
"მემარჯვენეების" ლიდერები სოფელ გამარჯვების და არბოშიკის, მირზაანის, ზემო მაჩხაანის და სამრეკლოს მოსახლეობის პრობლემებს გაეცნენ.
სოფლების მოსახლეობის მთავარ სატკივარს სასოფლო–სამეურნეო სამუშაოების სიძვირე წარმოადგენს. განსაკუთრებით, აღსანიშნავია რომ ზემო მირზაანს და მაჩხაანს სახნავ–სათესი მიწები სოფლისგან მოშორებით აქვს და ადამიანებს საწვავის გაძვირების და სასოფლო–სამეურნეო ტექნიკის არქონის პირობებში, საშუალება არ აქვთ მიწა დაამუშავონ. როგორც ადგილობრივი გლეხები საუბრისას აღნიშნავენ, ხშირად ისე გაივლის საგაზაფხულო სამუშაოები, დასამუშავებლად რომ ვერც კი აღწევენ საკუთარ მიწებამდე.
„მიწის დამუშავების პრობლემის პარალელურად, ამ სოფლებისთვის და პრაქტიკულად მთელი დედოფლისწყაროს რაიონისთვის გაზის ოჯახებში შეყვანის საკითხი ერთ–ერთ მთავარ გადაუჭრელ პრობლემად იქცა. მართალია, გაზის ცენტრალური მაგისტრალი სოფლამდე მიყვანილია, მაგრამ გაზის სახლებში შესაყვანად გლეხებს კოლოსალურ თანხებს სთხოვენ. მაგალითად, გონაშვილების ოჯახს სახლში გაზის შეყვანისთვის სულ რაღაც 25 მეტრი მილის გაყვანისთვის 650 ლარი მოსთხოვეს. ბუნებრივია, ეს თანხა ოჯახმა ვერ გადაიხადა და ასეა თითქმის მთელი სოფელი. მოსახლეობის 80% ოჯახებში გაზის გარეშეა დარჩენილი,“ – განაცხადა დავით გამყრელიძემ.
"სასუქების და დიზელის საწვავის სიძვირე დედოფლისწყაროს რაიონის ამ სოფლებისთვისაც ისეთივე გადაულახავი და დაუძლეველი პრობლემაა, როგორც საქართველოს სხვა რეგიონებისათვის და რაიონებისათვის. ეს პრობლემა აქ განსაკუთრებულ სიმწვავეს იძენს იმიტომ, რომ გლეხები მთლიანად მიწის დამუშავებასა და მოყვანილ პროდუქციაზე არიან დამოკიდებული. ხელისუფლება კი დიზელის საწვავზე და შხამ ქიმიკატებზე მონოპოლიურად მაღალი ფასების შენარჩუნებით, რეალურად ამ ადამიანებს ელემენტარული საკვების მოპოვების შესაძლებლობას უზღუდავს", - განაცხადა ჩიხრაძემ.
შეგახსენებთ, ფიქრია ჩიხრაძე დედოფლისწყაროს სოფლებში მიმდინარე წლის 9 აპრილსაც იმყოფებოდა. /ქიზიყი/
Комментариев нет:
Отправить комментарий