
კონცერტი კვირას 18:00 საათისთვის იყო დაგეგმილი, თუმცა კონცერტამდე 1 საათი იყო დარჩენილი, კულტურის სახლი კი კვლავაც დაკეტილი იყო და არავინ ჩანდა. ცხადი იყო, რომ პროდიუსერი ბექა ხალათაშვილი „ქიზიყთან“ საუბარში კონცერტის ჩავარდნის ფაქტს მალავდა.
ინფორმაციის გადამოწმება დედოფლისწყაროს გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის და ძეგლთა დაცვის სამსახურის უფროსთან გიორგი ყოჩიაშვილთან ვცადეთ. მან დაადასტურა, რომ კონცერტი არ ჩატარდებოდა.
„არა, 9 ოქტომბერს ამონაშვილის კონცერტი აღარ გაიმართება... ორგანიზატორები დედოფლისწყაროში კონსულტაციებისთვის რომ ჩამოვიდნენ, 500 ბილეთის გაყიდვაზე იყო საუბარი, რასაც ჩვენი დარბაზი ვერ იტევს... ეს ფაქტიც არასასურველი იყო მათთვის... ამას გარდა, ჩვენ ორგანიზატორებს ავუხსენით, რომ 5 ლარის ღირებულების ბილეთების გაყიდვა ამდენი ოდენობით, ცოტა გაჭირდებოდა, რადგან ფასი ხალხისთვის ხელმისაწვდომი არ იქნებოდა და მოსახლეობას უჭირს. მას შემდეგ აღარ შემოგვხმიანებიან და ჩავთვალეთ, რომ მათთის პირობები მისაღები არ იყო... ვერ გეტყვით, რატომ აღარ დაგვიკავშირდნენ. არც ის ვიცი, გადაიდო თუ არა, ან როდის დაგეგმავენ. ამ ეტაპზე საქმის კურსში არ ვარ და თუ ამონაშვილის კონცერტი დაიგეგმა, ალბათ უახლოეს დღეებში ინფორმაცია მექნება,“ – აცხადებს გიორგი ყოჩიაშვილი.
მას შემდეგ რაც კულტურის სამსახურმა კონცერტის აღარ გამართვის თაობაზე ინფორმაცია ოფიციალურად დაადასტურა, „ქიზიყი“ კვლავაც პროდიუსერს დაუკავშირდა. ამჯერად პროდიუსერმა კონცერტის გადადება დაადასტურა, თუმცა მიზეზად არა ბილეთების საკითხი, არამედ მომღერლის მოუცლელობა დაასახელა:
„თამუნას პირადი საქმეები გამოუჩნდა. ამ დღეებში ტელეკომპანია „რუსთავი 2“–ზე გადაცემა პროფილში და „იმედზე“ ნოდარიკო მელაძის ახალ თოქ–შოუში აქვს ჩაწერები და ამიტომ ვეღარ მოახერხებდა კონცერტების გამართვას. მიზეზი არის მომღერლის მოუცლელობა, სხვა მიზეზი არ არის... არა, დედოფლისწყაროში კონცერტი ჩაშლით ნამდვილად არ ჩაიშლება. სავარაუდოდ, 17 ოქტომბერს გესტუმრებით და კონცერტი 18:00 საათზე აუცილებლად გაიმართება,“ – აცხადებს ბექა ხალათაშვილი.
შესაძლოა, 17 ოქტომბერს დედოფლისწყაროში ამონაშვილის სოლო–კონცერტი მართლაც შედგეს, მაგრამ ფაქტია, რომ პროდიუსერის მხრიდან კონცერტის გადადების თაობაზე ინფორმაციის დამალვა და ორიოდ საათში საპირისპიროს მტკიცება, ცალკეული პრობლემების არსებობაზე აშკარად მეტყველებს. /ქიზიყი/
Комментариев нет:
Отправить комментарий