
„გიორგობისთვის, ჰერეთში ვიყავი. მეუფემ ქადაგება რომ დაამთავრა და კახის წმინდა გიორგის ეკლესიის ეზოში გამოვიდა, მივესალმე, გიორგობა მივულოცე, ვუთხარი, რომ ვიყავი კახეთის საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტი და მისგან კომენტარი მინდოდა. გისმენო, მითხრა მეუფემ. მეც ვკითხე, ალიბეგლოს ეკლესიაში მოძღვარი როდის დაინიშნება მეთქი. ამ კითხვას მოჰყვა მისი გაღიზიანება“, - აღნიშნავს ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი.
- თქვენთან საუბარი აღარ მსურს. დავამთავრე თქვენთან საუბარი.
-რატომ?
- არ გადაიღო! ...რა და პროვოკატორია ვიღაცა (უთხრა მეუფემ მის გვერდზე მყოფ მამაკაცს)
- რა ვარ?
- პროვოკატორი.
- რატომ ვარ პროვოკატორი?
- აბა რა გინდათ, როდის იქნება, როდის ეყოლება, არ არის თქვენი გადასაწყვეტი ეგ, და ალიბეგლოს მოძღვარი, ეს არ არის თქვენი გადასაწყვეტი, გასაგებია? ვეძებთ კანდიდატს და დაინიშნება მალე. ....იწერს ახლა ეს. ხო იწერ, ხო იწერ? ...
- ...რას ვავრცელებთ?
- ქოთოქლოში აშენებთო და არ ვაშენებეთ იქ ჩვენ არაფერს, ტაძარი არის.
- ქოთოქლოში ეკლესიის მშენებლობასთან დაკავშირებით ჩვენ არაფერი გაგვირცელებია.
- გავრცელებულია ინფორმაცია თქვენგან, კახეთიდან.
- არასწორი ინფორმაცია ჩვენ არ გაგვივრცელებია.
- თქვენი გავრცელებულია.
- არ გამივრცელებია და რანაირად აბა?
- ეს ეხლა ნორმალურია? სიფრთხილეა აქ საჭირო, გესმით თქვენ? თქვენთვის არ ნიშნავს ესე იგი ეს არაფერს, ჰერეთი, ჩვენთვის ძალიან ბევრს ნიშნავს და სიფრთხილეა საჭირო აქ. გასაგებია? წავედით, წავედით. ასე არ შეიძლება. რომ შეპირდით ალიბეგლოს მოსახლეობას, რატო არ არის მოძღვარი, რა თქვენი გადასაწყვეტია?“...
სინამდვილეში, კახეთის საინფორმაციო ცენტრს, ჰერეთში, სოფელ ქოთოქლოში, ეკლესიის მშენებლობასთან დაკავშირებით არანაირი ინფორმაცია არ გაუვრცელებია. ეპარქიის წარმომადგენლებს შეუძლიათ დარწმუნდნენ ამაში - ძებნის სისტემაში ჩაწერონ სიტყვა ქოთოქლო და შედეგი აჩვენებს, რომ არაფერი არ იძებნება.
კახის რაიონის სოფელ ალიბეგლოში წმინდა ნინოს სახელობის ეკლესია 2011 წლის 1-ელ ივნისს გაიხსნა. მაშინ ეპისკოპოსი ალიბეგლოს მოსახლეობას დაპირდა, რომ ეს იქნებოდა მეორე მოქმედი ეკლესია საინგილოში. „აქამდე მხოლოდ ერთი, კახინგილოს წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია იყო მოქმედი, ახლა კი უკვე მეორეც იქნება. ალიბეგლოს მოსახლეობა ძალიან გახარებულია. ისტორიულ ჰერეთში არის პრობლემები, მრევლი შემცირებულია და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ქართველებს მხარში დავუდგეთ“, - განაცხადა მეუფე მელქისედეკმა. ალობეგლოში მცხოვრები ჰერების თხოვნის მიუხედავად, ეკლესიაში მოძღვარის დანიშვნა ამ დრომდე ვერ მოხერხდა.
2011 წლის აგვისტოში, საინგილოდან მამა ბასილიც გამოაძევეს. მამა ბასილი კახის წმინდა გიორგის ეკლესიაში მსახურობდა. გამოძევებამდე კახის რაიონის უშიშროების სამსახურის თანამშრომლებმა მოძღვარს ეკლესიის ეზოს კეთილმოწყობა და ტაძრის ფასადის შეთეთრებაც აუკრძალეს, სამუშაოების წარმოების დროს კი მორჩილები ხარაჩოებიდან ჩამოყარეს. მამა ბასილზე ზეწოლის შესახებ კახეთის საინფორმაციო ცენტრმა ინფორმაცია, ვიდეომასალასთან ერთად, მანამდეც არაერთხელ გაავრცელა. კახეთის საინფორმაციო ცენტრთან საუბარში ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპისკოპოსი მელქისედეკი აზერბაიჯანის მხრიდან მოძღვარის შევიწროვების ფაქტს უარყოფდა. მოგვიანებით, პატრიარქის კურთხევით მამა ბასილი გადაყვანილ იქნა თბილისში, კახში კი მამა დემეტრე გაგზავნეს.
მელქისედეკი (ერისკაცობაში – არკადი ხაჩიძე) ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპარქიის მმართველად 2009 წლის 3 მაისს დაინიშნა. დამთავრებული აქვს თბილისის სასულიერო სემინარია. 1998-2003 წლებში სწავლობდა ათენის უნივერსიტეტის საღვთისმეტყველო ფაკულტეტზე; 2004 წლის 3 აპრილს მოხდა მისი დიაკვნად ხელდასმა; 2006 წლის 31 აგვისტოს ბერად აღიკვეცა; 2008 წლის 21 დეკემბერს არქიმანდრიტის წოდება მიიღო. ექვემდებარება დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი და ისტორიული ჰერეთი (საინგილო).
ნინო კორაშვილი | კახეთის საინფორმაციო ცენტრი
ვიდეოჩანაწერი
Комментариев нет:
Отправить комментарий