საახალწლო ღონისძიებების, საჩუქრებისა და ქალაქ დედოფლისწყაროს საახალწლო მორთულობისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 12 500 ლარი გამოიყო.
ცენტრალური ნაძვისხე ტრადიციულად ქალაქის მთავარ მოედანზე დამონტაჟდა. თუმცა, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ გასულ წლებთან შედარებით ამჯერად ნაძვისხის სიმაღლე საგრძნობლად შემცირებული იყო, რაზეც უკმაყოფილებას უამრავი ადამიანი გამოსთქვამს.
„გამოყოფილ თანხაში შედის მოედანზე ნაძვისხის მოწყობა და ცენტრალური ქუჩის საახალწლო ნათურებით განათება. ასევე, კულტურის სახლის სცენაზე გაიმართება საახალწლო კონცერტი, რომლის დასრულების შემდეგ საჩუქრები და ტკბილელი გადაეცემა იქ შეკრებილ ბავშვებს და სათნოების სახლის ბინადრებს. ღონისძიებები გაიმართება ასევე მაჩხაანისა და ქედების ზონებშიც. საჩუქრები ამ სოფლებშიც დარიგდება,“ – განმარტავს გამგებელი.
როგორც დედოფლისწყაროს კულტურისა და სპორტის ცენტრის დირექტორი ივანე შანშიაშვილი „ქიზიყთან“ საუბრისას განმარტავს, საახალწლო ფეიერვერკი, რომელიც 30 დეკემბერს საღამოს გაიმართა, დედოფლისწყაროში სამართალდამცველების მიერ შემოვიდა. მისი თქმით, ფეიერვერკის შესაძენად დედოფლისწყარომ 3 000 ლარი დახარჯა.
შეგახსენებთ, მუნიციპალიტეტის საკრებულომ გასულ წელს, საახალწლო ღონისძიებებისთვის, ადგილობრივი ბიუჯეტიდან 12 000 ლარი გამოყო.
გურჯაანის რაიონში საახალწლო ღონისძიებებზე და სადღესასწაულო განათების დასამონტაჟებლად 9 ათასი ლარია გამოყოფილი; ახმეტაში - 5800 ლარი; ყვარელში - 20 900 ლარი; ლაგოდეხში - 21 500 ლარი; თელავში - 40 000 ლარი; საგარეჯოში - 20 000 ლარი; სიღნაღში - 12 000 ლარი, დედოფლისწყაროში კი 12 500 ლარი.
შეგახსენებთ – 2010 წელს კახეთში საახალწლო ღონისძიებებზე 75 ათასი ლარი დაიხარჯა. მიმდინარე წელს კი ეს თანხა 66 700 ლარით გაიზარდა. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი
Комментариев нет:
Отправить комментарий