ჟურნალისტმა ილია მარტყოფლიშვილმა ტელეკომპანია „მაესტროს“ ირგვლივ მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით კომენტარი რადიო „მაესტროს“ პირდაპირ ეთერში, ტოქ–შოუში სატელეფონო ჩართვისას გააკეთა. მისი თქმით, ყველაფერი დადგმული სპექტაკლია, ეროსი კიწმარიშვილი და მამუკა ღლონტი დაპირისპირებას „თამაშობენ“ და ვითარებას შეგნებულად ძაბავენ.

„პროფესიით ტელე–ჟურნალისტი ვარ და მაესტროს მოვლენები პირველივე დღიდან ძალიან ყალბი და ნაკლებად დამაჯერებელი მეჩვენება. რატომღაც მგონია, რომ კიწმარიშვილი და ღლონტი დაპირისპირებულები არ არიან და ეს ყველაფერი ვითარების ხელოვნურად დასაძაბად დადგეს. ამდენი დღეა გვესმის, რომ კიწმარიშვილი მაესტროზე „ევრონიუსს“ ჩართავს და გადაცემები გაჩერდება. თუმცა, ის, რომ უკვე ამდენი დღეა, მაესტრო ეთერს აგრძელებს, იმ ეჭვს ამყარებს, რომ რეალურად მაესტროს გაჩერებას არავინ აპირებდა და ეს ყველაფერი პიარის ნაწილი იყო. პირდაპირ ეთერში ზოგჯერ ჩაბნელებული სტუდიიდან მაუწყებლობდნენ, იმ წუთას ვფიქრობდი, რომ ეს ვიზუალური ეფექტისთვის დასჭირდათ. თუ განათებას უთიშავდნენ, ან დენის წყაროს ურთავდნენ, საკითხავია, რატომ მიკროფონები ან კამერები არ ითიშებოდა. ბევრი საეჭვო ნიუანსი გაეპარათ ეთერში, რამაც ეს ეჭვები კიდევ უფრო გამიმძაფრა,“ – აღნიშნავს ჟურნალისტი ილია მარტყოფლიშვილი.
წამყვანის კითხვაზე, რა ხელს აძლევს მაესტროს ხელმძღვანელობას ტელეკომპანიაში ხელოვნური არეულობის აფიშირება, მარტყოფლიშვილმა განაცხადა:
„მე მახსენდება ასეთი კომენტარი, სადაც „უცნობი“ ამბობს, ვითარება ხელოვნურად უნდა გავამძაფროთო. ასევე, „მაესტროზე“ ამჟამადაც ტრიალებს ანონსის რგოლი, სადაც გია გაჩეჩილაძე ამბობს, „ობიექტური ტელევიზია უნდა არსებობდეს ობიექტურ ქვეყანაშიო“. მაესტროს ჟურნალისტები, ნებით თუ უნებლიედ ჩართულები აღმოჩნდნენ ამ თამაშში. ამ ორ ადამიანს შორის დაპირისპირება მართლაც რომ არსებობდეს, ტექნიკურად პირდაპირი ეთერის ამ დრომდე შენარჩუნება ნამდვილად ვერ მოხერხდებოდა. ამას გარდა, ითქვა, რომ ეკა ბერიძემ და კიდევ რამდენიმე ჟურნალისტმა ტელევიზია დატოვეს, თუმცა ისინი გადაცემებს ამ დრომდე ამზადებენ,“ – ამბობს მარტყოფლიშვილი. /ქიზიყი/ გიორგი ლაღიძე
Комментариев нет:
Отправить комментарий