ქალაქ დედოფლისწყაროში მაწანწალა ძაღლები მასობრივად დახოცეს. ცხოველების ლიკვიდაცია მას შემდეგ განხორციელდა, რაც ცოფის საფრთხეზე ინფორმაცია მედიასაშუალებებით გავრცელდა და 34 დაკაწრულ ადამიანს ცოფის საწინააღმდეგო აცრები მასობრივად ჩაუტარდა.
დედოფლისწყაროს დასუფთავების სამსახურის შპს „სერვისი 2007“–ის უფროსი ილია ტალიაშვილი „ქიზიყთან“ საუბარში ადასტურებს, რომ მათმა სამსახურმა ლიკვიდირებული ცხოველებისგან ქალაქის ქუჩები მართლაც გაწმინდა, თუმცა ტალიაშვილი აცხადებს, რომ კონკრეტულად ვინ გაანადგურა ცხოველი, მისთვის ამის თაობაზე ცნობილი არ არის.
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე ალექსანდრე ალუღიშვილი აცხადებს, რომ მაწანწალა ძაღლების განადგურების დავალება ადგილობრივ თვითმმართველობას არ გაუცია. მისი თქმით, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა არ ფლობს ინფორმაციას, კონკრეტულად ვინ დახოცა ცხოველი:
,,შესაძლოა, კერძო პირებმა მოახდინეს ქალაქში მაწანწალა ძაღლების ლიკვიდაცია. ალბათ, მოსახლეობა დაიღალა და ვინმემ გადაწყვიტა თავად დაეხოცა ისინი... თორემ, ამის თაობაზე დავალებას მუნიციპალიტეტი ვერანაირად ვერ გასცემდა,“ – აცხადებს ალუღიშვილი.
ორიოდ დღის წინ ცხოველის მიერ დაკაწრული ბავშვები და მათთან უშუალო კონტაქტში მყოფი 34 ადამიანი დედოფლისწყაროს საზოგადოებრივი ჯანდაცვის რაიონულმა ცენტრმა მასობრივად აცრა, ისინი ამბულატორიულ მკურნალობას ამ დრომდე განაგრძობენ. თბილისში გამოსაკვლევად გაგზავნილ მკვდარ ცხოველს კი ცოფი ლაბორატორიულად დაუდგინდა.
როგორც საზოგადოებრივი ჯანდაცვის რაიონული ცენტრის დირექტორის მოადგილე ლალი ალადაშვილმა „ქიზიყს“ განუცხადა, მიმდინარე წელს ჯანდაცვის ცენტრს 209 დაკბენილ–დადორბლილ–დაკაწრულმა პირმა მიაკითხა, რომელთაც შესაბამისი მკურნალობა ჩაუტარდათ. თუმცა, ალადაშვილი იქვე იმასაც დასძენს, რომ დედოფლისწყაროში ამ დრომდე იმუნოგლობულინის ვაქცინა არ შემოუტანიათ. /ქიზიყი/
* * *
სამთაწყაროს მოსახლეობა ზარალის ანაზღაურებას ითხოვს
დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ სამთაწყაროს მოსახლეობა ხელისუფლებისგან ზარალის ანაზღაურებას ითხოვს. 15-მდე ოჯახს ამდენივე ჰექტარი მსხმოიარე ვენახი რამდენიმე დღის წინ დაეწვა. სამთაწყაროელები ამბობენ, რომ მთელი წლის სარჩოს გარეშე დარჩნენ და ხელისუფლებამ ზარალის ნახევარი მაინც უნდა აუნაზღაუროს.
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე ემზარ ჯანაშვილის განცხადებით, კი მათი დახმარება იმ შემთხვევაში მოხდებოდა, თუ მოსავალი დაზღვეული ექნებოდათ.
სამთაწყაროს მოსახლეობა ეჭვობს, რომ მათ რამდენიმე დღის წინ ვენახები შეგნებულად დაუწვეს. ადგილობრივი რეზო ანანიძე ამბობს, რომ სოფელში 200 ჰექტარზე ზეთისხილის პლანტაციების გაშენება იგეგმება. არადა აღნიშნული ტერიტორიების ნაწილი მოსახლეობის საკუთრებაა, ხოლო ნაწილი საძოვრებია.
ანანიძის თქმით, მათ საკუთრებაში არსებული მიწების გაყიდვა შესთავაზე, თუმცა მოსახლეობა უარს ამბობს. ამიტომ მას ეეჭვება, რომ უარის შემდეგ 15 ჰექტარამდე მსხმოიარე ვენახე შემთხვევით დაიწვა. /ჰერეთი, მედიანიუსი/
Комментариев нет:
Отправить комментарий