
ადგილობრივი ბიუჯეტის შემოსულობების და გადასახდელების მოცულობა 3 943,4 ათასი ლარის ოდენობით განისაზღვრა.
სხდომის დასაწყისში საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ბაღაშვილმა დამსწრე საზოგადოებას იმ სიახლის შესახებ აცნობა, რომელიც სოციალური დახმარებების კუთხით იგეგმება. მისი თქმით, ამიერიდან მუნიციპალიტეტი გარკვეული კატეგორიის მოქალაქეებს ელექტროენერგიის გადასახადს შედარებით გაზრდილი ოდენობით დაუფარავს:
„აქამდე დედოფლისწყაროში არსებობდა ყოველთვიურად 8 ლარიანი ელექტროენერგიის საფასურის დახმარება, ხოლო მრავალშვილიანი დედებისთვის მუნიციპალიტეტი თვეში 12 ლარის ელექტროენერგიის საფასურის გადარიცხვას ახდენდა. პრაქტიკამ და წმინდა ადამიანურმა ფაქტორმა დაგვარწმუნა, რომ ეს საკმარისი არ არის, ამიტომ, ვფიქრობთ, რომ ამიერიდან ცალკეული კატეგორიებისთვის ეს დახმარება 8–დან 12 ლარამდე გავზარდოთ,“ – აღნიშნა ლევან ბაღაშვილმა. დეპუტატებმა ამ ინიციატივას მხარი დაუჭირეს.
ზოგადად სოციალურ სფეროში რამდენიმე სიახლეა, რასაც მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა პრინციპულად მნიშვნელოვანს უწოდებს და მიიჩნევს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის კონკრეტული ნაბიჯები სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს ყოფით პრობლემებს კიდევ უფრო შეუმსუბუქებს.
შეგახსენებთ, მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ადმინისტრაციული შენობის საკონფერენციო დარბაზში 19 დეკემბერს გაიმართა.
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობის განმარტებით, 2012 წლის ბიუჯეტი წინა წლებთან შედარებით საკმაოდ მოცულობითი იქნება და ის ეტაპობრივად კიდევ გაიზრდება.
ცნობისთვის, უკვე მერამდენე თვეა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ საკუთარ ვებ–გვერდზე სხდომების ჩატარების თარიღების წინასწარ ანონსირების ტრადიცია დაირღვა. საკრებულოს პრესასთან ურთიერთობის სპეციალისტი ნინო მეხრიშვილი მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე საზოგადოებისთვის და ადგილობრივი მედიასაშუალებების წარმომადგენლებთან სხდომების დაგეგმვის თაობაზე ინფორმაციის მიწვდას არ ახდენს. პრობლემას აღიარებს საკრებულოს აპარატის უფროსი ხათუნა გონაშვილიც, რომელმაც საკითხის დარეგულირების პირობა ჯერ კიდევ ორი თვის წინ დადო. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი
Комментариев нет:
Отправить комментарий