ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებელს კობა მაისურაძეს გამგეობაში ნათესავები ჰყავს დასაქმებული. კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, გამგებელი მისი მოადგილის ვაჟა ნასყიდაშვილის მეჯვარეა; გამგებლის თანაშემწე - გიორგი მაისურაძე კობა მაისურაძის ბიძაშვილია; გამგებლის ბიძაშვილია მისი მძღოლიც - ბესო მაისურაძე; გამგებლის მდივანი ნინო მაილაშვილი კობა მაისურაძის ბიძაშვილის შვილია.
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში სურათი იმით განსხვავდება, რომ ლევან ბაღაშვილის მოსვლის შემდგომ თვითმმართველობაში მისი ნათესავების გარდა მეგობრები და ახლობლები ქუჩიდან პირდაპირ ხელმძღვანელი პირების სავარძლებზე აღმოჩნდნენ. მართალია ბაღაშვილი ახლაც ამტკიცებს, რომ მისი ოჯახის წევრი თანამდებობაზე ვერ დაინიშნება, თუმცა სამაგიეროდ, მისი საძმაკაცოდან დაუსაქმებელი აღარავინ დარჩენილა...
ნიშანდობლივია ისიც, რომ ბაღაშვილის ხელმძღვანლად მოსვლის შემდეგ აქცენტი არა პიროვნების განათლებასა და მის გამოცდილებაზე, არამედ, ბაღაშვილის შეხედულებებსა და პირად დამოკიდებულებაზე კეთდება... ზოგ შემთხვევაში ხელმძღვანელი პირების სავარძლები სრულიად გამოუცდელი ადამიანების ხელში აღმოჩნდა.
გამგეობის კულუარებში დღესაც ბევრს საუბრობენ, რომ ბაღაშვილს ზოგიერთი მათგანი ბუტაფორიულად ჰყავს გაფორმებული, გადაწყვეტილებების მიმღები კი თავად გახლავთ... გამოუცდელი კადრების ხელმძღვანელებად დანიშვნას ბევრი სწორედ ამ ფაქტს უკავშირებს, რომ ისინი ადვილად სამართავები გახდნენ და მარტივად რომ ვთქვათ, გაგებაში არ არიან...
ალბათ სწორედ ამიტომაა, რომ დედოფლისწყაროში ბევრი მიიჩნევს, რომ სამსახურის ხელმძღვანელების უმრავლესობა მხოლოდ ფურცელზე დაწერილი გვარი სახელია და მეტი არაფერი... ამბობენ იმასაც, რომ მათი უმრავლესობა საკუთარი პოზიციის გამოხატვას ვერ ახერხებს...
დასაწყისში ნათესავებისა და ოჯახის წევრების დასაქმებაზე ვსაუბრობდით. ვახსენეთ ლევან ბაღაშვილის მყარი პოზიციაც... ჟურნალისტებთან საუბარში ის მუდმივად აპელირებს, რომ ოჯახის წევრებს თანამდებობაზე ვერ ნახავთ.
მართალია პირდაპირი წესით საჯარო სამსახურში ბაღაშვილის ოჯახის წევრები არ დასაქმებულან, თუმცა ირიბი გზით, მაინც დასაქმდნენ...
როგორც ამბობენ, დედოფლისწყაროს საკრებულოს თავმჯდომრის ძმა მამუკა ბაღაშვილი უცხოური ორგანიზაციების მიერ დედოფლისწყაროში დაფინანსებულ სხვადასხვა სამუშაოებს აქტიურად კურირებს. საქმეში ჩახედული ადამიანები იმაშიც გვარწმუნებენ, რომ საკრებულოს თავმჯდომრის ძმა ამგვარ სამუშაოებში ფინანსურ მხარესაც განკარგავს...
ლევან ბაღაშვილის დედა, თამარ ბაღაშვილი უკვე რამდენიმე წელია დედოფლისწყაროს მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლს ხელმძღვანელობს... მუნიციპალიტეტის განათლების სისტემაში ახლახან დასაქმდა ლევან ბაღაშვილის ძმის ცოლიც...
ბევრს საუბრობენ, რომ ახლადდაკომპლექტებული საკრებულოც ბაღაშვილმა პირადი ინტერესებით შეავსო. სხვადასხვა მოსაზრებები ვრცელდება საკრებულოს აპარატის უფროსის - ხათუნა გონაშვილის, იურისტის - მიხეილ ბიკაშვილის და სხვათა შერჩევის გზების შესახებ...
ამ ყველაფრის შემდგომ ძალზე საინტერესო გახლავთ კახეთის გუბერნიის პოზიცია.
გიორგი სიბაშვილი (კახეთის გუბერნატორის პირველი მოადგილე): „გამგებელს უფლება აქვს მძღოლი და მდივანი თვითონ შეარჩიოს, ვისაც ენდობა. ვერ გეტყვით. გადავამოწმებთ და კანონის ფარგლებში თვითმმართველობას მივცემთ რეკომენდაციას“, - განაცხადა კახეთის გუბერნატორის პირველმა მოადგილემ გიორგი სიბაშვილმა.
- ბატონო გიორგი, რამდენად მისაღებია თქვენთვის ის ფაქტი, რომ გამგებლის ამდენი ნათესავი მუშაობს გამგეობაში?
- როცა ინფორმაციას გადავამოწმებ და მის მასშტაბებს გავარკვევ, კომენტარს მერე გავაკეთებ“. -- ასეთი კომენტარი ვიცე-გუბერნატორმა კახეთის საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტებთან საუბარში გააკეთა. კომენტარიდან აშკარაა, რომ სამხარეო ადმინისტრაცია ამ ფაქტების დაწვრილებით შესწავლას გეგმავს. ვნახოთ რა რეაგირებას მოახდენს გუბერნია მუნიციპალიტეტებში არსებულ კლანურ მმართველობაზე და დაუქნევენ თუ არა თითს თელავიდან გამგებლებსა და საკრებულოების თავმჯდომარეებს. /ქიზიყი/
ილია მარტყოფლიშვილი
* * *
ფიროსმანის სახლ-მუზეუმში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს
საზღვრისპირა სოფელ ფიროსმანში წელს მხოლოდ 100 ტონამდე ყურძენი მოიკრიფა, რაც გასულ წლებთან შედარებით კატასტროფულად დაბალია. ინფორმაციას ჟურნალისტებთან საუბარში სოფლის რწმუნებული ოთარ ხოზრევანიძეც ადასტურებს.
* * *
პოლიციამ ყოფილი სამხედრო ბაზიდან ფერადი ლითონების ძარცვისთვის 2 პირი დააკავა
შს დედოფლისწყაროს პოლიციის სამმართველოს თანამშრომლებმა ქალაქ დედოფლისწყაროში, ყოფილი სამხედრო ბაზის ტერიტორიიდან ფერადი ლითონების ქურდობის ფაქტზე დედოფლისწყაროში მცხოვრები თენგიზ ჯალიაშვილი და ნოდარ ჭუჭულაშვილი დააკავეს. ინტერნეტ-გაზეთ "ქიზიყის" ინფორმაციით, ჭუჭულაშვილი ბაზის საწყობის გამგედ მუშაობს, ჯალიაშვილი კი ოფიცერია.
Комментариев нет:
Отправить комментарий