განსაკუთრებული ზიანი მიადგა სოფელ გამარჯვების მაცხოვრებლებს. სეტყვამ დედოფლისწყაროს 7 სოფელში ენერგომომარაგების შეზღუდვაც გამოიწვია. ამ დრომდე ელექტროენერგიის გარეშე რჩება სოფლები გამარჯვება, ზემო მაჩხაანი, არბოშიკი, მირზაანი, ხორნაბუჯი, წითელწყარო და ჭოეთი.
სოფელ გამარჯვების მაცხოვრებლები აცხადებენ, რომ მათ ვენახი, ნათესები და ხილი გაუფუჭდათ, მათივე ინფორმაციით დაიტბორა რამდენიმე საცხოვრებელი სახლიც.
სოფელ გამარჯვების ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული ელგუჯა წიკლაური ადასტურებს, რომ სეტყვამ მცენარეები გაანადგურა და ენერგომომარაგების შეზღუდვა გამოიწვია, თუმცა სოფლის რწმუნებულს სახლების დატბორვასთან დაკავშირებით არაფერი სმენია.
როგორც კახეთის ენერგოდისტრიბუციის დედოფლისწყაროს სერვისცენტრის მენეჯერმა ვლადიმერ მოსულიშვილმა „ქიზიყს“ განუცხადა დაზიანებების აღმოსაფხვრელად მობილური ჯგუფი მუშაობს და სოფლებს ელექტროენერგიის მიწოდება უახლოეს საათებში აღუდგება.
„ჩვენი სპეციალისტები დაზიანების ადგილებს ეძებენ და აღმოჩენისთანავე მაქსიმალურად მოკლე ვადებში მოხდება ამ სოფლებისთვის ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენა,“ - განუცხადა „ქიზიყს“ სს „კახეთის ენერგოდისტრიბუციის“ მედიასთან ურთიერთობის მენეჯერმა ჟანა დიდებაშვილმა.
უამინდობის მიუხედავად, სხვა დღეებისგან განსხვავებით, ქალაქ დედოფლისწყაროში ელექტროენერგიის მიწოდება არ შეწყვეტილა. ზუსტი ზარალის ოდენობა ამ ეტაპზე ცნობილი არ არის. /ქიზიყი/
მოისმინეთ ილია მარტყოფლიშვილის აუდიო რეპორტაჟი>>
Комментариев нет:
Отправить комментарий