
როგორც ცნობილია, ს/ს "კახეთის ენერგოდისტრიბუცია" გაკოტრების რეჟიმში მუშაობს და შესაბამისად ინდივიდუალური გამრიცხველიანების პროცესი რეგიონში შეჩერებული იყო.
შეგახსენებთ, ს/ს „კახეთის ენერგოდისტრიბუცია“ 2011 წლის ოქტომბერში სახელმწიფო კომპანიების წინაშე არსებული დავალიენების დაგროვების გამო გაკოტრდა. გაკოტრების პროცესი სახელმწიფო კომპანიების წინაშე არსებული დავალიანების გამო დაიწყო. ენერგეტიკისა დაბუნებრივი რესურსების მინისტრმა ალექსანდრე ხეთაგურმა განაცხადა, რომ სააქციო საზოგადოება "კახეთისენერგოდისტრიბუცია" გაკოტრების შემდეგ გაიყიდება.
„თებერვლიდან კომპანიის აბონენტებს მოხმარებული ელექტროენერგიის გადასახადზე განაწილებული ნაშთი აღარ დაერიცხებათ. პარალელურად მიმდინარეობს აბონენტების ინდივიდუალური გამრიცხველიანებაც იმ პრობლემურ ადგილებში, სადაც ელექტროენერგიის დანაკარგი ძალიან დიდი იყო და შესაბამისად განაწილებული ნაშთიც. გამრიცხველიანება კვლავაც გაგრძელდება. ჩვენს კომპანიას მთელი რეგიონის მასშტაბით სოფლების გამრიცხველიანების ვალდებულება 2013 წლის ბოლომდე უნდა შეესრულებინა, რასაც „კახეთის ენერგოდისტრიბუცია“ გაკოტრების რეჟიმში მუშაობის გამო ვერ ახერხებდა და პროცესი შეჩერებული იყო. რასაც თან ახლდა აბონენტების უკმაყოფილება. ანუ, ამიერიდან, კახეთში მცხოვრებ იმ აბონენტებს, რომლებიც გადასახადს საერთო მრიცხველების მეშვეობით იხდიდნენ და მოხმარებული ელექტროენერგიის გადასახადის გარდა ე.წ. განაწილებული "ნაშთის" გადახდაც უწევდათ, ეს დანამატი აღარ მიუვათ და მხოლოდ საკუთარი მრიცხველის მაჩვენებლის მიხედვით მოუწევთ გადასახადის დაფარვა. თუმცა, უნდა გითხრათ, რომ ამიერიდან ტარიფი იმოქმედებს საფეხურების მიხედვით. ას კილოვატამდე მოხმარებულ ელექტროენერგიაზე სხვა ტარიფი იმოქმედებს, ასიდან სამას კილოვატამდე კიდევ უფრო მაღალი ტარიფია, ხოლო სამასის ზემოთ შედარებით მაღალი“, - განუცხადა "ქიზიყს“ ს/ს „კახეთის ენერგოდისტრიბუციის“ მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა ჟანა დიდებაშვილმა.
ქალაქ დედოფლისწყაროს აბონენტთა სრული გამრიცხველიანება რამდენიმე წლის წინ დასრულდა, რამაც ქალაქის მაცხოვრებლებს ზედმეტად დარიცხული გადასახადების პრობლემა თავიდან ააცილა, თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ხელახალი გამრიცხველიანებისა და ე.წ. გადასახადებზე "დანამატის" პრობლემა კვლავაც მწვავედ დგას დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფლების დიდ ნაწილში. მოსახლეობა არ მალავს, რომ ეს საკითხი სოფლებში მაცხოვრებლებისთვის ბოლო დროს თითქმის `აქილევსის ქუსლად~ იქცა. ხშირია მეზობლებს შორის დაპირისპირების ფაქტებიც. უკმაყოფილო აბონენტები არ მალავენ, რომ ზოგჯერ დამატებით დარიცხული გადასახადი მათი ოჯახების მიერ მოხმარებულ ელექტროენერგიის საფასურს სამჯერ და გაცილებით უფრო მეტადაც აღემატებოდა. ეს კი ხელმოკლე ოჯახების ბიუჯეტს მნიშვნელოვან დარტყმას აყენებს.
ენერგოდისტრიბუციის მიმართ, რომელსაც 2009 წლის იანვრიდან ლიტვური კომპანია "ახემა-ჯგუფი" ფლობს, გაკოტრების საქმე თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 5 აგვისტოსგანჩინებით გაიხსნა. "კახეთის ენერგოდისტრიბუციას" სახელმწიფო კომპანიების მიმართ 4 417 544 ლარის დავალიანება აქვს.
კომპანია აბონენტებს, რომლებიც ელექტროენერგიის გადასახადს საუბნო მრიცხველის ჩვენების მიხედვით იხდიდნენ, მოხმარებული ელექტროენერგიის გადასახადის გარდა, დამატებით თანხებს არიცხავდა, 5, 10, 85 და 2 000 ლარის ოდენობითაც კი. "კახეთის ენერგოდისტრიბუციის“ მიერ მომხმარებელთა უფლებების დარღვევის ფაქტებზე კახეთის რეგიონულმა მედიამ ჟურნალისტური გამოძიებაც ჩაატარა და კომპანია არაერთ კანონდარღვევაში ამხილა.
ილია მარტყოფლიშვილი
Комментариев нет:
Отправить комментарий