
დღეს სამი წელი გავიდა, მას შემდეგ რაც დედოფლიწყაროში შირაქის ტერიტორიაზე მდებარე ყოფილი აეროდრომის ასაფრენ ბილიკზე რუსული ჭურვები ჩამოცვივდა.
2008 წლის 10 აგვისტოს, გამთენიისას, დაახლოებით 05:00 სთ. 12 ჭურვიდან მხოლოდ 5 აფეთქდა. აფეთქების ხმა იმდენად ძლიერი იყო, რომ ხმა კახეთის თითქმის ყველა რაიონში გაიგეს.
განსაკუთრებით დედოფლისწყაროს მოსახლეობა იყო პანიკაში. აფეთქების შედეგად დაზიანდა შირაქის ტერიტორიაზე განთავსებული ყოფილი აეროდრომის ასაფრენი ბილიკი და ახლომდებარე სახლების სახურავები. აღნიშნული აეროდრომი უკვე 19 წელია აღარ ფუნქციონირებს.
იქ სადაც ჭურვები ჩამოცვივდა განლაგებული იყო "ფრონტერას" ნავთობის ჭაბურღილები. მოსახლეობაში გაჩნდა შიში, რომ შესაძლებელი იყო ეს ჭაბურღილებიც აეფეთქებინათ. 2008 წლის ათი აგვისტოს დილას ასევე გავრცელდა ცნობა, რომ თელავის მიმდებარე ტერიტორია და აეროპორტიც დაიბომბა, თუმცა საბედნიეროდ ინფორმაცია ცრუ აღმოჩნდა.
2008 წლის აგვისტოს ომის 3 წლისთავზე დედოფლისწყაროში ომში გარდაცვლილ გმირთა მემორიალს ააგებენ. ტერიტორია დეკანოზმა ნიკოლოზ ლომსაძემ უკვე აკურთხა. მემორიალზე ყველა იმ დედოფლისწყაროელის სახელი ამოიტვიფრება, რომელიც ომში დაიღუპა. რუსეთ-საქართველოს ომში დედოფლისწყაროს რაიონიდან გოჩა ილურიძე, თეიმურაზ ბერიძე და გიორგი აბიათარი გარდაიცვალა.
2008 წლის აგვისტოს ომიდან სამი წელი გავიდა. ბოლო ინფორმაციით რუსული ინტერვენციის შედეგად დაიღუპა საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 170 სამხედრო პირი, 14 პოლიციელი.
დაკარგულად მიიჩნევა 8 ჯარისკაცი. სახლები დატოვა თითქმის 150 ათასმა ადამიანმა. მათგან დღემდე დევნილობაში რჩება 30 ათასამდე. /ჰერეთი/
Комментариев нет:
Отправить комментарий