
2011 წელს მე დავინიშნე კონსერვატიული პარტიის დედოფლისწყაროს რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელად, ამ პერიოდიდან აქტიურად ვეწეოდი პარტიულ მუშაობას, მანამდე, სანამ დედოფლისწყაროში „ქართული ოცნების“ რაიონული ოფისი გაიხსნებოდა. მოგეხსენებათ, ბიძინა ივანიშვილის „ქველმოქმედებით“ არაერთი პარტია აღფრთოვანდა, მივიდნენ, გაერთიანდნენ და ერთი მიზნისთვის დაიწყეს ბრძოლა. მათ შორის აღმოჩნდა საქართველოს კონსერვატიული პარტია, რომლის წევრიც მე გახლავართ. მეც და ჩემი თანაპარტიელებიც იმ შემართებით მივედით შტაბში, რომ ერთი მიზნისთვის ერთიანი ძალით დავიწყებდით ბრძოლას, რომელსაც სამართლიანი ქვეყნის მშენებლობა ჰქვია, მაგრამ... ჩვენდა სამწუხაროდ, იქ სხვა სურათი დაგვხვდა.
ოფისში მისვლისთანავე მეც და ჩემს თანაპარტიელებსაც „ქართული ოცნების“ რაიონული შტაბის ხელმძღვანელობა უნდობლად შეგვხვდა, ცოტა ხანში დაიწყო ჩვენი უფლებების შეზღუდვა, ბოლოს კი შტაბის უფროსმა ლექსო თამაზაშვილმა მთხოვა, დროებით თავი შემეკავებინა ოფისში მისვლისგან. უკვე ერთი თვეა სახლში ვარ და ჩემი პარტიული მუშაობა ფაქტობრივად პარალიზებულია.
ეს ყველაფერი კი იმიტომ ხდება, რომ „ქართული ოცნების“ დედოფლისწყაროს ოფისში ყველაფერი ნათესაობითა და მეგობრობით წყდება. „ვინც შენი ნათესავი არაა, ის შენი მტერიაო“ - ასეთი პრინციპით ხელმძღვანელობენ დედოფლისწყაროს „ქართულ ოცნებაში“. აქ არც გამოცდილება ჭრის, არც განათლება, არც ერუდიცია და არც პატრიოტიზმი. მხოლოდ ნათესაური კლანი!
დასაწყისშივე რა მაგალითს აძლევენ ხალხს, ამით უნდათ ხალხის ნდობის მოპოვება? ისინი თავიანთი საქციელით ამტკიცებენ, რომ არაფრით ჩამოუვარდებიან მოქმედ ხელისუფლებას, სადაც ტოტალური ნეპოტიზმია გამეფებული. კახეთის რეგიონალური თუ დედოფლისწყაროს ადგილობრივი თავისუფალი მედია-საშუალებები არაერთხელ წერდნენ იმის შესახებ, რომ დედოფლისწყაროს საჯარო სამსახურებში დასაქმება მხოლოდ ნათესაობით და ნათელმირონობით ხდება. რა ხდება „ქართულ ოცნებაში“? ნუთუ წყალი აქაც სათავიდანვე იმღვრევა და ჩვენნაირი, უპატრონო ადამიანების ადგილი ოპოზიციაშიც აღარ არის?!
ნანა კოკილაშვილი, კონსერვატიული პარტიის დედოფლისწყაროს ორგანიზაციის თავმჯდომარე.
24.05.2012
Комментариев нет:
Отправить комментарий