ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭომ ჟურნალისტ რომან ქევხიშვილის განცხადება არ დააკმაყოფილა და გადაწყვიტა, რომ „კახეთის საინფორმაციო ცენტრის“ (Ick.ge) ხელმძღვანელმა გელა მთივლიშვილმა ქარტიის მეათე პრინციპი არ დაარღვია. საქმე ეხება 28 იანვარს Ick.ge-ზე გამოქვეყნებულ მასალას „დედოფლისწყაროს გამგებელი თაფლობის თვის გასატარებლად დუბაიში იმყოფება“.
რომან ქევხიშვილის მოსაზრებით, ამ სტატიაში დარღვეული იყო ეთიკის ქარტიის მე-10 პრინციპი, სადაც ნათქვამია „ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს ადამიანის პირად ცხოვრებას და არ შეიჭრას პირად ცხოვრებაში, თუ არ არსებობს განსაკუთრებული საზოგადოებრივი ინტერესი“.
ქარტიის საბჭოს სხდომას არ დასწრებია არც განცხადების ავტორი და არც მოპასუხე მხარე. გელა მთივლიშვილმა საბჭოს წევრებს გამოუგზავნა შეპასუხების წერილი, სადაც ნათქვამია, რომ მასალის გამოქვეყნების მომენტში, 28 იანვარს, მას აღარ ეკავა რედაქტორის პოსტი „კახეთის საინფორმაციო ცენტრში“. მთივლიშვილის თქმით, ის რჩება მხოლოდ შპს „ცენტრი – იმედის“ დირექტორად, რომლის პროექტიცაა Ick.ge. მისივე განმარტებით, ის აღარ ერევა საინფორმაციო სამსახურის მუშაობაში. წერილს თან ახლავს გელა მთივლიშვილის მიერ 9 იანვარს გაცემული ბრძანება, Ick.ge-ს რედაქტორის თანამდებობაზე მანანა აშკარელიშვილის დანიშვნის შესახებ.
ამ ცვლილების შესახებ გელა მთივლიშვილს ქარტიის საბჭოსთვის არ უცნობებია იმ დროს, როდესაც რომან ქევხიშვილის განცხადება დასაშვებობის ეტაპს გადიოდა. რადგან ქარტიის სამი წევრის მიერ აღნიშნული განცხადება განსახილველად უკვე დაშვებული იყო, მსჯელობა გააგრძელეს და გადაწყვეტილებაც გამოიტანეს.
შეგახსენებთ, გამგებლის ქორწინებასთნ დაკავშირებით ინფორმაცია თავდაპირველად “ქიზიყმა” ექსკლუზიურად, ფოტოების თანხლებით გაავრცელა. /ქიზიყი/
Комментариев нет:
Отправить комментарий