როგორც „ქიზიყმა“ გაარკვია, უბედური შემთხვევის შედეგად, სამსახურის თანამშრომელი 35 წლის გიგა გონაშვილი დაშავდა. სავარაუდოდ, მას დამცავი თოკი გაუწყდა და თავი ქვას დაარტყა.
შემთხვევის ადგილზე გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ბრიგადა მივიდა, თუმცა ვითარების სირთულის გამო დაშავებული მამაკაცი კატასტროფის მედიცინის ცენტრის ბრიგადამ თბილისის I კლინიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა. პაციენტი მკურნალობას ამ დრომდე განაგრძობს.
„სასწრაფო დახმარების ბრიგადამ დაშავებული თავდაპირველად დედოფლისწყაროს სტაციონარში გადმოიყვანა, პირველადი დახმარება მას ადგილზე გაეწია. ტრავმა იყო, თუმცა არც ისე მძიმე. მამაკაცი წელის არეში ტკივილს უჩიოდა. პაციენტს გონება არ დაუკარგავს, კონტაქტური იყო. თუმცა, საჭიროდ ჩავთვალეთ, მკურნალობა თბილისში გაეგრძელებინა, კატასტროფის ბრიგადა გამოვიძახეთ და გადაიყვანეს,“ – განუცხადა „ქიზიყს“ დედოფლისწყაროს საავადმყოფოს უფროსმა ხათუნა ზურიკაშვილმა.
დაშავებულის ახლობლების განმარტებით, მამაკაცს ხერხემლის მალები აქვს დაზიანებული, თუმცა როგორც დედოფლისწყაროს მთავარი ექიმი ხათუნა ზურიკაშვილი აცხადებს, ამჟამად ვითარება საგანგაშო არ არის და მას, სამომავლოდ, გადაადგილების პრობლემა არ შეექმნება. მისი თქმით, გავრცელებული ხმები, თითქოს მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, სიმართლეს არ შეესაბამება.
თუ რატომ არ იყო წვრთნების დროს უსაფრთხოების ნორმები სათანადოდ დაცული, ამ კითხვებზე პასუხის მიღებას „ქიზიყი“ სამსახურის ხელმძღვანელისგან ცდილობდა, თუმცა დედოფლისწყაროს სახანძრო-სამაშველო სამსახურის უფროსი ლევან გოზალიშვილი სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.
დედოფლისწყაროში მოქმედი ოპოზიცია მომხდარს სახანძრო-სამაშველო სამსახურის ხელმძღვანელების არაკომპეტენტურობის შედეგად აფასებს და მიიჩნევს, რომ ამ ფაქტით დედოფლისწყაროს სახანძრო-სამაშველო სამსახურ სკანდალში გაეხვა. პარტია „თავისუფალი საქართველოს“ მტკიცებით, მიუხედავად იმისა, რომ ამ სამსახურში, მერამდენე თვეა, ერთის ნაცვლად სამი ხელმძღვანელი პირი დაინიშნა, მათი არაკომპეტენტურობის გამო უსაფრთხოების ნორმების სათანადოდ დაცვის უზრუნველყოფა ვერ მოხერხდა. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი
Комментариев нет:
Отправить комментарий