
სტატიაში საუბარია თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენზე, რომლის მიხედვითაც მსჯავრდებულ პირად მოხსენიებულია 20 წლის ახალგაზრდა გიორგი ბაიდოშვილი. აღნიშნული მასალა დაბეჭდილია თბილისის საქალაქო სასამართლოს პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ პრეს-რელიზზე დაყრდნობით.
სტატიის გამოქვეყნების შემდეგ გაირკვა, რომ სახელისა და გვარის მსგავსების გამო გაიპარა შეცდომა და ქალაქ დედოფლისწყაროში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მცხოვრებ გიორგი ბაიდოშვილს ამ დანაშაულთან კავშირი არა აქვს. დედოფლისწყაროში მცხოვრები ბაიდოშვილი სულ სხვა დანაშაულისთვის იხდის სასჯელს და როგორც „ქიზიყმა“ გაარკვია, მას ბრალი ედება არა მკვლელობის მცდელობაში, არამედ სულ სხვა დანაშაულში თანამონაწილეობისთვის.
„გიორგის მკვლელობა არ ჩაუდენია. მომხდარი გაუგებრობის გამო იხდის სასჯელს. მართალია იმ შემთხვევაშიც ადამიანი გარდაიცვალა, თუმცა ჩემი შვილი მკვლელობისთვის არ არის გასამართლებული. თქვენს მიერ გავრცელებულ ამბავთან მას არანაირი კავშირი არა აქვს. ახლახან გამოქვეყნებული სტატიისა და საქალაქო სასამართლოს მონაცემების მიხედვით, ბაიდოშვილი 2011 წლის 2 მარტს თბილისში მომხდარი ინციდენტის გამო გაასამართლეს, ჩემი შვილი კი 2009 წლის 30 ნოემბერს დააკავეს. ანუ, ამ დროისთვის გიორგი უკვე საკანში იმყოფებოდა და ბუნებრივია, რომ თბილისის ქუჩებში ვერანაირ დანაშაულს ვერ ჩაიდენდა. ჩემი შვილი 1990 წელს არის დაბადებული, ამ საქმისთვის გასამართლებული გიორგი ბაიდოშვილი კი 1991 წელს. ეს ორი სხვადასხვა ფაქტია და ძალიან მინდა ეს ყველამ იცოდეს. რამდენიმე თვეში გიორგი უკვე ციხიდან გამოდის და უსამართლობაა, როცა ვრცელდება დაუზუსტებელი ინფორმაცია, თითქოს, 16 წელი შეუფარდეს,“ – განუცხადა „ქიზიყს“ დაკავებულის დედა ნანა ნატროშვილმა.
მისი თქმით, გიორგი სკოლასა და ნაცნობ–მეგობრებში საუკეთესო ავტორიტეტით სარგებლობს, ძალზე ნიჭიერი ახალგაზრდაა და შემთხვევითი გაუგებრობის გამო დააკავეს.
გიორგი ბაიდოშვილის დედის მტკიცებით, მას არა 16, არამედ 3 წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი და საპყრობილეს ის მიმდინარე წლის ნოემბერში დატოვებს. თავის დროზე, ინფორმაციის გადამოწმების დროს, დაკავებულის ბებიამ, ლამარა ბაიდოშვილმა ინტერნეტ გაზეთ "ქიზიყს" გაუცნობიერებლად დაუდასტურა, რომ მის შვილიშვილს 16 წელი ჰქონდა მისჯილი. რედაქცია ნაწილობრივ ამ გარემოებასაც დაეყრდნო.
„ქიზიყის“ რედაქცია ბოდიშს იხდის უნებლიედ გაპარული შეუსაბამობისთვის, რაც ჩვენგან დამოუკიდებელ გარემოებებს უკავშირდებოდა. /ქიზიყი/
პრეს–რელიზი>> ; წინა სტატია>>
Комментариев нет:
Отправить комментарий