ნონა მეხრიშვილის ასაკოვან დედას ციური მეხრიშვილს თბილისში მცხოვრები მანანა რეხვიაშვილი პოლიციის და შესაბამისი დოკუმენტების თანხლებით ეწვია და საცხოვრებელი ფართის დაცლა მოითხოვა. მარტოხელა ქალი სუსხიან ზამთარში თავს ამ დრომდე მეზობლის საცხოვრებელ ბინას აფარებს. ფართის დაცლას თან აჟიოტაჟი ახლდა.
გაირკვა, რომ ნონა მეხრიშვილს რეხვიაშვილისგან სესხის სახით 8 000 ლარი ჰქონდა აღებული, საგარანტიოდ კი საცხოვრებელი სახლი ჩადო. მათ ვალის დაბრუნება ვერ მოახერხეს, რის გამოც გადასახდელმა თანხამ იმატა და 20 ათას ლარს მიაღწია.
მას შემდეგ, რაც ცოლ-ქმრის დაკავების თაობაზე ინფორმაცია პრესითა და ტელევიზიით გავრცელდა, რეხვიაშვილმა დედოფლისწყაროში ჩამოსვლა და ზარალის ანაზღაურება გადაწყვიტა.
უსახლკაროდ დარჩენილი ციური მეხრიშვილი ამბობს, რომ არ იცის, რა ვალზე საუბრობს მანანა რეხვიაშვილი და კონკრეტულად რის გამო აღმოჩნდა ქუჩაში. თუმცა, მეხრიშვილი იქვე იმასაც აღნიშნავს, რომ მომხდარის კანონიერებაში ეჭვს ვერ შეიტანს.
,,არაფერი ვიცი. გვქონდა თუ არა მისი ვალი, ან ვინ ისესხა და რამდენი ლარი ისესხა მისგან, ნამდვილად არაფერი ვიცოდი. ალბათ ფული ჩემმა შვილმა და სიძემ გამოართვეს. რეხვიაშვილი კანონიერად მოქმედებს, ეჭვს ვერ შევიტან, რადგანაც მას დოკუმენტებიც აღმოაჩნდა და სამართალდამცველებიც ჩაერივნენ, ალბათ დადასტურდა, რომ მართლაც დავალიანება გვქონდა და ამიტომ გამომასახლეს. სხვა გზა არ მქონდა და დიდი წინააღმდეგობა აღარ გამიწევია. ყველა ნივთი გარეთ გამომატანინეს, სახლი დამაცლევინეს და საგულდაგულოდ დაკეტეს," – აღნიშნავს მეხრიშვილი.
მარტოხელა ქალბატონი აცხადებს, რომ წასასვლელი არსად აქვს და საკუთარ მომავალს პესიმისტურად უყურებს. მისი თქმით, ოჯახის ორივე წევრი, რომლებიც მის გამოკვებაზე და რჩენაზე ზრუნავდა, პოლიციამ ერთდროულად დააკავა. მეხრიშვილი ამბობს, რომ არ იცის არსებობას და თავის რჩენას დამოუკიდებლად როგორ შეძლებს, მით უფრო, რომ მისთვის სრულიად მოულოდნელად თავშესაფრის გარეშე აღმოჩნდა.
დახმარების სათხოვნელად უსახლკაროდ დარჩენილმა ქალბატონმა დედოფლისწყაროს გამგეობას მიმართა. როგორც გამგეობის მოქალაქეთა მომსახურების ბიუროში განმარტავენ, იმისათვის, რომ გამგეობამ ეს ადამიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოს და ბინის ქირით დააფინანსოს, საჭიროა სოციალური მომსახურების სააგენტოში დარეგისტრირდეს.
როგორც გავარკვიეთ, ეს ოჯახი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფის სტატუსით არ სარგებლობს.
შს სამინისტროს დედოფლისწყაროს პოლიციის სამმართველოს თანამშრომლებმა სოფელ სამრეკლოში მცხოვრები ცოლ-ქმარი ნონა მეხრიშვილი და გია ტალიაშვილი თაღლითობის ბრალდებით დააკავა. გამოძიების ინფორმაციით, აღნიშნულმა პირებმა რამდენიმე ადგილობრივს საპენსიო თანხა გამოსძალეს და უკან აღარ დააბრუნეს. ამასთან, მათ ადგილობრივებს ტექნიკის მაღაზიიდან სხვადასხვა სახის საყოფაცხოვრებო ტექნიკა განვადებით გამოატანინეს, თანხა კი ისევ შუამავლებს დააფარინეს.
დედოფლისწყაროს პოლიციის სამმართველოში მომხდარ ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე 12 დაზარალებული ოჯახის წერილობითი განცხადების საფუძველზე აღიძრა. ფაქტის გახმაურების შემდეგ კიდევ არაერთი დაზარალებული გამოჩნდა, ასე იყო უკანასკნელ შემთხვევაშიც, რის შედეგადაც დამნაშავის დედა ღია ცის ქვეშ აღმოჩნდა... დაკავებულებს კი 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
ილია მარტყოფლიშვილი
Комментариев нет:
Отправить комментарий