3 წლის ამილ გასანოვი დედოფლისწყაროს რაიონში, საქონლის ფერმაში გველმა 2011 წლის მაისის ბოლო რიცხვებში დაკბინა. ბავშვი დედოფლისწყაროს საავადმყოფოდან კატასტროფის მედიცინის ცენტრის ბრიგადამ თბილისში გადაიყვანა, თუმცა მოზარდი გზაში გარდაიცვალა.
დედოფლისწყაროს საავადმყოფო-პოლიკლინიკური გაერთიანების დირექტორმა ვანო ნატროშვილმა მაშინ განაცხადა, რომ პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა იმიტომ გაუარესდა, რადგან მშობლებმა ის საავადმყოფოში დროულად არ გადაიყვანეს.
საპირისპიროს ამბობდნენ გარდაცვლილი ბავშვის მშობლები. მათი თქმით, ექიმებმა ბავშვს დროული ყურადღება არ მიაქციეს და არც ვაქცინა გაუკეთეს, რამაც მისი გარდაცვალება გამოიწვია. „მაქსიმუმ 30 წუთზე მეტი არ გასულა რომ დედოფლისწყაროს საავადმყოფოში მივიყვანეთ. კარგია რომ მალე მოსულხართო, დააწვინეს და რაღაცა გაუკეთეს. არ უთქვამთ, რა ჰქონდათ, თუ არ ჰქონდათ და მერე, ბოლოს გვითხრეს, რომ შრატი არ გვაქვს და თბილისიდან რომ მოდის სასწრაფო ის მოიტანსო. სასწრაფო 5-6 საათის შემდეგ მოვიდა და ბავშვი გარდაიცვალა. თუ კი ვერ უშველიდა და არ ჰქონდა რამე საშუალება, გვეტყოდა, მიდით, გადაიყვანეთ სადმე, ან წამალი არ მაქვსო. ჩვენ მივხედავთ, კარგიაო და შედიოდა და გამოდიოდა. აბა, მწყემსმა კაცმა რა ვიცოდი, რას აკეთებდა“, - აღნიშნა გარდაცვლილი ბავშვის მამამ ნალიბ გასანოვმა ტელეკომპანია „იმედი“-სთვის 29 მაისს მიცემულ ინტერვიუში.
ბავშვს „ანტიგიურზინი“ რომ არ გაუკეთეს, ამას დედოფლისწყაროს საავადმყოფო - პოლიკლინიკური გაერთიანების დირექტორი ვანო ნატროშვილიც ადასტურებდა. მისი თქმით, რაიონში „ანტიგიურზინი“ საერთოდ არ იშოვებოდა.
ბავშვის გარდაცვალების ფაქტს 30 მაისს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გამოეხმაურა. პრეზიდენტმა იმ ექიმების სამაგალითო დასჯა მოითხოვა, რომელთა დაუდევრობითაც, სააკაშვილის თქმით, ბავშვი გარდაიცვალა.
„დედოფლის წყაროში ერთ-ერთი მწყემსის შვილს, პატარა ბავშვს გველმა უკბინა, მიიყვანეს ადგილობრივ საავადმყოფოში, სადაც ექიმებმა შვიდი საათის განმავლობაში არანაირი მკურნალობა არ ჩაუტარეს. მაშინ, როდესაც ბავშვს მხოლოდ შრატის გაკეთება სჭირდებოდა. როდესაც მიხვდნენ, რომ ბავშვი კვდებოდა, მისი თბილისში გადაყვანის პროცედურა დაიწყეს. ფაქტია, რომ ბავშვმა თბილისამდე ვერ ჩამოაღწია. ეს იმის გამო მოხდა, რომ ექიმებს ის უპატრონო ეგონათ და, ალბათ, ზედაც არ შეხედეს. ვიდრე მსგავსი რამ ხდება, სერიოზულად ლაპარაკი ძალზე რთულია. ეს ექიმები სამაგალითოდ უნდა დაისაჯონ. დღეს ძალიან მკაცრი საუბარი მქონდა ჯანდაცვის მინისტრთან, რადგან არ ვაპირებ მოვითმინო ის, რომ მსგავსი შემთხვევები კიდევ ხდებოდეს საქართველოში. არ ვაპირებ შევეგუო იმას, რომ ჩვენს ქვეყანაში თუნდაც ერთი ბავშვი იყოს დაუცველი და მით უმეტეს, ვინმეს დაუდევრობისა და უყურადღებობის მსხვერპლი გახდეს“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
იმავე დღეს, 30 მაისს, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტომ 3 წლის ამილ გასანოვის გარდაცვალების საქმის შესწავლა დაიწყო, სიღნაღის რაიონულ პროკურატურაში კი სსკ-ის 130-ე მუხლის მე-2 ნაწილით სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. 2 ივნისს, სამართალდამცავებმა დედოფლისწყაროს საავადმყოფოს ექიმი გიორგი სეხნიაშვილი დააკავეს. სიღნაღის რაიონულ პროკურატურაში არ გამორიცხავდნენ, რომ შესაძლოა, საავადმყოფოს სხვა თანამშრომლების პასუხისმგებლობის საკითხიც დამდგარიყო. ავადმყოფის განსაცდელში მიტოვებაში ბრალდებულ ექიმს სამიდან ხუთ წლამდე პატიმრობა ემუქრებოდა.
დედოფლისწყაროს რაიონულ სასამართლოში საქმის განხილვა რამდენჯერმე გადაიდო. ბოლოს საერთოდ უცნობი დარჩა, სასამართლომ საქმე არსებითად განიხილა და განაჩენი გამოიტანა, თუ საქმე საპროცესო შეთანხმებით დამთავრდა. სასამართლოს საინფორმაციო დაფაზე პროცესის შესახებ ინფორმაციას არ აქვეყნებდნენ, მოსამართლის თანაშემწე კი სხდომის დროის შესახებ კითხვებს უპასუხოდ ტოვებდა. ორი თვის განმავლობაში, კახეთის საინფორმაციო ცენტრმა არაერთხელ მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს და მთავარი პროკურატურის პრესსამსახურებს, რათა გაგვეგო რა სასჯელი შეეფარდა გიორგი სეხნიაშვილს, თუმცა ინფორმაცია დღემდე არ მიგვიღია.
გიორგი სეხნიაშვილი მისი გათავისუფლების შესახებ კომენტარს არ აკეთებს.
ნატალია სარქისაშვილი ICK
Комментариев нет:
Отправить комментарий