაკეტეს, რაც დამატებით ეჭვებს აღძრავს. ატყდა აჟიოტაჟი, ხომ არ გეგმავს ვინმე ჩემს გათავისუფლებას. შესაძლოა, მომხდარი მიზანმიმართულად ამას უკავშირდებოდეს, აშკარაა, ეს ფაქტი დირექტორს ურტყავს. დოკუმენტების მთლიანად განადგურება რომ სდომებოდათ, ხანძარს ღამით გააჩენდნენ, რადგან ასე მოხდა, მიჩნდება ეჭვი, რომ ეს ყველაფერი აჟიოტაჟის შესაქმნელად და დირექტორის საწინააღმდეგოდ დაიგეგმა, რასაც მიაღწიეს კიდეც... თუ უახლოეს მომავალში თანამდებობას დამატოვებინებენ, ეს ნიშნავს, რომ ეს ხანძრი გეგმის ნაწილი იყო და ცეცხლი განზრახ გააჩინეს,“ - ამ კომენტარს სკოლის დირექტორი ხანძრის გაჩენისთანავე აკეთებდა.
სოფელ ზემო მაჩხაანის საჯარო სკოლაში ხანძარი მიმდინარე წლის მარტში გაჩნდა. შს დედოფლისწყაროს პოლიციის სამმართველოში აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, გამოძიება ამ დრომდე მიმდინარეობს. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი
Комментариев нет:
Отправить комментарий