როგორც საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდული სამინისტროს პრეს–ცენტრიდან „ქიზიყს“ აცნობეს, საქართველოს ჩემპიონატზე სამბოში დედოფლისწყაროელი სპორტსმენები მიხეილ ნარიმანიძე და ლევან წიკლაური მესამე ადგილებზე გავიდნენ.
82 კილოგრამის ფავორიტმა და ნაკრების წევრმა ფოთელმა ნიკოლოზ კუციამ ფინალისკენ მიმავალ გზაზე საგარეჯოელი იაგო მესტვირიშვილი, ტყიბულელი ვლადიმერ სოფრომაძე, ქუთაისელი ლაშა გუმბერიძე და ახმეტელი ვახტანგ სარაჯიშვილი ჩამოიცილა. ფინალში კი ჭიათურელ ხვიჩა ხუციშვილს სძლია და წლეულსაც ოქროს მედალს დაეუფლა.
82 კილოგრამში, მაყურებელთა უმრავლესობა ფინალში ფოთელი ნიკო კუციასა და დედოფლისწყაროს სახელით მოჭიდავე ლევან წიკლაურის დაჭიდებას ელოდა, მაგრამ წიკლაურს ნახევარფინალში, ბოლო წამებზე შესრულებული გდებით ხვიჩა ხუციშვილმა (ჭიათურა) მოუგო. ფინალში კი წიკლაურმა კუციას ძლევა ვეღარ შეძლო და წილად მესამე ადგილი ხვდა.
100 კგ-წონითი კატეგორიაში საუკეთესოდ ჭიდაობდა დედოფლისწყაროელი 20 წლის მიხეილ ნარიმანიძე, რომელიც ახალგაზრდებში საქართველოსა და ევროპის ჩემპიონია. უფროსებში კი ნარიმანიძე პირველად გამოდიოდა. მან პირველივე შეხვედრაში გაიმარჯვა ქუთაისელ ბენიძესთან, მაგრამ შემდეგ მცირე ტრავმა მიიღო და რადგანაც ნოემბერში ახალგაზრდებს შორის მსოფლიოს ჩემპიონატზე აქვს საასპარეზო, ჭიდაობის გაგრძელება ამიტომაც აღარ გარისკა. ნარიმანიძე შეჯიბრებას გამოეთიშა და მესამე საპრიზო ადგილს დასჯერდა.
„პირველ რიგში ჩემპიონატის მონაწილეების რაოდენობაა ხაზგასასმელი, 172 სპორტსმენს ერთად სამბოში კარგა ხანია არ უასპარეზია. რაოდენობასთან ერთად ხარისხმაც იმატა და ქუთაისში ძალიან ძლიერმა სპორტსმენებმა მოიყარეს თავი. სამბოში თითქმის ყველა პირველი ნომერი გამოცხადდა და მათ ძიუდოდანაც დაემატნენ ბიჭები, რომლებიც თავიანთ სახეობაში ფავორიტები არიან,“ – განაცხადა სამბოს ფედერაციის პრეზიდენტმა თემურ გიორგაძემ.
სამბოს ფედერაციის ხელმძღვანელობამ საქართველოს პირველობაზე მონაწილეობის მსურველებს თავიდანვე აცნობა, რომ 10-14 ნოემბერს, ვილნიუსში ჩასატარებელ მსოფლიოს ჩემპიონატზე გასამგზავრებელთა შემადგენლობა ქუთაისში გაჩემპიონებული სპორტსმენებით დაკომპლექტდებოდა. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი
Комментариев нет:
Отправить комментарий