„არხილოსკალოს ქვეგანყოფილება, რომელიც 14 თანამშრომლით არის დაკომპლექტებული, თანამედროვე სტანდარტების ტიპიურ გამჭვირვალე შენობაში დაიდებს ბინას. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობამ ქვეგანყოფილების შენობის ეზოს კეთილმოწყობისთვის, ადგილობრივი ბიუჯეტიდან 42 785 ლარი გამოყო, რომელიც სრულად იქნა ათვისებული“. - წერს დედოფლისწყაროს გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი ანა ბენაშვილი, გაზეთ „შირაქში“ ახლახან გამოქვეყნებულ სტატიაში, რომლის სათაურია: „ლენტი მინისტრმა გაჭრა“.
სტატიის კითხვისას მკითხველს რჩება შთაბეჭდილება, თითქოს ადგილობრივი ბიუჯეტიდან არხილოსკალოს განყოფილებისთვის მხოლოდ 42 785 ლარი დაიხარჯა. არადა ჯერ ინტერნეტ-გაზეთ „ქიზიყსა“ და მოგვიანებით რამდენიმე გამოცემაში ზედიზედ დაიბეჭდა ინფორმაციები იმის შესახებ, რომ დედოფლისწყაროს გამგეობამ პოლიციის ახალ განყოფილებას ჯერ 67 000 ლარი ჩაურიცხა, შემდგომ 22 ათას ლარად ღირებული ავტომობილიც შეუძინა და დამატებით სხვა ბრძანების მიხედვით 17 114 ლარიც გამოყო.
გაზეთ „შირაქში“ ანა ბენაშვილის მიერ ახლახან გამოქვეყნებულ სტატიაში კი არაფერია ნათქვამი არც ახალ ავტომობილზე და არც რამდენჯერმე გამოცემულ ბრძანებებზე, რომელშიც საკმაოდ მსხვილი ციფრებია მოცემული.
რჩება შთაბეჭდილება, რომ მუნიციპალური ბიუჯეტიდან პოლიციისთვის ავტომობილის შეძენის საკითხიც „შირაქმა“ და ანა ბენაშვილმა შეგნებულად გაასაიდუმლოეს. თუმცა, მადლობა ღმერთს, ეს ფაქტები „ქიზიყის“ წყალობით არაერთმა გამოცემამ იმავე დღეებში გაახმაურა...
რეალობა კი სულ სხვაგვარია: როგორც ცნობილია, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებმა კენჭი ქედების ზონის პოლიციის განყოფილებისთვის თანამედროვე სტანდარტების შუშის გამჭვირვალე შენობის ასაგებად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 67 000 ლარი გამოუყო. საკითხს მხარი უკლებლივ ყველა დეპუტატმა დაუჭირა.
ექსპერტების განცხადებით, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ ორგანული კანონისა და „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეული ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილებებს არ განეკუთვნება ისეთი დაწესებულებების დაფინანსება, რომელიც კანონით ცენტრალური ბიუჯეტიდან ფინანსდება. პოლიციის რაიონული სამმართველოები კი ცენტრალური ბიუჯეტიდან ფინანსდებიან.
ამას გარდა, დგილობრივი ბიუჯეტიდან საკმაოდ სოლიდური თანხით დაფინანსდა ქედების ზონის განყოფილებისთვის ავტომობილის შესყიდვაც. ამჯერად, გამგეობამ პოლიციის სამმართველოს მანქანის შესაძენად 21 570 ლარი ჩაურიცხა.
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებლის ნიკოლოზ შანშიაშვილის 2010 წლის 13 აგვისტოს # 378-ე ბრძანების საფუძველზე ფიზიკურ პირს დავით გელაშვილს საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად დედოფლისწყაროს ბიუჯეტიდან 21 570 ლარი შსს-სთვის 1 ერთეული მერსედეს-ბენც C-500 საქონლის შესყიდვისთვის ჩაერიცხა.
დედოფლისწყაროში ადგილობრივი ბიუჯეტიდან პოლიციის განყოფილების მოწყობისთვის ზრუნვა ამით არ დასრულებულა, "ქიზიყმა" გამგებლის კიდევ ერთი ბრძანება მოიპოვა, რის მიხედვითაც პოლიციის განყოფილებას კიდევ 17 ათას ლარზე მეტი ჩაერიცხა.
კერძოდ, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებლის ნიკოლოზ შანშიაშვილის 2010 წლის 6 სექტემბრის # 498-ე ბრძანების საფუძველზე შპს „ტექნოთერმს“ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოებისთვის გათვალისწინებული თანხებიდან, ადგილობრივი ბიუჯეტიდან 17 114 ლარი გამოეყო
„ქიზიყი“ ვითარების გარკვევას პირადად სტატიის ავტორთან შეეცადა. ვიფიქრეთ, ეს ან უნებლიე შეცდომა იყო, ან სტამბის მიერ დაშვებული ხარვეზი, თუმცა ანა ბენაშვილი გაზეთ „ქიზიყთან“ ამ საკითხის კომენტირებისას ხაზგასმით ირწმუნება, რომ დედოფლისწყაროს ბიუჯეტიდან მხოლოდ 42 785 ლარი გაიხარჯა.
ანა ბენაშვილი: „ეს ციფრი მე გამგეობის საფინანსო სამსახურმა მომაწოდა. ანუ, ეს არის თანხა რომელიც უშუალოდ გაიხარჯა, ეზოსა და ინფრასტრუქტურის მოსაწყობად. ჯერჯერობით, არხილოს ქვეგანყოფილებაში 42 785 ლარი დაიხარჯა...
-- კი მაგრამ, საკრებულოს სხდომას პირადად თქვენც ესწრებოდით, სადაც რამდენჯერმე დაფიქსირდა, რომ არხილოსკალოს ქვეგანყოფილებისთვის 67 ათასი ლარი გამოიყო. სტატიაში ასევე არსადაა დაფიქსირებული, რომ ამავე განყოფილებისთვის ახალი ავტომობილის შესაძენად ადგილობრივმა ბიუჯეტმა 22 ათას ლარამდე გადარიცხა...
-- არ ვიცი... მე ეს მასალა საფინანსო სამსახურზე დაყრდნობით მოვამზადე... ოფიციალურად ასეთი მონაცემები მომაწოდეს“... - აცხადებს ბენაშვილი.
ცნობისთვის: გამგეობის მიერ გამოცემულ ოფიციალურ ბრძანებებშიც შავით თეთრზე წერია:
1) თავდაპირველად გამოიყო 67 ათასი ლარი,
2) 13 აგვისტოს # 378-ე ბრძანება - 21 570 ლარი ავტომობილისთვის,
3) 6 სექტემბრის # 498-ე ბრძანება - 17 114 ლარი...
ნათქვამია, ფიცი გვწამს, ბოლო მაკვირვებსო?!...
P.S. თუ სწორად მახსოვს, ბენაშვილი 2009 წლის ივნისში გაზეთ „შირაქში“ გამოქვეყნებულ თავისსავე „სტატიაში“ პროვოკატორსა და ფაქტების გამყალბებელ ჟურნალისტად ილია მარტყოფლიშვილს მოიხსენიებდა... ეს მაშინ, როცა თავად...
ილია მარტყოფლიშვილი
კულტურის სამსახურის შეფი მიიჩნევს, რომ თეატრის მოწვევა ფულის უაზრო ფლანგვაა
დედოფლისწყაროს გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსი გიორგი ყოჩიაშვილი მიიჩნევს, რომ დედაქალაქიდან თეატრების მოწვევა და სხვადასხვა სპექტაკლების დედოფლისწყაროში გამართვა ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფულის უაზრო ფლანგვაა. ამგვარი კომენტარი ყოჩიაშვილმა ადგილობრივ გაზეთ "შირაქთან" საუბარში გააკეთა. კულტურისა და სპორტის სამსახურის თავკაცი მიიჩნევს, რომ ადგილობრივი მოსახლეობის ღირებულებები შეიცვალა: -- ბატონო გიორგი, გულდასაწყვეტია, რომ ჩვენი რაიონის მცხოვრებლები საკმაოდ მოკლებულნი ვართ თეატრალურ ხელოვნებასთან ახლოს ზიარებას. შესაძლებელია თუ არა, რომ მოსახლეობის თხოვნის გათვალისწინებით, სეზონზე ერთხელ მაინც მოგვანიჭოთ ეს სიამოვნება?"
* * *
პოლიციამ დედოფლისწყაროში რამდენიმე ნარკომომხმარებელი დააკავა
შს დედოფლისწყაროს პოლიციის სამმართველომ გატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად ნარკოტიკული ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ მყოფი სამი პირი დააკავა.
* * *
ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის დაფინანსებით ახალგაზრდები პროექტებს წელსაც განახორციელებენ
ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით, ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის პროექტის "ახალგაზრდული იდეა" ფარგლებში, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში ხორციელდება ახალგაზრდული პროექტები შემდეგ თემატიკაზე: "სამოქალაქო საზოგადოება და აქტიური მოქალაქეობა, როგორც დემოკრატიის კომპონენტი". როგორც "ქიზიყმა" გაარკვია, უკვე გამოვლინდა 5 გამარჯვებული პროექტი, რომელთაც დაფინანსება მიიღეს: "ტრენინგი ახალგაზრდებისთვის", "არჩევნები და სკოლა", "გავხდეთ აქტიური მოქალაქეები", "სამოქალაქო განათლება", "წინ სამოქალაქო ცხოვრებისაკენ". პროექტების განხორციელება 2 ოქტომბრიდან დაიწყო და 2 თვეში უნდა დასრულდეს. შეგახსენებთ, ამ ფონდის დაფინანსებით დედოფლისწყაროელმა ახალგაზრდებმა პროექტები გასულ წელსაც განახორციელეს. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი
Комментариев нет:
Отправить комментарий