
როგორც გაზეთმა "შირაქმა" გაარკვია, მოხუც ქალბატონს შვილიც ჰყავს, თუმცა ჯანაშვილი ირწმუნება, რომ უკანასკნელი 10 წლის მანძილზე მისი ერთადეთი ვაჟის შესახებ არაფერი სმენია და არც ის იცის, საზღვარგარეთ გადახვეწილი შვილი ცოცხალია თუ მკვდარი:
"10 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ჩემი ვაჟი სამუშაოდ რუსეთში გაემგზავრა. მას შემდეგ მან ჩვენთან კონტაქტი გაწყვიტა. დავრჩი ასე მარტო და სრულიად უყურადღებოდ. ჩემი მომხედავი აღარავინაა. სახლიც დამენგრა და ღია ცის ქვეშ აღმოვჩნდი. მალევე ჩემი ეზოდან ყველაფერი დაიტაცეს, რაც რამ მოსაპარი იყო, ყველაფერი გაზიდეს, მხოლოდ ადგილი დამრჩა და სასწრაფოდ გავყიდე, სანამ უარეს დღეში ჩააგდებდნენ. ისეთ ვითარებაში აღმოვჩნდი, ყოველდღე თვითმკვლელობაზე ვფიქრობ, ცოტა მიკლია, რომ ყელი გამოვიჭრა. ასე ცას გამოკიდებული როდემდე ვიქნები? იქნებ რამენაირად დამეხმაროთ," - აცხადებს მარტოხელა ჯანაშვილი.
გაზეთ "შირაქის" ინფორმაციით, მარია ჯანაშვილი სოციალურად დაუცველთა კატეგორიას მიეკუთვნება და სიღატაკის დაძლევის სახელმწიფო პროგრამის ერთიან ბაზაშიც არის რეგისტრირებული. ჯანაშვილი ჩვენთან საუბარში არ მალავს, რომ ყოველთვიურ საარსებო შემწეობას იღებს, თუმცა იქვე იმასაც აღნიშნავს, რომ მიზერული თანხა არათუ კვებაში, აუცილებელი მედიკამენტების შესაძენადაც არ არის საკმარისი.
"სოფელ წითელწყაროში, ფორე მოსულიშვილის ქუჩაზე მდებარე ახლობლის ბინაში ვცხოვრობ. ქირაში გადასახდელი ფულიც არ მაქვს და არ ვიცი, რა მეშველება. თავის დროზე, ვიდრე ბინა დამენგრეოდა, დახმარება სოფლის რწმუნებულს, რობიზონ დათუკიშვილსაც ვთხოვე, მაგრამ უყურადღებოდ დამტოვა. ბინის გამაგრების თხოვნით გამგეობასაც მივმართე. მოვიდნენ, ვითარება ადგილზე შეამოწმეს, ოქმიც შეადგინეს, პროექტიც დაიწერა, 500 ლარი უნდა გამოეყოთ, მაგრამ აღარც ეს თანხა მოგვცეს და რადგან დამოუკიდებლად ბინის გამაგრება ვერ შევძელი მალევე დაინგრა ახლა კი სხვის ჭერქვეშ ვარ, წასასვლელი არსად მაქვს და დამხმარეც არავინ მყავს,"- აცხადებს ჯანაშვილი.
გაზეთი "შირაქი" სოფელ არბოშიკის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულს რობიზონ დათუკიშვილს დაუკავშირდა და მარტოხელა მოხუცის გულისტკივილი გააცნო. რწმუნებული ამბობს, რომ კონკრეტულად არ ახსოვს, თუ რა საკითხზე მიმართა ჯანაშვილმა დახმარებისთვის, მაგრამ დათუკიშვილი ირწმუნება, რომ შესაძლებლობის ფარგლებში დაეხმარა: "ეს ქალბატონი ჩემი ყოფილი თანამშრომელია, წარსულში ერთად ვმუშაობდით და ცხადია, მას უყურადღებოდ არ დავტოვებდი. როგორც ვიცი, განცხადება გამგეობაში შეიტანა და მერე რა გადაწყვიტეს, აღარ მახსოვს. არა მგონია, რომ უკმაყოფილო დარჩენილიყო,"- აცხადებს სოფლის რწმუნებული.
მარტოხელა ქალბატონის პრობლემები დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალური სამსახურის ხელმძღვანელს ივანე ხელაშვილს გავაცანით. როგორც სოციალური სამსახურის უფროსმა გაზეთ "შირაქს" განუცხადა, მიმდინარე წლიდან ბინის გასამაგრებლად ადგილობრივ ბიუჯეტში გათვალისწინებული ერთჯერადი ფულადი დახმარების გაცემის წესი შეიცვალა. ხელაშვილი განმარტავს, რომ ერთჯერადი 500-ლარიანი დახმარების ნაცვლად 2011 წლიდან ამ კატეგორიის მოქალაქეთათვის გათვალისწინებულია ყოველთვიური ბინის ქირის, ასევე მოხმარებული ელექტროენერგიისა და სხვა ხარჯების ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსება. ასე რომ, ბინის სარეაბილიტაციოდ გათვალისწინებული ერთჯერადი ფულადი დახმარება მიმდინარე წლიდან ამ ღონისძიებებმა ჩაანაცვლა.
როგორც დედოფლისწყაროს გამგეობაში განმარტავენ, ამგვარი დახმარებით ჩვენს მუნიციპალიტეტში არაერთი ოჯახი უკვე სარგებლობს. მათი თქმით, ავარიულ ბინებში მცხოვრებ ოჯახებს შენობის რეაბილიტაციის ნაცვლად მუნიციპალიტეტის შესაბამისმა სამსახურებმა ბინის ქირით უზრუნველყოფა და მოხმარებული ელექტროენერგიის გადასახადის დაფარვა ყოველთვიურ რეჟიმში შესთავაზეს. ამ კატეგორიის ოჯახებმა ალტერნატიული საცხოვრებელი ფართი უკვე მოიძიეს და სიცოცხლისთვის უსაფრთხო ბინებში დაბინავდნენ.
86 წლის მარტოხელა მარო ჯანაშვილის განცხადება დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობაში ჯერ არ შესულა. როგორც გამგეობის სოციალურ სამსახურში განმარტავენ, თუკი ჯანაშვილი გამგეობას დახმარების თხოვნით მიმართავს, ასეთ შემთხვევაში მუნიციპალიტეტი მზადაა, ყოველთვიურად ჩარიცხოს როგორც ქალბატონის ბინის ქირის, ასევე მოხმარებული ელექტროენერგიის საფასური.
ავტორი: ილია მარტყოფლიშვილი
Комментариев нет:
Отправить комментарий