21 ოქტომბერს, ანზორ მაძღარაშვილმა კახეთის საინფორმაციო ცენტრთან საუბარში განაცხადა, რომ საქართველო ფიროსმანის ღირსი არ არის.
„რამდენიმე წელია ფიროსმანის სახლ-მუზეუმთან მისასვლელი გზა დაზიანებულია. მუზეუმში შემოვლითი გზით დავდივართ, ტურისტები კი აღარ მოდიან. ფიროსმანი ერთლარიანზე იყო გამოსახული და ისიც კი ამოიღეს ხმარებიდან. საქართველო ფიროსმანის ღირსი არ არის“, - აღნიშნა ანზორ მაძღარაშვილმა.
დაზუსტებული ინფორმაციით, ადგილობრივ ხელისუფლებას ფიროსმანობისთვის, რომელიც 22 ოქტომბერს აღინიშნა, დედოფლისწყაროს საპატიო მოქალაქის სტატუსი ხუთი ადამიანისთვის უნდა მიენიჭებინა. 21 ოქტომბერს, საღამოს, ანზორ მაძღარაშვილი სიიდან ამოიღეს, დანარჩენი ოთხი კი საპატიო მოქალაქეებად გამოაცხადეს.
„მე არც ვიცოდი თუ სიიდან ამომიღეს და გულიც არ დამწყდება. რა პრობლემაა? რად მინდა საპატიო მოქალაქეობის მონიჭება, ისედაც მირზაანში ვცხოვრობ. დიდი მადლობა თქვენ, რომ კომენტარი გამომიქვეყნეთ და ძალიან კარგიც არის, თუ ვინმეს გულზე მოხვდა. მე ტყუილი არ მითქვამს. განა ლარიანი, რომელზეც ფიროსმანის პორტრეტი იყო გამოსახული, ხმარებიდან უნდა ამოეღოთ? კარგია თუ მართლა ამომიღეს იმ სიიდან“, - განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს ანზორ მაძღარაშვილმა.
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელი ნიკოლოზ შანშიაშვილი ანზორ მაძღარაშვილის სიიდან ამოღების ფაქტს „არ ადასტურებს“. „მაქსიმუმ 5 პიროვნება უნდა დაგვეჯილდოვებინა და აქედან მხოლოდ 4 შეირჩა. ანზორ მაძღარაშვილი სიიდან არ ამოგვიღია“, - აღნიშნა გამგებელმა.
დედოფლისწყაროს საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭათ ქირურგ ბელა გოგიბერიძეს, GiZ პროექტის ხელმძღვანელს დიტერ მიულერს, მოჭიდავე ანზორ მარტყოფლიშვილს და PSP-ს სააფთიაქო ქსელის უფროსს გოჩა გოგილაშვილს. /ick/
Комментариев нет:
Отправить комментарий