როგორც ცნობილია, ახლახან გაერთიანებული წყალმომარაგების სისტემის დედოფლისწყაროს სერვის-ცენტრში მეტროლოგია-სტანდარტიზაციის ჯგუფი შეიქმნა, მის ხელმძღვანელად კი მარინა ალადაშვილი დაინიშნა. ის წყალკანალში მანამდე გადასახადების ამკრეფად, ანუ ინკასატორად მუშაობდა. მიუხედავად იმისა, რომ ალადაშვილს უმაღლესი განათლება საერთოდ არ გააჩნია, ამ დროისთვის ის ორ თანამდებობას იკავებს. მარინა ალადაშვილის ანაზღაურება წყალკანალში 650 ლარს შეადგენს, ხოლო ამის პარალელურად ის სს „დედოფლისწყარო რაიგაზი“-ს მდივნადაც მუშაობს, სადაც მისი ყოველთვიური ანაზღაურება 250 ლარს შეადგენს.
მის გაუნათლებლობას გაზიფიკაციის თავკაცი ემზარ ჯანაშვილიც ადასტურებს და გაზეთ „ქიზიყთან“ საუბარში არ მალავს, რომ ალადაშვილი სამსახურში პირადი ინტერესებით მიიღეს და მის განათლებაზე თვალი დახუჭეს.
ემზარ ჯანაშვილი: „რა მოხდა ახლა, აქ საინტერესო რა ნახეთ, ვერ გამიგია... მარტოხელა ქალია, შვილს მარტო ზრდის. მაშინ წყალკანალში ხელფასი თვეში მხოლოდ 50 ლარი ჰქონდა და რადგან უჭირდა ამიტომ მივიღეთ...
-- კი მაგრამ, ზოგს ერთი სამსახურიც არ აქვს, მასზე გაჭირვებულიც ბევრია... ალადაშვილს კი, რომელსაც არანაირი უმაღლესი განათლება და დიპლომი არ აქვს, ამჟამად ერთდროულად 2 სამსახური აქვს. მისი ყოველთვიური შემოსავალი კი 1 000 ლარს აღწევს... აი, ეს ვნახეთ საინტერესო...
-- გეთანხმებით... ნუ, ახლა... მისი განათლება ეს სულ სხვა საკითხია... მაგრამ გაზიფიკაციაში მდივნად რომ გადმოვიდა, მაშინ წყალკანალში დაბალი ხელფასი ჰქონდა და ამიტომ მივიღეთ“
მოკლედ, როგორც „ქიზიყმა“ გაარკვია, მეტროლოგია-სტანდარტიზაციის ჯგუფის ხელმძღვანელი მარინა ალადაშვილი საკუთარ ქმედებებს აღარც მის უფროსს, დედოფლისწყაროს სერვის-ცენტრის მენეჯერს გიორგი ბენაშვილს უთანხმებს. გაირკვა ისიც, რომ ბოლო პერიოდში ალადაშვილი თავისი ქმედებებით, მის უფროსს, გიორგი ბენაშვილს თავზე გადაახტა და თვითნებურად იმოქმედა...
ყველაფერი კი ასე დაიწყო. სტანდარტიზაციის ჯგუფში ერთ-ერთ წევრად მიღებული ნოდარ პაპაშვილი (სხვათაშორის, უმაღლესი განათლების მქონე) თავის ხელმძღვანელს მარინა ალადაშვილს 1 დღით დაეთხოვა. ოჯახური პირობების გამო გათავისუფლება ითხოვა და გაცდენაში რომ არ ჩაეთვალათ ხელმძღვანელთან შეათანხმა, თუმცა საბოლოოდ კი გაირკვა, რომ ალადაშვილმა იმდენი „იჩალიჩა“ პაპაშვილი სამსახურიდან გააშვებინა...
„ქიზიყმა“ ისიც გაარკვია, რომ იმავე დღეებში ალადაშვილის მიერ დაწერილი მოხსენებითი ბარათი გაერთიანებული წყალმომარაგების სისტემის თბილისის მთავარ ოფისში, მეტროლოგია სტანდარტიზაციის ჯგუფის უფროსის თემურ ხვედელიძის სახელზეც გაიგზავნა. ქალბატონი მარინა ალადაშვილი წუხდა და აღშფოთებას გამოხატავდა, რომ თითქოს თანამშრომელი მას არ ემორჩილებოდა, დღეების მანძილზე აცდენდა და მისი გათავისუფლება ამიტომ სურდა...
გაზეთ „ქიზიყის“ საგამოძიებო ჯგუფი ინფორმაციის გადამოწმებას კომპანიის თბილისის ოფისში, სტანდარტიზაციის ჯგუფის უფროსთან თემურ ხვედელიძესთან შეეცადა. სხვათაშორის, ჩვენდა გასაკვირად, ხვედელიძემ დაადასტურა, რომ ალადაშვილის მოხსენებითი ბარათი მიიღო.
თემურ ხვედელიძე: „დედოფლისწყაროდან ჩემს სახელზე ალადაშვილის მოხსენებითი ბარათი ნამდვილად შემოვიდა. თუმცა, მე თანამშრომლების დანიშვნა-გათავისუფლებას ნამდვილად არ ვწყვეტ... ეს ჩემი კომპეტენცია არ გახლავთ... ამიტომ, ეს მოხსენებითი ბარათი შესასწავლად თელავის განყოფილებას გადავუგზავნე... იქ რა გადაწყვიტეს ვერ გეტყვით... სხვათაშორის, თელავის განყოფილებაში ახალი თანამშრომლები არიან და მათ არც კი ვიცნობ...“
ახლა კი იმის შესახებ, თუ როგორ გადაახტა თავზე მარინა ალადაშვილი სერვის-ცენტრის მთავარ მენეჯერს. ვითარების გარკვევა ჩვენ დედოფლისწყაროს წყალკანალის უფროსთანაც ვცადეთ. ბენაშვილისგან ამ შემთხვევაშიც საკმაოდ გულახდილი და უცნაური კომენტარი მივიღეთ, რომელიც მოულოდნელი აღმოჩნდა.
გიორგი ბენაშვილი (გაერთიანებული წყალმომარაგების სისტემის დედოფლისწყაროს სერვის-ცენტრის მენეჯერი): „ამ საკითხთან დაკავშირებით ჩემი აზრი ასეთია, რომ შეიძლებიდა ეს პრობლემა ჩვენთან ადგილზევე მოგვარებულიყო და ჩვენ გადაგვეწყვიტა. ალადაშვილს ჩემთვის არაფერი უთქვამს და პირდაპირ ცენტრალურ ოფისს მიმართა. არადა, მიმაჩნია, რომ ეს ახალგაზრდა საკმაოდ პერსპექტიული და განათლებულია, ამიტომ ჯობდა აქ გადაგვეწყვიტა და მეც მცოდნოდა... შეიძლებოდა უფრო მსუბუქად მოგვეგვარებინა, ან საყვედური გამოგვეცხადებინა... ალადაშვილს ჩემთვის არაფერი შეუთანხმებია“ -- ამბობს ბენაშვილი და თანაგუნდელის საქციელით მის ტონში წყენა შეინიშნებოდა.
ასე და ამრიგად, აშკარაა, რომ ალადაშვილი პირადი ინტერესებით მოქმედებს და გარკვეულ მზაკვრულ გეგმებს აწყობს. სხვათაშორის, ამ თემაზე მუშაობის დროს „ქიზიყთან“ საუბრისას ალადაშვილს უამრავი ადამიანი ემდუროდა...
მიზეზების გარკვევას ბრალდებების ადრესატთან მარინა ალადაშვილთან პირადად შევეცადეთ. თუმცა, უნდა ითქვას, რომ მისი სამსახურეობრივი ნომერი 8(91) 40 38 66 მუდმივად გამორთული იყო.
სხვათაშორის ძალზე უცნაური დამთხვევაა ისიც, რომ ალადაშვილმა "ქიზიყთან" კომენტარი მას შემდეგ გააკეთა, რაც ამ სტატიის შესახებ ანონსი გამოვაქვეყნეთ. უცნაური გახლდათ მისი პოზიციაც... უნდა ითქვას, რომ მანამდე ნოდარ პაპაშვილის გათავისუფლებას ყველა წყარო ადასტურებდა, თუმცა, მას შემდეგ, რაც ქიზიყის საიტზე სტატიის ანონსი გამოჩნდა, მარინა ალადაშვილი სხვანაირად ალაპარაკდა: "აი, სწორედ ახლა ნოდარი ჩემთან მოდის სახლში უნდა შემოვიდეს. დავილაპარაკებთ და გავარკვევთ, არანაირად გათავისუფლებული არ არის... მოვა და უნდა ვილაპარაკოთ..."
თამილა გურაშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
დაცული ტერიტორიების სააგენტოში თურქეთის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (TIKA) საქართველოს ოფისის კოორდინატორის მოადგილე თეომან თირიაქმა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი შოვანაძემ დედოფლისწყაროს რაიონში მდებარე ვაშლოვანის ეროვნული პარკისთვის საველე საკომუნიკაციო სისტემების გადმოცემის აქტს მოაწერეს ხელი. პროექტის ფარგლებში ვაშლოვანის დაცული ტერიტორიის სპეციალური საველე საკომუნიკაციო სისტემებით აღჭურვა განხორციელდა, ასევე, ადმინისტრაციის თანამშრომლები გადამზადდნენ თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებაში. როგორც "ქიზიყმა" გაარკვია, პროექტის ბიუჯეტმა 35 000 ლარი შეადგინა. დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციით, ვაშლოვანის ეროვნული პარკის საკომუნიკაციო სისტემებით უზრუნველყოფის პროექტი დაცული ტერიტორიის თანამშრომლებისთვის კომუნიკაციის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად. საკომუნიკაციო სისტემები პარკის რეინჯერებს ხელს შეუწყობს საველე პირობებში მუშაობისას, მობილური კავშირის შეზღუდულ პირობებში, შეუფერხებლად აწარმოონ პატრულირება, ვიზიტორთა მომსახურების უზრუნველყოფის და დაცვის გაუმჯობესების მიზნით. ვაშლოვანის ნაკრძალის ადმინისტრაცია პროექტს მნიშვნელოვანს უწოდებს და ტურისტების ნაკადის მისაღებად კვლავაც მზადყოფნას გამოსთქვამს. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი თბილისიდან
Комментариев нет:
Отправить комментарий