კულტურისა და სპორტის ცენტრის უკვე ექს–დირექტორი თამაზ კირვალიძე საკრებულოს ინფრასტრუქტურისა და სივრცით–ტერიტორიული დაგეგმარების კომისიის თავმჯდომარედ ინიშნება.
სოფელ ჯაფარიძის მაჟორიტარი დეპუტატი ილია ტალიაშვილი, რომელიც მანამდე ამ კომისიას ხელმძღვანელობდა, ამიერიდან ქალაქის დასუფთავების სამსახურს შპს „სერვისი 2007“–ს უხელმძღვანელებს.
ადგილობრივი ხელმძღვანელობის განმარტებით, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის თვითმმართველობაში საკადრო ცვლილებები შპს „სერვისი–2007“–ში არსებულმა ვაკანსიამ განაპირობა. /შირაქი/
* * *
დედოფლისწყაროს სათნოების სახლი ინტერნეტ–გაზეთ „ქიზიყის“ მიერ ახლახან გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება და ბრალდებებთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს. როგორც სათნოების სახლის საქმის მწარმოებელმა ციცო დარჩიაშვილმა „ქიზიყს“ განუცხადა, მენიუდან ხილის კომპოტი არ ამოუღიათ, უბრალოდ მისი გაცემის დღეები შემცირდა. რაც შეეხება ხილს, დარჩიაშვილი განმარტავს, რომ კერძო შემოწირულობები მათ თითქმის აღარ აქვთ, რის გამოც ხილის პერიოდულ შეძენასაც ვეღარ ახერხებენ.
,,ბრალდება, თითქოს ხილის კომპოტი მენიუდან ამოვიღეთ, სიცრუეა... უბრალოდ, მოხუცების მხრიდან იყო მოთხოვნა, რომ დაგვემატებინა ჩაიც. მანამდე კომპოტი ყოველდღიურად ეძლეოდათ, ახლა კი გადაწყდა, რომ კვირაში 4 ჯერ კომპოტი მიიღონ, 2–ჯერ კი ჩაი... რაც შეეხება ზამთარ–ზაფხულ მენიუს ერთნაირობას, უნდა გითხრათ, რომ ქვეყანაში ასეა დადგენილი და მენიუ ვერ იცვლება. მისი გადახედვა მხოლოდ წელიწადში ერთხელ ხდება. ბევრი ვეცადე, მაგრამ მენიუს შეცვლა ვერ მოხერხდა... ეს ბევრ ნიუანსებთან იყო დაკავშირებული და შეუძლებელია... ადრე, ჩვენთან ხშირი იყო კერძო შემოწირულობები, რის გამოც არაგეგმიურად, სადღესასწაულო დღეებში ერთჯერადად მაინც ვყიდულობდით ხილს და ვანაწილებდით. ახლა კი რატომღაც კერძო პირები აღარ გვეხმარებიან და ფული არ გვაქვს, რომ ღატაკებს ხილი შევუძინოთ. თუმცა, ჩაისთან ერთად დესერტის სახით პეჩენიას და ხილის კანფეტს ვურიგებთ–ხოლმე... ამ ეტაპზე სხვა ვერაფერი ხერხდება,“ – აცხადებს ციცო დარჩიაშვილი.
როგორც სათნოების სახლის ხელმძღვანელობა განმარტავს, ბენეფიციარები კვირაში 2–ჯერ იღებენ ხორცს, ქათამს და თევზს. /ქიზიყი/
Комментариев нет:
Отправить комментарий