უხვი ატმოსფერული ნალექების მოსვლის პირობებში, კახეთში სტიქიური გეოლოგიური პროცესების მნიშვნელოვანი გააქტიურებაა მოსალოდნელი. საფრთხე რეგიონის 50-ზე მეტ სოფელს ემუქრება. ამ ინფორმაციას კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი CENN ავრცელებს.
ორგანიზაციის ცნობით, 1987 წლიდან მოყოლებული საქართველოში ბუნებრივი კატასტროფების გამო 400 ადამიანი დაიღუპა. ამავე პერიოდში ეკომიგრანტების სტატუსით 50 ათასამდე ოჯახი გაიყვანეს. ათეულობით სოფელი მთლიანად დაიცალა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მეტ-ნაკლები სიმძაფრით, საფრთხის წინაშე საქართველოს ყველა რეგიონი დგას. 2006 წლის ჩათვლით, საქართველოს ტერიტორიაზე დაფიქსირებულია 53 000-მდე მეწყრული სხეული, რომელთა საერთო ფართობი 1,5 მლნ ჰა-ს აღემატება. მათი 70% ურბანიზებულ ტერიტორიებს მოიცავს. დაზიანებულია დიდი წყალსაცავების ნაპირების 25, ხოლო ქვეყნის საავტომობილო გზების 30 პროცენტი.
ბოლო ერთი წლის განმავლობაში სტიქიამ კახეთს 15 მილიონამდე ლარის ზარალი მიაყენა. როგორც ასოციაცია CENN-ში განმარტავენ, მძიმე მდგომარეობის მიუხედავად, სერიოზული ღონისძიებები, რომელიც შემოდგომაზე მოსალოდნელი წყალდიდობის შემთხვევაში სტიქიის პრევენციას მოახდენდა, ფაქტობრივად, არ გატარებულა.
ამის მიზეზად მუნიციპალიტეტის გამგებლები ადგილობრივ ბიუჯეტში საკმარისი ფინანსური რესურსების არ ქონას ასახელებენ. მათივე თქმით, სტიქიური უბედურებების პრევენციისთვის საკმარის თანხებს არც ცენტრალური ბიუჯეტი გამოყოფს.
ოფიციალური მონაცემებით, გასულ წელთან შედარებით, წელს, ნაპირსამაგრი სამუშაოების თანხა 9 მილიონიდან 1 მლნ 800 000 ლარამდეა შემცირებული. /ფაქტი/
ე.წ. „სტალინის ბაღი“ დედოფლისწყაროელებს 66 000 ლარი დაუჯდებათ
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებლის 2010 წლის 12 აგვისტოს #379-ე ბრძანების საფუძველზე შპს „დიდოსტატს“ ადგილობრივი ბიუჯეტიდან ურბანული ტერიტორიის კეთილმოწყობისთვის გათვალისწინებული ხარჯებიდან 40 932 ლარი გამოეყო.
„რუსთაველის ქუჩაზე, ფოსტის შენობის წინ მდებარე სკვერისა და გამგეობის წინ მდებარე სკვერის მოსაწესრიგებლად მთლიანად 66 ათასი ლარი გამოვყავით“ - აცხადებს დედოფლისწყაროს გამგებელი ნიკოლოზ შანშიაშვილი.
სამუშაოები გაზაფხულიდან დაიწყო და ამ დრომდე არ დასრულებულა. ადგილობრივები მიიჩნევენ, რომ გაჭიანურებული სამუშაოები „ფულის მოტეხვის“ საუკეთესო საშუალებაა, მით უფრო რომ სკვერი ე.წ. რიყის ქვით მოეწყო და მასზე განსაკუთრებული თანხა ვერ დაიხარჯებოდა. /ქიზიყი/ თამილა გურაშვილი
ნიკოლოზ შანშიაშვილმა რთველის დაწყებამდე საზღვრისპირა სოფლები მოინახულა
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელი ნიკოლოზ შანშიაშვილი საზღვრისპირა სოფლებს ესტუმრა. გამგებელი „რთველი 2010“-ის მოსამზადებელი სამუშაოებით დაინტერესდა და სოფლის რწმუნებულებთან ერთად სამთაწყაროსა და ფიროსმანში მცხოვრებ მევენახეებს შეხვდა.
ნიკოლოზ შანშიაშვილი: „ბოლო დღეებში ეს უკვე ჩემი მეორე ვიზიტია ფიროსმანსა და სამთაწყაროში. ეს კი ძირითადად რთველს უკავშირდება. ადგილობრივებს ავუხსენი, სად შეეძლებათ ყურძნის დაბინავება და რომელ ქარხნებს უნდა მიმართონ. მოსახლეობა სრულ მზადყოფნას გამოხატავს. ველოდებით რთველის დაწყებას. ამ მხრივ, საბედნიეროდ, არანაირი დაბრკოლება ან რაიმე სახის პრობლემა არ არსებობს“ - აცხადებს დედოფლისწყაროს გამგებელი.
მოსახლეობას გამგებელთან რაიმე სახის განსაკუთრებული შენიშვნა, ან თხოვნა ამჯერად არ დაუყენებია.
„ქიზიყის“ ინფორმაციით, საზღვრისპირა სოფლებში რთველის სამზადისის ადგილზე გაცნობას და იქაური მევენახეების პირადად მონახულებას დედოფლისწყაროს საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ბაღაშვილიც უახლოეს დღეებში გეგმავს. უკვე მერამდენე დღეა ბაღაშვილი რაიონში არ იმყოფება. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი
არხილოში პოლიციის ახალი შენობის მშენებლობა უკვე დაიწყო
საზღვრისპირა სოფლებში პოლიციის განყოფილების გასახსნელად დედოფლისწყაროს ბიუჯეტიდან 67 ათასი ლარი მუნიციპალიტეტის საკრებულომ გამოყო. როგორც "ქიზიყმა" გაარკვია, თანამედროვე სტანდარტების შუშის, გამჭვირვალე შენობის აგება სოფელ არხილოსკალოში იგეგმება.
შს დედოფლისწყაროს პოლიციის სამმართველოს უფროსმა გელა ბუნტურმა გაზეთ "ქიზიყს" განუცხადა, რომ შენობის ასაგებად სამშენებლო სამუშაოები სოფელ არხილოსკალოში უკვე დაიწყო.
ეს ინფორმაცია ინტერნეტ-გაზეთ "ქიზიყს" მუნიციპალიტეტის გამგებელმა ნიკოლოზ შანშიაშვილმაც დაუდასტურა. გამგებელი ამბობს, რომ მუნიციპალიტეტის გამგეობამ სამშენებლო სამუშაოების განსახორციელებლად ხელშეკრულება შპს "ტექნოთერმთან" გააფორმა.
შეგახსენებთ, საკრებულოს ამგვარ გადაწყვეტილებას მოსახლეობის ნაწილი და არასამთავრობო სექტორი უარყოფითად შეხვდა. როგორც ცნობილია, ცენტრალურ დაფინანსებაზე მყოფი უწყებებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან თანხების გამოყოფა კანონდარღვევაა. მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელები კი მიიჩნევენ, რომ საზღვრისპირა სოფლები სპეციფიურობით გამოირჩევა და ადგილობრივი ხელისუფლება ვალდებულია უსაფრთხოების ნორმების დაცვაზეც განსაკუთრებულად იზრუნოს. სწორედ ამიტომაც, ბიუჯეტში შესული დამატებითი თანხები პოლიციისკენ მიმართეს. /ქიზიყი/
ვანო ნატროშვილი დედოფლისწყაროში შიდსის გავრცელებასთან დაკავშირებულ აჟიოტაჟს ცრუს უწოდებს
ბოლო რამდენიმე დღეა დედოფლისწყაროში აჟიოტაჟი იმ ფაქტთან დაკავშირებით არ ცხრება, თითქოს შიდსის რამდენიმე შემთხვევა გამოვლინდა.
გაზეთ "ქიზიყის" საგამოძიებო ჯგუფი ვითარების გარკვევას რამდენიმე დღის მანძილზე ცდილობდა. საბოლოო ჯამში გაირკვა, რომ გავრცელებული ხმები პანიკის ნაწილია და ოფიციალურად შიდსის შემთხვევა არსად დაფიქსირებულა.
შეგახსენებთ, ორიოდ თვის წინ გურჯაანიდან გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რომელიც შიდსის რეგიონულ ცენტრს ეყრდნობოდა, ნათქვამი იყო, რომ დედოფლისწყაროში შიდსის 1 შემთხვევაა ოფიციალურად დადასტურებული. თუმცა, ამჯერად დედოფლისწყაროს საავადმყოფო-პოლიკლინიკური გაერთიანების ხელმძღვანელი ვანო ნატროშვილი ამ ფაქტსაც უარყოფს და ამბობს, რომ ოფიციალურად დედოფლისწყაროში ეს დაავადება არ გამოვლენილა და ამის შესახებ არც არაფერი სმენია.
"ქიზიყი" ვანო ნატროშვილს ბოლო დღეებში დედოფლისწყაროში ატეხილ აჟიოტაჟთან დაკავშირებითაც ესაუბრა. ცნობილი ექიმი განმარტავს, რომ არც ბოლო დღეებში დაფიქსირებულა შიდსის ფაქტი და მითუმეტეს, საბედნიეროდ, არც რამდენიმე შემთხვევა გამოვლენილა...
ასე რომ, დედოფლისწყაროში ამ ეტაპზე შიდსის არცერთი შემთხვევა არ ფიქსირდება!... /ქიზიყი/ თამილა გურაშვილი
პრობლემების გამო სოფელი თავწყარო მოსახლეობისგან იცლება
დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ თავწყაროში 40-მდე ადამიანიღა ცხოვრობს. მძიმე სოციალური პრობლემების გამო ახალგაზრდებმა სოფელი რამდენიმე წლის წინ დატოვეს. ახლა იქ ძირითადად მოხუცები ცხოვრობენ. სოფლის მასობრივი დაცლა 2002 წელს, დაწყებითი სკოლის გაუქმების შემდეგ დაიწყო. როგორც ადგილობრივმა მოსახლეობამ რადიო "ჰერეთს" განუცხადა, სოფლიდან ოჯახები თბილისში გადავიდნენ. მათი უმეტესობა იქ ქირით ცხოვრობს. ბავშვები თავწყაროში მხოლოდ ზაფხულობით ჩადიან.
როგორც "ჰერეთის" მობილურმა ჯგუფმა ადგილზე გაარკვია, სოფელში არც საბავშვო ბაღია, არც ამბულატორია და არც მაღაზია. დაზიანებულია სოფელთან მისასვლელი და შიდა საუბნო გზები.
მიგრაციის დაწყების მიზეზად იქ დარჩენილები აღნიშნულ პრობლემებთან ერთად სასმელ წყალსაც ასახელებენ.
ერთადერთი წყარო, რომლითაც სოფელი სარგებლობს სოფლიდან 3 კილომეტრშია, ამიტომ მათ ხშირად წვიმის წყლის დალევა უხდებათ.
ნიკოლოზ შანშიაშვილი, დედოფლისწყაროს გამგებელი ამბობს, რომ ზემოთ აღნიშნული პრობლემები მისთვის ცნობილია. "გულხელდაკრეფილი არ ვართ და მის მოგვარებაზე ყოველდღე ვმუშაობთ", - განაცხადა გამგებელმა. /ჰერეთი/
გამგეობამ პოლიციის სამმართველოს მანქანის შესაძენად 21 570 ლარი ჩაურიცხა
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებლის ნიკოლოზ შანშიაშვილის 13 აგვისტოს # 378-ე ბრძანების საფუძველზე ფიზიკურ პირს დავით გელაშვილს საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად დედოფლისწყაროს ბიუჯეტიდან 21 570 ლარი შსს-სთვის 1 ერთეული მერსედეს-ბენც S-500 საქონლის შესყიდვისთვის ჩაერიცხა.
როგორც ცნობილია, ამას გარდა, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბოლო სხდომაზე დეპუტატებმა კენჭი ქედების ზონის პოლიციის განყოფილებისთვის თანამედროვე სტანდარტების შუშის შენობის ასაგებად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 67 000 ლარი გამოუყო. საკითხს მხარი უკლებლივ ყველა დეპუტატმა დაუჭირა.
ექსპერტების განცხადებით, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ ორგანული კანონისა და „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეული ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილებებს არ განეკუთვნება ისეთი დაწესებულებების დაფინანსება, რომელიც კანონით ცენტრალური ბიუჯეტიდან ფინანსდება. პოლიციის რაიონული სამმართველოები კი ცენტრალური ბიუჯეტიდან ფინანსდებიან.
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ბაღაშვილი გადაწყვეტილებაში კანონდარღვევას ვერ ხედავს.
ლევან ბაღაშვილი (დედოფლისწყაროს საკრებულოს თავმჯდომარე): ,,2009 წლის 27 მარტს ადგილობრივი თვითმმართველობის კანონში შესულია ცვლილება, რომელიც შესაძლოა ბევრმა ჯერ კიდევ არ იცოდეს... ცვლილებების მიხედვით საკრებულოს ნება ეძლევა, 2011 წლის 1 იანვრამდე განსაკუთრებულ შემთხვევებში ამგვარი სტრუქტურების დაფინანსების თაობაზე გადაწყვეტილება თავად მიიღოს... ასე რომ, ეს კანონი იანვრამდე ჯერ კიდევ ძალაშია და სწორედ მასზე დაყრდნობით ვიმოქმედეთ, როცა საზღვრისპირა სოფლებში პოლიციის განყოფილების გამჭვირვალე შენობის ასაგებად თანხა გამოვყავით... საკრებულოს და პირადად ჩემი პოზიცია არის ის, რომ ეს საზღვრისპირა სოფლები სპეციფიურობით გამოირჩევა, განსაკუთრებულ მიდგომას საჭიროებს და ჩვენი მხრიდან გამოვხატეთ მზადყოფნა, რომ იქ თანამედროვე ტიპის განყოფილება აშენდეს, რაც დანაშაულის რიცხვს მკვეთრად შეამცირებს და დადებით შედეგებს მოგვცემს... ეს იყო ჩვენი მიზანი, რომელსაც საკრებულოს წევრებიც დაეთანხმნენ. ამ გადაწყვეტილებაში არამართებულს ჩვენ ვერაფერს ვხედავთ და როგორც სჩანს, არც კანონი დაგვირღვევია... –– აცხადებს ბაღაშვილი. /ქიზიყი/ თამილა გურაშვილი
ტუბერკულოზით დაავადებული დახმარებას ითხოვს
ტუბერკულოზით დაავადებული 42 წლის სოსო ყოჩიაშვილი სოფელ ზემო მაჩხაანში გაუსაძლის პირობებში ცხოვრობს. ის ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებს. ყოჩიაშვილების ოჯახი სოციალური მომსახურების სააგენტოს ადგილობრივ თანამშრომლებსაც არაობიექტურობაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ მათი პირადი ინტერესების წყალობით მდიდრები დახმარებას იღებენ, უკიდურესად გაჭირვებულები კი კვლავაც საარსებო შემწეობის გარეშე რჩებიან:
,,ფილტვის პლევრიტით ვარ დაავადებული, მამაც ავადმყოფი მყავს, სასწრაფოდ ესაჭიროება ოპერაცია, თუმცა არანაირი საშუალება არ გვაქვს, სახელმწიფოსგან არანაირი დახმარება არ გვაქვს. ასე ღვთის ანაბარა ვართ, მკურნალობას ვერ ვახერხებთ. ჩემს პატარა ძმას უმუშევრობის გამო ნევროზი დაემართა. ახლახან პლევრიტის გამო დედოფლისწყაროს საავადმყოფოში ტყუილად ვიწექი. 380 ლარი ვივალე, ცავრიცხე, მაგრამ სულ ტყუილად გადავიხადე, არაფერი მეშველა და მერე თბილისში ხუდადოვზე გამაგზავნეს. ეს ვალი რომ მქონდა გადასახდელი სამუშაოდ გავედი, ვალის დასაფარად... ფიზიკურად მუშაობის დროს გავცივდი და ახლა ფილტვების ანთება დამემართა. არ ვიცი ამ ყველაფერს რამდენად გაუძლებს ჩემი ორგანიზმი. გაგეცინებათ, სახელმწიფოსგან დახმარებას ისეთი ოჯახები იღებენ. მაჩხაანშიც ასეა, საბერძნეთში და თურქეთში დადიან, ზოგს იქიდან დოლარებსა და ევროებს უგზავნიან, მაგრამ მაინც სიღატაკის ზღვარს ქვემოთ მყოფთათვის განკუთვნილ დახმარებას იღებენ. ღატაკი და გლეხი ხალხი კი შიმშილით იხოცება და წამლის ფულიც არ გვაქვს. ძალიან მძიმე ვითარებაში ვართ" - აცხადებს სოსო ყოჩიაშვილი.
რამდენჯერმე მიღებული უარყოფითი პასუხების შემდეგ, ყოჩიაშვილი გეგმავს განცხადებით მუნიციპალიტეტის ახალ გამგებელსაც მიმართოს. ამბობს, რომ მათგან რეალური დახმარების იმედი არ აქვს. თუმცა, როგორც "ქიზიყმა" გაარკვია, არსებული ვითარება მას სხვა გამოსავალს არ უტოვებს და არც არჩევანის საშუალებას აძლევს. მძიმე ვითარებაში მყოფი ყოჩიაშვილების ოჯახი დახმარების მოლოდინშია. /ქიზიყი/ თამილა გურაშვილი
დედოფლისწყაროში, სამთაწყაროსა და ფიროსმანის ვენახები ხმება
დედოფლისწყაროს რაიონის საზღვრისპირა სოფლებში, სამთაწყაროსა და ფიროსმანში მოსახლეობას სარწყავი წყლის პრობლემა აქვს, რის გამო ვენახები ხმება. ამ ინფორმაციას ორგანიზაცია „ღია გარემოს დაცვითი სამოქალაქო ინიციატივა" ავრცელებს.
ადგილობრივი მაცხოვრებლების თქმით, ვენახები მხოლოდ იქ არის შენარჩუნებული, სადაც მათი მორწყვა თვითდინებითაა შესაძლებელი. გასულ წელს დედოფლისწყაროს რაიონის საზღვრისპირა სოფლებში ვაზის ჩანაცვლების პროგრამა განხორციელდა, რომლის ფარგლებშიც ე.წ. ჰიბრიდული ჯიშის ვაზი გაიჩეხა. სამთაწყაროს მაცხოვრებლების თქმით, სხვა ჯიშის ვაზის დარგვას აზრი არა აქვს, რადგან მორწყვის გარეშე ნარგავებს გვალვა ანადგურებს.
როგორც ცნობილია გლობალური დათბობის პროცესი კახეთში ყველაზე მეტად დედოფლისწყაროს რაიონს დააზარალებს. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს კლიმატის ცვლილების მოდელირების ჯგუფის უფროსის ნატო კუტალაძის განცხადებით, ჩატარებული კვლევების შედეგად დადგინდა, რომ საქართველოში საშუალო ტემპერატურა 2,5-3 გრადუსით გაიზრდება, რის შედეგადაც დედოფლისწყაროში დიდი გვალვებია მოსალოდნელი [ჯი-ეიჩ-ენი]
* * *
კახეთში ახალი საავადმყოფოების მშენებლობა დაიწყო - შესრულდება თუ არა პირობა
სადაზღვევო კომპანიები პირობას დებენ, რომ მომხმარებლები სრულფასოვან მომსახურებას მიიღებენ. ამ ვალდებულებას ტენდერში გამარჯვებული სადაზღვევო კომპანიები ჰოსპიტალური განვითარების პროგრამის ფარგლებში იღებენ. ერთ-ერთი ასეთი სადაზღვევო კომპანია “არქიმედეს გლობალ ჯორჯიაა”, რომელიც კახეთში ორ ჰოსპიტალს -წნორსა და ლაგოდეხში ააშენებს. კომპანიის ხელმძღვანელის ნიკოლოზ რამიშვილის განცხადებით, ახალი საავადმყოფოები სამ რაიონს – ლაგოდეხს, დედოფლისწყაროსა და სიღნაღს მოემსახურება.
“არქიმედეს გლობალ ჯორჯია” მომსახურებების ისეთი პაკეტის შეთავაზებასაც გეგმავს, რომელიც ავადმყოფობის პრევენციაზე იქნება მიმართული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ანგარიშის მიხედვით კი, სიკვდილიანობის 60% სწორედ იმ ქრონიკული დაავადებებითაა განპირობებული, რომელთაგან 80% პრევენციას ექვემდებარება. „არქიმედეს გლობალ ჯორჯიას“ გარდა, ჰოსპიტალური განვითარების პროგრამის ფარგლებში კიდევ ორი სადაზღვევო კომპანია - „იმედი ელი“ და „ჯიპიაი ჰოლდინგი“ იმუშავებს. როგორც ჯანდაცვის სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის უფროსი სოფიო ლებანიძე აცხადებს, ჰოსპიტალური პროგრამა კახეთის რეგიონს სრულად დაფარავს. მომხმარებლებს კი სადაზღვევო კომპანიები დღეს იმ რაიონული საავადმყოფოების პირობებში ემსახურებიან, რომლებიც ადგილებზე ფუნქციონირებს. რაიონულ საავადმყოფოებში კი ხარჯის გაწევა მოქალაქეებს ნაწილობრივ თავად უწევთ - ხშირად იმის გამო, რომ რაიონულ საავადმყოფოებში შესაბამისი პირობები არ არის - ექიმის პირველადი სამედიცინო მოხმარების ნივთებით მომარაგება, ხოლო ზამთარში გასათბობად შეშის მიტანაც კი მოქალაქეებს უხდებათ. ახალი საავადმყოფოების მშენებლობა კი, როგორც ჯანდაცვის სამინისტროში განმარტავენ, ნაწილი 2011 წელს, ნაწილი კი 2012-ში დასრულდება. ჯანდაცვის სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის უფროსის სოფიო ლებანიძის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ სადაზღვევო კომპანია აღნიშნულ ვადებს დაარღვევს და ნაკისრ ვალდებულებებს ვერ შეასრულებს, საქმეს სამინისტროს ქვემდებარე მედიაციის სამსახური განიხილავსსადაზღვევო კომპანიებში ირწმუნებიან, რომ მომხმარებლის მიმართ დიდ პასუხისმგებლობას გრძნობენ. დაზღვეულების რიცხვი კი, მათი ვარაუდით, მომსახურების სერვისიდან გამომდინარე, მალე კიდევ უფრო გაიზრდება. /ჰერეთი/
ცენტრალურ ქუჩაზე ავტოავარია მოხდა
ორშაბათს, დაახლოებით დღის 14:50 წუთზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ქალაქ დედოფლისწყაროში, რუსთაველის ქუჩაზე.
ინციდენტი ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურისა და "ნაციონალური მოძრაობის" რაიონული ოფისის წინ დაფიქსირდა. შემთხვევას "ქიზიყის" კორესპონდენტიც შეესწრო. ერთმანეთს საპირისპიროდ მოძრავი ჰონდასა და 06-ის მარკის ავტომობილები შეეჯახა. ჰონდას დედოფლისწყაროს მკვიდრი, საგადასახადო სამსახურის თანამშრომელი
ზურაბ შიოლაშვილი მართავდა, ხოლო ჟიგულის მარკის მძღოლი ადგილობრივი მკვიდრი არ გახლავთ.
როგორც "ქიზიყმა" გაარკვია, შეჯახება ძლიერი არ ყოფილა, თუმცა ავტომანქანებს მცირე ზომის დაზიანებები მაინც აღენიშნება. საბედნიეროდ, მგზავრებსა და მძღოლებს სხეულის დაზიანებები არ მიუღიათ.
როგორც შს დედოფლისწყაროს პოლიციის სამმართველოში "ქიზიყს" განუცხადეს, მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება. რომელიმე მხარის ბრალეულობა ამ დროისთვის გამოკვეთილი არ არის.
გამომძიებელმა
ლევან ნატროშვილმა გაზეთ "ქიზიყთან" დეტალების დაკონკრეტება არ ისურვა და მხოლოდ იმით შემოიფარგლა, რომ ამ ეტაპზე მოკვლევა მიმდინარეობს და დეტალებს პოლიცია აზუსტებს.
/ქიზიყი/ თამილა გურაშვილი
GTZ ადგილობრივ ხელისუფლებას მოსახლეობის „ერთი ფანჯრის“ პრინციპით მომსახურებაში დაეხმარება
გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის ფონდის მრჩეველი
აკაკი რუხაძე დედოფლისწყაროს ეწვია და მუნიციპალიტეტის გამგეობის სამსახურის უფროსებსა და საკრებულოს წევრებს შეხვდა.
გაირკვა, რომ რუხაძე დედოფლისწყაროს თვითმმართველობის სისტემაში საინტერესო სიახლის შეტანის იდეით გამოვიდა. GTZ-მ მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებს შესთავაზა, შეიქმნას მოქალაქეთა მომსახურების ახალი ოფისი, რომელიც დედოფლისწყაროელებს ე.წ. „ერთი ფანჯრის“ პრინციპით მოემსახურება:
ალექსანდრე ალუღიშვილი (დედოფლისწყაროს გამგებლის მოადგილე): „საინტერესო იდეა შემოგვთავაზა გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის ცენტრმა. როგორც იცით გტზ აქტიურად თანამშრომლობს ჩვენს მუნიციპალიტეტთან. ამჯერად, ისინი გვპირდებიან, რომ შეგვიძენენ შესაბამის ინვენტარს და მოხდება თანამშრომლების გადამზადება, ტრენინგ-სემინარები. გამგეობაში უნდა შეიქმნას ახალი განყოფილება, სადაც ყველა სამსახურისა და საკრებულოს თითო წარმომადგენელი იჯდება და მოქალაქეს ადგილზევე შეეძლება ნებისმიერი საკითხის გარკვევა „ერთი ფანჯრის“ პრინციპით... ეს სავარაუდოდ ორ-სამ თვეში უნდა მოხდეს, შედეგად კი მივიღებთ იმას, რომ დედოფლისწყაროელებს კიდევ უფრო გაუადვილდებათ სხვადასხვა პროცედურები და მათთვის საინტერესო საკითხებზე ამომწურავ პასუხს შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლისგან მიიღებენ.“
როგორც „ქიზიყმა“ გაარკვია, ამ ეტაპზე ფართის გამოყოფაზე, მის აღჭურვასა და თანამშრომლების გადამზადებაზე მუშაობა დაიწყო, ახალი ოფისი სავარაუდოდ რამდენიმე თვეში უნდა გაიხსნას.
/ქიზიყი/ თამილა გურაშვილი
Комментариев нет:
Отправить комментарий