
პრეზიდენტის რწმუნებული კახეთის მხარეში
გიორგი ღვინიაშვილი მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს. გუბერნატორი 22 დეკემბერს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტს ესტუმრა და სოფელ არბოშიკსა და ოზაანს ეწვია. მან, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, შეხვედრა გამართა სოფლების მოსახლეობასთან და ადგილზე გაეცნო მათ პრობლემებს. შეხვედრას დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
ლევან ბაღაშვილი, მუნიციპალიტეტის გამგებელი
ნიკოლოზ შანშიაშვილი და მათი მოადგილეები, ასევე პარლამენტის წევრი, დედოფლისწყაროს მაჟორიტარი დეპუტატი
ავთანდილ ლეკაშვილი ესწრებოდა.
როგორც შეხვედრისას გაირკვა, ხსენებულ სოფლებს, ძირითადად, ერთნაირი პრობლემები აწუხებს. მათ შორის ყველაზე აქტუალურია შიდა გზების რეაბილიტაცია და სოფლის კონკრეტული უბნებისათვის გაზის მიწოდების საკითხი.
აღნიშნული პრობლემების მოგვარებაში გიორგი ღვინიაშვილმა ხალხს დახმარება აღუთქვა. ძირძველი ქიზიყური სოფლების მოსახლეობა კმაყოფილი დარჩა გუბერნატორთან შეხვედრით და სურვილი გამოთქვა, ხელისუფლების წარმომადგენელთა მოსახლეობასთან კონტაქტი

შეძლებისდაგვარად გახშირდეს, რაც ადგილობრივებს საკუთარი პრობლემების და შენიშვნების პირველ პირებთან მიტანის საშუალებას მისცემს.
მოგვიანებით, ჟურნალისტების კითხვაზე, რატომ არ ხდება ამგვარი ვიზიტების დროს მოსახლეობის წინასწარ ინფორმირება და შეხვედრების მედიით ანონსირება, რათა გაცილებით მეტმა მსურველმა შეძლოს შეხვედრაზე დასწრება, ანდა ხომ არ ემსახურება ეს სოფლებში მხოლოდ ხელისუფლების მხარდამჭერების მობილიზებას - ამ საკითხზე ვრცელი კომენტარი კახეთის ვიცე-გუბერნატორმა
გიორგი სიბაშვილმა გააკეთა. მისი განმარტებით, დედოფლისწყაროში გამართულ შეხვედრაზე ისეთი კითხვები დაისვა, რაზეც ვერავინ იტყვის, რომ ოზაანსა და არბოშიკში მხოლოდ ხელისუფლების ტაშისდამკვრელი ადამიანები იყვნენ შეკრებილნი.

მოქალაქეთა გამოკითხვის თანახმად, კახეთის გუბერნატორთან პირადად შეხვედრის სურვილს განსაკუთრებით სოფელ მირზაანის მაცხოვრებლებიც გამოხატავენ. ამის შესახებ რადიო „ჰერეთის“ ეთერში შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გამოკითხულმა რამენიმე მირზაანელმა განაცხადა. ისინი ამბობენ, რომ გუბერნატორი მირზაანს მხოლოდ ფიროსმანობის დღესასწაულზე არ უნდა სტუმრობდეს და თითეული გლეხის პრობლემას ოჯახებში პირადად უნდა გაეცნოს. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი
Комментариев нет:
Отправить комментарий