
როგორც სოფელ გამარჯვების ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული ელგუჯა წიკლაური "ქიზიყთან“ საუბრისას აცხადებს, სოფლის გაზიფიცირების სამუშაოების დიდი ნაწილი უკვე დასასრულს უახლოვდება და მაისის მეორე ნახევარში გამარჯვებელები ბუნებრივ აირს მიიღებენ. რწმუნებულის განმარტებით, ცისფერი ალის გარეშე მხოლოდ სოფლის ორი პატარა უბანი დარჩება, თუმცა ქსელში ჩართვა იქაც იგეგმება.
„ადგილობრივი მაცხოვრებლების ძირითადი მოთხოვნა გაზიფიცირების საკითხის მოგვარება იყო. საქმე იმაშია, რომ მაგისტრალის სამშენებლო სამუშაოები ჩვენს სოფელში წლების მანძილზე ჭიანურდებოდა და მოსახლეობის უკმაყოფილებისა და პროტესტის მიზეზი ხშირად ხდებოდა. ახლა კი, სამუშაოების დასრულება მოხერხდა და წლობით ნანატრ ბუნებრივი აირის სიკეთეს სოფელ გამარჯვების მაცხოვრებლებიც სულ მალე გამოცდიან,“ - აღნიშნავს სოფლის რწმუნებული.
როგორც „ქიზიყმა“ გაარკვია, ამ დრომდე ბუნებრივ აირს სოფელ გამარჯვების 20-მდე ოჯახი იღებდა. ადგილობრივების განმარტებით, ბუნებრივი აირი წელიწადნახევარია მხოლოდ სოფლის ცენტრალური უბნის მაცხოვრებლებს მიეწოდებათ. ამ ინფორმაციას ჩვენთან საუბარში სოფლის რწმუნებულ ელგუჯა წიკლაურიც ადასტურებს.
„მთელი სოფლის მასშტაბით მილების ჩაფენა უკვე დასრულებულია, „სოკარის“ სპეციალისტების მიერ შემოწმებაც ჩაუტარდა. ბოლო დროს მოსახლეობის თხოვნა მუდმივად ბუნებრივი აირით უზრუნველყოფას ეხებოდა. ეს პრობლემა ჩვენს სოფელში მწვავედ იდგა და მადლიანი საქმე გაკეთდა. ამჟამად მაგისტრალის გარეშე მხოლოდ ორი პატარა უბანი გვრჩება, სადაც სულ ათამდე ოჯახი ცხოვრობს. მათ საკითხზეც ვმსჯელობთ და ვფიქრობ, დარჩენილი ნაწილის დასრულებასაც მალე დაიწყებენ,“ - ამბობს რწმუნებული.
სოფლის მაცხოვრებლები განხორციელებულ სამუშაოებს დადებითად აფასებენ და ამბობენ, რომ მათთვის გაზიფიცირების საკითხი პრინციპულად მნიშვნელოვანია. სოფელში 1 700-მდე მოსახლე ცხოვრობს. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი
Комментариев нет:
Отправить комментарий