
მოძრაობა "თავისუფალი საქართველოს" დედოფლისწყაროს ორგანიზაციის ინფორმაციით, 2010 წელს გერმანიის თანამშრომლობის ფონდის მიერ შესრულებულ სამუშაოებზე გახარჯულია 86 754 ლარი. მათ შორის დეგრადირებული ლანდშაფტების აღდგენაზე დაიხარჯა 49 772 ლარი, ხოლო მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გაშენებული ნარგავების მორწყვაზე სხვადასვა ეტაპზე -36 982 ლარი.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ქარსაცავების და ტყის კორომების გაშენების პროექტი ჩავარდა და თავიდანვე როგორც საქმეში ჩახედული ადამიანები აღნიშნავდნენ, პროექტი განწირული იყო კრახისთვის. სოფელ მირზაანის შესასვლელთან „გაშენებული ტყის მასივი“ სულ გადამხმარია და პირუტყვი „სეირნობს“.
სოფელ ზემო ქედის შესასვლელთან „გაშენებული“ ტყის კორომიც ანალოგიურ მდგომარეობაშია. თითქმის ყველა ობიექტზე ასეთი სავალალო შედეგია, ერთი-ორი გამონაკლისის გარდა.
,,მისასალმებელია გერმანიის თანამშრომლობის ფონდის ინიციატივა დახმარების შესახებ, მაგრამ ეს დახმარება ნაციონალური მთავრობის მიერ უნდა მიმართულიყი მიზნობრივად და გეგმაზომიერად. ,,ნახევრადგაუდაბნოებულ ადგილზე რა ნარგავების გაშენებაზეა ლაპარაკი? პირველ რიგში უნდა აღდგეს წინა მთავრობის და ნაწილობრივ ამ ნაციონალების მიერ გაპარტახებული სარწყავი სისტემა, სხვა შემთხვევაში ეს პროექტი არაეფექტუტი იქნება და შედეგს არ მოიტანს“ - აცხადებდნენ ფერმერები.
“თავისუფალი საქართველო“ აპროტესტებს დედოფლისწყაროს ნაციონალური მთავრობის არამიზნობრივ დამოკიდებულებას ამ საკითხისადმი. აღსანიშნავია ასევე ის ფაქტი, რომ ნარგავების გაშენება ხდებოდა ადგილობრივი ტყეების გაჩანაგების ფონზე, რაზეც ყველა შესაბამისი ორგანო შეგნებულად ხუჭავდა თვალს. ასევე უნდა ითქვას, რომ ახლად დარგული ნერგების მორწყვაზე 10 000 ლარები იწერებოდა იმ დროს, როცა კახეთში გახშირებული წვიმები იყო. მაგალითად, გამგებლის 18 ივნისის N321 ბრძანებით ერთ-ერთ „შპს“-ს გადაერიცხა 10 793 ლარი ნარგავების მორწყვაზე, ეს იმ დროს, როდესაც დედოფლისწყაროში წყალდიდობა იყო და მოსახლეობა სტიქიის შედეგად დაზარალდა.
“თავისუფალი საქართველო“-ს დედოფლისწყაროს ორგანიზაცია თვლის, რომ ამ სფეროში შედეგის მისაღწევად აუცილებელია მოწესრიგდეს გაჩანაგებული სამელიორაციო სისტემა, შემდეგ კი თანხა დაიხარჯოს ნარგავების დარგვაზე. თუ ხელისუფლებამ „პრობლემების მოგვარება“ ასე გააგრძელა, დედოფლისწყაროს მოსახლეობას მალე უდაბნოში მოუწევს ცხოვრება!
ოპოზიციის ამ ბრალდებას ტყუილი უწოდეს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობაში. როგორც რადიო „ჰერეთს“ გამგეობის პრესსამსახურის უფროსმა ანა ბენაშვილმა განუცხადა, „ეს იყო საპილოტე პროექტი და რამდენიმე სახეობის ნერგმა მართლა არ გაიხარა, თუმცა ამას პროექტის ჩავარდნა არ ჰქვია“. ბენაშვილის თქმით, პროექტი ჯერ არ დასრულებულა და იმ ნერგების მაგივრად, რომლებმაც არ გაიხარა, სხვა ჯიშები გაშენდება. ბენაშვილის ოპოზიციას ურჩევს, ჯერ სიტუაციას გაეცნონ და განცხადებები შემდეგ გააკეთონ. /ქიზიყი/
Комментариев нет:
Отправить комментарий