ნოშრევან ნატროშვილი (დედოფლისწყაროს პოლიციის უფროსის მოადგილე): „მამაკაცი გარდაცვლილი ნამდვილად იპოვეს. ის წარმოშობით ახმეტიდან არის, თუმცა დედოფლისწყაროში ცხოვრობდა. შემთხვევა ერთ–ერთ ფერმაში მოხდა, სადაც გარდაცვლილი იპოვეს. მისი გვარი–სახელი ახლა ნამდვილად არ მახსოვს“.
ხათუნა ზურიკაშვილი (დედოფლისწყაროს საავადმყოფოს უფროსი): „ეს ფაქტი ჩემთვისაც არის ცნობილი, თუმცა ჩვენს კლინიკასთან შეხება არ ჰქონია. ექსპერტიზისთვისაც ცხედარი სხვაგან გადაასვენეს“.
ვანო ნატროშვილი (დედოფლისწყაროს საავადმყოფოს უფროსის მოადგილე): „მამაკაცი გარდაცვლილი ნამდვილად იპოვეს. როგორც მე გავარკვიე, შემთხვევა ორიოდ დღის წინ მოხდა. მამაკაცის ცხედარი გურჯაანში გადავასვენეთ“.
დედოფლისწყაროში მცხოვრები მაია თუშოვი ამბობს, რომ რამდენიმე დღის წინ მისი მეუღლე 55 წლის ილია სამჩენკო გარდაცვლილი ნახეს. გამოძიება თვითმკვლელობის ვერსიას ამუშავებს, თუმცა ქალბატონი ეჭვობს, რომ მამაკაცი შესაძლოა მოეკლათ.
ციცო დარჩიაშვილი (დედოფლისწყაროს სათნოების სახლის დირექტორის მოადგილე): „გარდაცვლილის მეუღლე, მაია თუშოვი ყოველდღიურად ჩვენთან სადილობს. დღეს ძალიან შეწუხებული მოვიდა. აქედან სულ რაღაც 5 წუთის წინ გავიდა. ტიროდა… ის ეჭვობს, მისი მეუღლე ფერმაში ვინმემ ხომ არ მოკლა.“
მომხდართან დაკავშირებით შს დედოფლისწყაროს პოლიციის სამმართველოში აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. მიმდინარეობს წინასწარი გამოძიება. მომხდართან დაკავშირებით პოლიციის სამმართველოში კომენტარს არ აკეთებენ.
კახეთის საინფორმაციო ცენტრმა 5 აპრილს გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს დედოფლისწყაროში თვითმკვლელობის ფაქტს ადგილი არ ჰქონია. ცენტრი ირწმუნება, რომ მედიასაშუალებების მიერ გავრცელებული ნეტგაზეთ „ქიზიყის“ ექსკლუზიური ინფორმაცია არ დადასტურდა. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელმა ნიკოლოზ შანშიაშვილმა განუცხადა, გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. თვითმკვლელობის ფაქტი ცენტრის ჟურნალისტთან ასევე უარყვეს დედოფლისწყაროს პოლიციის სამმართველოშიც.
როგორც “ქიზიყმა” გაარკვია, გარდაცვლილი ილია სამჩენკო და გოჩა გოგილაშვილი ერთიდაიგივე ქალბატონის, მაია თუშოვის მეუღლეები გახლავთ, რის გამოც გვარის ცდომილებას ჰქონდა ადგილი. “ქიზიყი” ამ მცირე უზუსტობისთვის ბოდიშს იხდის.
შეგახსენებთ, 17 წლის ბიჭმა რამდენიმე დღის წინ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა სოფელ არხილოსკალოშიც. /ქიზიყი/
Комментариев нет:
Отправить комментарий