როგორც ინტერნეტგაზეთმა „ქიზიყმა“ გაარკვია, სკოლის ახლანდელი შენობის აგებამდე სოფლის სკოლა იმავე ეზოში მდებარე ძველ შენობაში იყო განთავსებული. ამჟამად შენობა უფუნქციოდაა დარჩენილი და დემონტაჟს საჭიროებს. უამინდობა კი საფრთხის ალბათობას ყოველდღიურად ზრდის.
„შიში გვაქვს, რომ ბავშვები ამ შენობაში არ შევიდნენ და მოულოდნელად ტრაგედია არ განმეორდეს. მოგეხსენებათ, რამდენიმე თვის წინ, თელავის ერთ-ერთ სკოლაში ძველი შენობის ჩამონგრევას მოზარდის გარდაცვალება მოჰყვა. ამის გამო დასვენებაზეც არ ვაძლევთ ბავშვებს უფლებას, რომ ეზოში თავისუფლად ითმაშონ. შესვენების დროსაც ვერ ვტოვებთ უყურადღებოდ და სპეციალურად ვმორიგეობთ. გაასმაგებული მეთვალყურეობა გვაქვს, მაგრამ ყველაფერი ხდება, ბავშვს ვერ დააკავებ. რაც სკოლის ახალი შენობა აშენდა, მას შემდეგ ეს ასე უფუნქციოდ დარჩა. წინა მხარე სულ ჩამოშლილია, კედლები გარღვეულია“, - განუცხადა „ქიზიყს“ სკოლის პედაგოგმა ნაირა ყოჩიაშვილმა.
მირზაანის სკოლაში განმარტავენ, რომ სახიფათო შენობის დემონტაჟის ნებართვის თაობაზე მათ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში უკვე გაგზავნეს სპეციალური წერილი, რომელშიც მინისტრ დიმიტრი შაშკინს პრევენციული ღონისძიებების დაუყოვნებლივ გატარებას სთხოვენ.
სკოლამ ფუნქციონირება 2011 წლის სექტემბრიდან განაახლა. სოფელ მირზაანის სკოლას დამოუკიდებელი სტატუსი არ აქვს, ის სოფელ ზემო მაჩხაანის საჯარო სკოლის დაქვემდებარებაში რჩება. სკოლის დახურვა მირზაანში მიგრაციის დაწყების მთავარ მიზეზად იქცა. ამ წუთისთვის სკოლაში 27 მოსწავლე ირიცხება. სკოლის გახსნამდე მირზაანში მცხოვრებ ახალგაზრდებს განათლების მისაღებად ყოველდღიურად მეზობელი სოფლის, ზემო მაჩხაანის საჯარო სკოლაში სიარული და კილომეტრების გავლა უწევდათ. სოფლის მოზარდების ნაწილი ისევ ზემო მაჩხაანის სკოლაში ირიცხება.
2006 წელს სოფელ მირზაანის საჯარო სკოლა ოპტიმიზაციის პროგრამის შედეგად დაიხურა და სოფელ ზემო მაჩხაანის სკოლას შეუერთდა. ამჯერად, სკოლის აღდგენის შემთხვევაშიც მირზაანის სკოლა კვლავაც ზემო მაჩხაანის სკოლის დაქვემდებარებაში დარჩება, თუმცა, სასწავლო პროცესი სოფელ მირზაანში წარიმართება. თავის დროზე, მირზაანში სკოლის გაუქმების ერთ-ერთ მიზეზად მოსწავლეთა კონტიგენტის სიმცირე დასახელდა, თუმცა ამჯერად კონტიგენტის სიმცირის პირობებში სკოლის აღდგენის აუცილებლობა ისევ წარმოიშვა.
ადგილობრივმა მოსახლეობამ სკოლის აღდგენის მოთხოვნით საპროტესტო აქციები რამდენჯერმე გამართა, წერილობითი მოთხოვნა არაერთ უწყებაში გაიგზავნა, თუმცა უშედეგოდ. სოფლის მაცხოვრებლები აცხადებენ, რომ ნიკო ფიროსმანის მშობლიურ სოფელში სკოლის არარსებობამ მირზაანი დაცლის საფრთხის წინაშე დააყენა. სკოლის გაუქმების შემდეგ, სოფელი არაერთმა ოჯახმა დატოვა. ნაწილი საცხოვრებლად დედაქალაქში გადავიდა, ზოგმაც სხვა გამოსავალი მოძებნა. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი
მოისმინეთ აუდიო>>
Комментариев нет:
Отправить комментарий