
ამ საკითხის ირგვლივ, სასამართლო უწყებაში კონკრეტულ განაჩენზე ჟურნალისტებთან საუბარი არ ისურვეს. მოსამართლის თანაშემწეებმა და კანცელარიის უფროსმა "ქიზიყს" განუცხადეს, რომ სასამართლო გადაწყვეტილების შესახებ პასუხს წერილობითი ფორმით გაგვცემდნენ და მათ პოზიციას მხოლოდ წერილის ჩაბარებიდან 10 დღის შემდეგ მივიღებდით.
ამგვარი პასუხების მიღების შემდეგ "ქიზიყმა" დეტალების დაზუსტება სხვადასხვა წყაროებთან სცადა. როგორც "ქიზიყს" საფინანსო პოლიციის პრეს-სპიკერმა ნინო ჩუტკერაშვილმა განუცხადა, ყოჩიაშვილს სისხლის სამართლის 182-ე და 341-ე მუხლები წაუყენეს, რაც სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებას, თანამდებობის ბოროტად გამოყენებას და დოკუმენტების გაყალბებას გულისხმობს. ჩუტკერაშვილი სასამართლო გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაციას არ ფლობს და აცხადებს, რომ ეს უკვე მათ კომპეტენციაში აღარ შედის და ამიტომაც შედეგით აღარ დაინტერესებულან.
დედოფლისწყაროს დასუფთავების სამსახური ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება. შპს "სერვისი 2007"-ის თანამშრომლები "ქიზიყთან" საუბარში არ მალავენ, რომ კორუფციულ გარიგებებს ადგილი ინტენსიურად ჰქონდა:
,,ჩვენ უფროსს ვაფრთხილებდით, რომ ეს კანონდარღვევა იყო, მაგრამ ყურს არ გვიგდებდა. ვხვდებოდით, რომ ხელს ისეთ რაღაცეებზე ვაწერდით, რაც დაუშვებელი იყო. მეორე მხრივ, ზურას ვერ გავამტყუვნებთ. რასაც ზემოდან ავალებდნენ იმას აკეთებდა. ჩვენ ფინანსურ პოლიციასთან ვითანამშრომლეთ, რადგან იძულებით გვაწერინებდნენ ხელს საბუთებზე. ბუღალტერმაც გამოძიებასთან ყველა დარღვევაზე ღიად ისაუბრა და ისიც ჩივილს გეგმავს. ჩვენმა ბუღალტერმა ბევრი სკანდალური რამ იცის და არაფერი დაუმალავს, ყველაფერი გაამხილა," - აცხადებენ დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები.
საფინანსო პოლიცია დედოფლისწყაროს დასუფთავების სამსახურში არსებული დარღვევების შესწავლას ყოჩიაშვილის დაკავებამდე 3 თვით ადრე აწარმოებდა.
„ქიზიყის“ ინფორმაციით, საფინანსო პოლიცია აღნიშნული სამსახურში ჯერ კიდევ სამი თვის წინ შევიდა. შპს „სერვისი 2007“–ის თანამშრომლები იმხაქნად, პირად საუბრებშიც ადასტურებენ, რომ შტატები მნიშვნელოვნად იყო გაბერილია. ,,რეალურად 20 კაცი ვმუშაობთ, არადა 70 ადამიანი იღებს ხელფასს. უმრავლესობა სამსახურში მხოლოდ ხელფასის ასაღებად ჩნდება,“ – აცხადებდნენ დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები.
შეგახსენებთ, ხელმძღვანელის დაკავებამდე ორი თვით ადრე პროტესტის ნიშნად მეეზოვეებმა დედოფლისწყაროში ცოცხები დაყარეს და ქალაქის დასუფთავებაზე დროებით უარი თქვეს.
ზურაბ ყოჩიაშვილი მანამდე ლეიბორისტული პარტიის დედოფლისწყაროს ორგანიზაციის წევრი გახლდათ, მისი მეუღლე ამჟამად დედოფლისწყაროს გამგეობის ადმინისტრაციის უფროსია. /ქიზიყი/
Комментариев нет:
Отправить комментарий