
ნეტგაზეთ „ქიზიყის“ ინფორმაციით, პროექტი კახეთის სამ მუნიციპალიტეტში, თელავში, დედოფლისწყაროსა და ახმეტაში განხორციელდება.
პროგრამა USAID-ის მიერ 6 მილიონი აშშ დოლარით არის დაფინანსებული. მისი მიზანია საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობის გაუმჯობესება ბუნებრივი რესურსების, მათ შორის წყლის, მიწის, მცენარეული საფარისა და ეკოსისტემების გამოყენებისა და მართვის გზით.
მდინარე ალაზანი ახმეტიდან დედოფლისწყარომდე გაედინება, ასევე მდინარე იორი, რომლის აუზის შესწავლაც ხდება. პროექტის ფარგლებში წყლის ხარისხის, მართვის, რესურსების შესწავლა მოხდება და მდინარის აუზებზე ინფორმაციას შეაგროვებენ. ასევე მოწესრიგდება დაზიანებული საირიგაციო სისტემები.
როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა, პროექტის პირველ ეტაპზე დაგეგმილია ალაზნის, ივრის და რიონის აუზზე ინფორმაციის შეგროვება, მის საფუძველზე ოთხი საპილოტე აუზის შერჩევა და ამ ტერიტორიებზე დეტალური კვლევების ჩატარება. ასევე, ეროზიის, მეწყერისა და წყალდიდობის თავიდან ასაცილებლად პრევენციული ღონისძიებების გატარება.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს პროექტი კახეთში ხორციელდება, სადაც წყლის საკითხი უფრო მეტ აქტუალობას იძენს. გარემოს დაცვის სამინისტრო პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად მთელი წლის განმავლობაში მუშაობდა კონცეფციაზე, რომლის პრეზენტაციაც მოხდა. იმედი გვაქვს, რომ პროექტი წარმატებული იქნება,“ - განაცხადა პრეზენტაციაზე გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი ზედგინიძემ.
როგორც ორგანიზატორები განმარტავენ, 4 წლიანი პროგრამის განხორციელება 2010 წლის სექტემბერში დაიწყო. პროექტი „გლობალური წყლები მდგრადობისთვის“ ქოლგა პროგრამის ფარგლებში საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციებისგან შემდგარი კონსორციუმის მიერ ხორციელდება, რომლის წამყვანი ორგანიზაცია ფლორიდის უნივერსიტეტია. პროგრამის პარტნიორები არიან იუნესკოს ჰიდროლოგიური განათლების ინსტიტუტი, ქეა საერთაშორისო, ვინროკ ინტერნეიშენალი და CENN კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი
Комментариев нет:
Отправить комментарий