როგორც დედოფლისწყაროს გამგეობის საფინანსო სამსახურის შესყიდვების განყოფილების უფროსმა ალექსანდრე ჯიბღშვილმა „ქიზიყს“ განუცხადა, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ მემორიალის აგება წინასწარ გათვალისწინებულ თანხაზე კიდევ უფრო ნაკლები ხარჯით ითავა, საბოლოო ჯამში შპს „კამარა“ სამუშაოებისთვის 8 270 ლარს მიიღებს.
თავდადებულთა მოედნის ტერიტორიაზე მოწყობილ მემორიალური დაფაზე მათი სახელების უკვდავსაყოფად ამოიტვიფრა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტიდან გაწვეული, რუსეთის აგრესიას შეწირული 12 გარდაცვლილი მოქალაქის სახელი და გვარი. ადგილი, სადაც მემორიალი გაიხსნება, ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიის წინამძღოლმა დეკანოზმა ნიკოლოზ ლომსაძემ აკურთხა.
მემორიალის გახსნა 26 მაისისთვის იგეგმებოდა, თუმცა ქვეყანაში დაგიგმილი სხვა მასშტაბური ღონისძიებების გამო ცერემონიამ ოდნავ გადაიწია. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომრის მოადგილის ზაზა ფიროსმანაშვილის განმარტებით, დედოფლისწყაროში მემორიალი უახლოეს დღეებში გაიხსნება.
როგორც ცნობილია, მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ორგანოში საუკეთესო ნამუშევრის გამოსავლენად შექმნილი იყო სპეციალური კომისია. კონკურსისთვის ხუთი მონაწილის შვიდი ესკიზი განიხილეს, საიდანაც ყველაზე მეტი მხარდაჭერა ინტერნეტ და სხვა სახის გამოკითხვების შედეგად ამ ნამუშევარმა დაიმსახურა.
კომისიამ წარმოდგენილ შვიდ ესკიზს შორის საუკეთესოდ ვასილ ნასიბოვის ნამუშევარი დაასახელა, ხოლო გასული წლის 28 ნოემბერს გამართულ სხდომაზე საკრებულომ დედოფლისწყაროში თავდადებულთა მოედანზე მამულისათვის თავდადებულ გმირთა მემორიალის გამარჯვებული ესკიზის ავტორი ვასილ ნასიძე 1 000 ლარით დააჯილდოვა.
სამად გატეხილი საბრძოლო ფარი სიმბოლურად ასახავს რუსეთის მიერ ოკუპირებულ და დანაწევრებულ საქართველოს. მარჯვნივ – გატეხილი ხმალი, როგორც საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპული მებრძოლების სიმბოლო. მარცხნივ – გაუტეხავი ხმალი, როგორც გაუტეხავი მებრძოლი სულის სიმბოლო. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი
Комментариев нет:
Отправить комментарий