როგორც მამა ლაზარემ აღნიშნა, მისი სულიერი შვილი, კარის მფლობელმა ვანო ქვრივიშვილმა სურვილი გამოთქვა ნიკალას ნამუშევარი მუზეუმს შესწიროს: „ივანე ძალიან კარგი ადამიანია, სულით და გულით ქართველი ქრისტიანი. კეთილი, პატიოსანი ახალგაზრდაა. ასეთი სასიკეათო და საშვილიშვილო გადაწყვეტილება მიიღო,“ - აღნიშნა მამა ლაზარემ.
სოფელ ბოდბეში მცხოვრები ვანო ქვრივიშვილი განმარტავს, რომ ამჟამად სასამართლო პროცესი მიდის, თუმცა როგორც ყველაფერი დასრულდება, მარნის კარს მაშინვე მუზეუმს შესწირავს და შესაბამის დოკუმენტებსაც გააფორმებს.
მუზეუმის ახლადდანიშნულმა მმართველმა ნელი გობეჯიშვილმა მადლობა გადაუხადა მამა ლაზარესა და კარის მეპატრონეს და აღნიშნა, რომ ფიროსმანის მუზეუმისთვის ეს ფასდაუდებელი საჩუქარია. მისი თქმით, სასიხარულოა, რომ მეპატრონემ ასეთი გადაწყვეტილება მიიღო და ნიკალას მიერ შექმნილი ხელოვნების ნიმუში მუზეუმს გადაეცემა
სოფელ ოზაანში პარმენ ოზაშვილის მარანში მოხატულ კარზე უცნაური წარწერა 2010 წლის ივნისში აღმოაჩინეს, მოგვიანებით ექსპერტიზის დასკვნის შედეგად დადასტურდა, რომ წარწერა ნიკო ფიროსმანს ეკუთვნოდა. ბოლო დროს ნამუშევარი 17 000 დოლარად იყიდებოდა.
მარნის კარზე მთვარე და ვარსკვლავებია დახატული და შემორჩენილია სიტყვები: „წითელი ღვინის მარანი, სავსე ვარ ღვინით, თამადა ამაირჩიეთ, ავამსო ლხინით“. წარწერა მწვანე საღებავით არის შესრულებული. მკვლევარების ვარაუდს, რომ წარწერა ფიროსმანის შესრულებული იყო, ისიც ამყარებდა, რომ ოზაანში მხატვრის დისშვილი იყო გათხოვილი. გადმოცემით, ფიროსმანი მას ხშირად სტუმრობდა.
როგორც სოფელ ოზაანის მაცხოვრებლებმა განაცხადეს, ორი წლის წინ, პარმენ ოზაშვილის სახლი ქვრივიშვილებმა 7 000 აშშ დოლარად იყიდეს და შენობა დაანგრიეს. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი
Комментариев нет:
Отправить комментарий