20 მარტს 9 საათზე, „Summer Job”-ის პროგრამაზე რეგისტრაცია დაიწყო. სტუდენტების ნაწილმა რეგისტრაცია დილის 9 საათიდან გაიარა, ნაწილი კი უკვე რეგისტრირებულთა სიაშია. ვინ შეადგინა წინასწარი სიები? როგორ მოხვდა სტუდენტთა ნაწილი უკვე დასაქმებულთა რიგებში ? - ამის შესახებ მოთხრობილი ორი ისტორია ერთმანეთს ზედმიწევნით ჰგავს: ორივე შემთხვევაში, სტუდენტებს რეგიონის გამგეობიდან დაურეკეს და “Summer Job”-ში წინასწარი რეგისტრაცია შესთვაზეს. ვინაობის გამხელა არცერთმა მათთგანმა არ ისურვა.
თორნიკე (სახელი შეცვლილია) თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტია, ის დედოფლისწყაროდანაა, რამდენიმე დღის წინ, დედოფლისწყაროს გამგეობიდან დაურეკეს და საზაფხულო სამსახურში რეგისტრაციის გავლა შესთავაზეს. როგორც თორნიკემ გვითხრა, ის წარამტებული სტუდენტია, ეროვნულ გამოცდებზე მაღალი ქულები მიიღო. თორნიკე დედოფლისწყაროს რაიონში ნაციონალური მოძრაობის ახალგაზრდული ფრთის წევრიცაა. მისი ინფორმაციით, სიებში წინასწარ, მასთან ერთად, მისი რაიონიდან 40-მდე სტუდენტი მოხვდა.
თაკოს ისტორიაც ანალოგიურია. ის კასპიდანაა, მასაც წინასწარ დაურეკეს, სახელის გამხელა არც მას სურს, ანონიმურად გვიყვება თავის ამბავს და გვარწმუნებს, რომ წარჩინებული სტუდენტია და მისი ღრმა რწმენით, წინასწარ რეგისტრირებულთა სიაში მხოლოდ ამიტომ მოხვდა. „ნაციონალური პარტიის წევრი არ ვარ, წარჩინებული სტუდენტი ვარ და ამიტომ გადაწყვიტეს ჩემი ჩასმა ამ სიებში”-ამბობს თაკო.
წინასწარი რეგისტრირებულთა სიების შესახებ გუშინ „Summer Job”-ის გვერდზე ერთ-ერთმა სტუდენტმა ნიკუშა ოქრიაშვილმაც იკითხა: “მთელი თვითმართველობა ამბობს, უკვე დარეგისტრირებულები ვართო და რაღას გვატყუებთ”? – გვერდის ადმინისტრატორი კომენტარს გამოეხმაურა და უთხრა, რომ აღნიშნული ინფორმაცია არასწორია.
რეგისტრაცია დილით დაიწყო, დაწყების ზუსტი დრო და პროგრამასთან დაკავშირებული რამდენიმე ახალი დეტალი კი ცნობილი მხოლოდ გუშინ ღამით გახდა. კერძოდ, გუშინ გაირკვა, რომ სტუდენტებს 500 ლარიდან 20%-ი დაექვითებათ, პროგრამაში მონაწილეობა კი დამამთავრებული კურსის სტუდენტებსაც შეეძლებოდათ.
საქართველოს პრეზიდენტის მიერ ინიცირებული სტუდენტთა საზაფხულო დასაქმების პროგრამა „Summer Job”- ი საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ზაფხულის არდადეგების პერიოდში, 2012 წლის 20 ივლისს ამოქმედდება 20 აგვისტომდე გასტანს, მასში მონაწილეობა საქართველოში ავტორიზებული უნივერსიტეტების ბაკალავრიატის სტუდენტებს შეუძლიათ. პროექტის ფარგლებში ოცდახუთი ათასი სტუდენტი დასაქმდება და მათი ხელფასი 500 ლარი იქნება. სურვილის შემთხვევაში, სტუდენტი შეთავაზებული 70-მდე სამუშაო სახეობებიდან სასურველ ერთ ვაკანსიას აირჩევს. პროგრამა „Summer Job”- ი მიზნად არ ისახავს სტუდენტის დასაქმებას პროფესიის მიხედვით, თუმცა, სტუდენტის პროფესია, შესაძლოა, აღმოჩნდეს ვაკანტური ადგილების ნუსხაში, ძირითად ნაწილს კი, არა პროფესიის მიხედვით მოუწევს დასაქმება იმ მარტივი მიზეზით, რომ მისი პროფესია შესაძლოა, არ იყოს დამსაქმებლების მიერ შემოთავაზებული და მოთხოვნილი. დაახლოებით 90 ათასი სტუდენტიდან დასაქმების პროგრამაში მონაწილეობას მხოლოდ 25 ათასი მოასწრებს.
ბიუჯეტიდან ამ ერთთვიან პროგრამასთვის დაახლოებით 12,5 მილიონი ლარია გამოყოფილი.
ლიკა ზაკაშვილი ლიბერალი
Комментариев нет:
Отправить комментарий