როგორც „ქიზიყმა“ გაარკვია, ის დედოფლისწყაროს საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომრის დავით ბუჩუკურის მეუღლეა. ციმაკურიძე მანამდე ერთი წლის განმავლობაში დედოფლისწყაროს საგანმანათლებლო რესურსცენტრში უფროს სპეციალისტად მუშაობდა, ხოლო 1996-2007 წლებში საქართველოს კონტროლის პალატაში მოღვაწეობდა.
ეკატერინე ციმაკურიძე 1974 წლის 19 დეკემბერს დაიბადა ქ. თბილისში, დაამთავრა თბილისის 126-ე საშუალო სკოლა, 1996 წელს – თსუ ფილოლოგიის ფაკულტეტი, ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალობით.
ახალი ხელმძღვანელი თვლის, რომ მმბ საკმაოდ სრულყოფილი სტრუქტურული ერთეულია. უახლოეს მომავალში იგეგმება ინფორმაციის გაცვლის სისტემის დახვეწა, რაც ინტერნეტ-მომსახურების გაუმჯობესებას ითვალისწინებს.
ეს თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ იყო, რაც მისმა წინამორბედმა თეა ლეკაშვილმა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელ ნიკოლოზ შანშიაშვილზე მიმდინარე წლის 27 იანვარს იქორწინა. ამჯერად, ლეკაშვილმა და ციმაკურიძემ თანამდებობები გაცვალეს. გამგებლის მეუღლე მუშაობას საგანმანათლებლო რესურსცენტრში აგრძელებს. ამას გარდა, "ქიზიყის“ ინფორმაციით, თეა ლეკაშვილი მუშაობას არასამთავრობო სექტორშიც განაგრძობს. ის კავშირ „ახალ სიტყვა – ახალი ინიციატივა“–ს ხელმძღვანელია. ორგანიზაცია დონორების ფინანსური დახმარებით საგანმანათლებლო სფეროში მუშაობს. ლეკაშვილი მანამდე გამგებლის თანაშემწედ და გამგეობის აპარატის არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობის კოორდინატორად მუშაობდა.
საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის 62–ე მუხლის მიხედვით, არ შეიძლება საჯარო მოხელეს დაეკისროს სამსახურებრივი ზედამხედველობა იმ ორგანიზაციებისადმი, რომელთა ხელმძღვანელ ორგანოებში საქმიანობენ მისი ოჯახის წევრები. ასევე, სახელმწიფო მოსამსახურე არ უნდა იღებდეს შემოსავალს იმ ორგანიზაციებიდან, რომლებსაც სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულების წესით უწევს ზედამხედველობას.
ცნობისათვის, ერთი ფანჯრის პრინციპით შექმნილი მოქალაქეთა მომსახურების ბიურო დედოფლისწყაროში 2011 წლის 27 იანვარს გაიხსნა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) დაფინანსებით თანამედროვე სტანდარტებით აღიჭურვა. პროექტი „ადგილობრივი თვითმმართველობის ხელშეწყობა სამხრეთ კავკასიაში“ ფარგლებში განხორციელდა. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი
Комментариев нет:
Отправить комментарий