როგორც თელავის, გურჯაანის და დედოფლისწყაროს ავტოსადგურებში მიკროავტობუსების მძღოლებმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს განუცხადეს, შესაბამისი გაფრთხილება მათ კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის კახეთის სამმართველოს ადგილობრივი თანამშრომლებისგან მიიღეს.
"დღეს, დილით, მოვიდა და გვითხრა, რომ 11 დეკემბერს, ივანიშვილის პარტიის პრეზენტაციაა თბილისში და მათი მხარდამჭერები არ უნდა წავიყვანოთ. თუ ვინმე მოისურვებს მიკროავტობუსის დაქირავებას, უარი უნდა ვუთხრათ. მე არც ისედაც ვაპირებდი წასვლას, რადგან გაზაფხულზე "ქართული პარტიის“ ხალხი გადავიყვანე გურჯაანიდან ყვარელში, დამაჯარიმეს და მანქანაც წამართვეს რამდენიმე დღით“, - განაცხადა ერთ-ერთმა მძღოლმა.
შეგახსენებთ, რომ საზოგადოებრივი მოძრაობა "ქართული ოცნების“ პრეზენტაცია 11 დეკემბერს, 15:00 საათზე თბილისის სახელმწიფო ფილარმონიაში გაიმართება. ბიძინა ივანიშვილის პრესსამდივნოს ინფორმაციით, "ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა რეგისტრაცია „თბილისი ივენთ ჰოლსა“ და ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარდება. გარდა ამისა, „თბილისი ივენთ ჰოლში“ დამონტაჟდება დიდი სატელევიზიო ეკრანი, რათა დარბაზში ადგილების სიმცირის გამო გარეთ დარჩენილ მხარდამჭერებს ღონისძიების ნახვის საშუალება ჰქონდეთ.
Комментариев нет:
Отправить комментарий