
ჩვენი რესპონდენტი სოფელ იორმუღანლოში მცხოვრები აზერბაიჯანელი ეროვნების მწყემსი აღმოჩნდა. ნარმან მირზაევი უკვე დიდი ხანია მწყემსის მომთაბარე ცხოვრებას ეწევა და ამჟამად დედოფლისწყაროს რაიონში თავის შვილებთან, რძლებთან და შვილიშვილებთან ერთად ერთ-ერთ ფერმაში მუშაობს და იქვე ცხოვრობს კიდეც. მირზაევები ათეულობით სულ პირუტყვს უვლიან. ქართულად საკმაოდ გამართულად მოსაუბრე ბატონი ნარმანი ამბობს, რომ ცხოვრება არსად არაა ადვილი.
„აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთი შემოვლილი მაქვს, თუშეთში, ნინოწმინდასა და დუშეთში ცხვარს ჯერ კიდევ კომუნისტების დროიდანვე ვმწყემსავდი. ახლა დიდი მოთხოვნაა ქართულ ცხვარზე. არაბები ქართულ ცხვარში ბევრს იხდიან, რადგან მას ძაან გემრიელი ხორცი აქვს. მაგრამ უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენს ცხვარსა და ძროხას. ყველამ რომ გაჰყიდოს, ჩვენ რითი უნდა ვიკვებოთ? მე მაგალითად არაფრის დიდებით არ მივყიდი არაბებს ჩემს საქონელს, ძალად ხომ ვერ წამართმევენ?“ ფერმის მეპატრონის 50 ძროხასთან ერთად ნარმანი თავის რამდენიმე სულ პირუტყვსაც უვლის. „ხაზეინს“ არ ემდურის, რადგან ფულსაც უხდის და ხორბალიც მოაქვს მისი ოჯახისთვის. ბაქოში უახლოესი ნათესავები ჰყავს, მაგრამ არასოდეს არ უფიქრია აზერბაიჯანში ცხოვრება:
„ხომ აზერბაიჯანელი ვარ, მაგრამ იქ ვერ ვიცხოვრებ, ჩვენი პურიც, ბატკანიც და ვაშლიც უფრო გემრიელია, ვიდრე იქაური. ხალხიც უფრო სტუმართმოყვარე. აქ ერთ ბატკანს რომ ჩავაგდებთ ქვაბში, მე-2 დღეს აღარ არის, ეგრევე იჭმევა. იქ კი შეიძლება ერთი თვე ეყოთ. დაილოცა ჩვენი მიწა და ხალხი. ადამიანი ეროვნებით და რელიგიით არ უნდა განასხვავო. მე მწყემსი კაცი ვარ და ვიცი რაცა ვარ, მაგრამ ისეთი ადამიანები არ მიყვარს მწყემსადაც რომ არ ვარგიან და თავი რაღაცა ჰგონიათ. გაიკეთებენ გალსტუხებს და ყელში ისე უჭერთ, კი ვერ ხვდებიან, რომ იხრჩობიან. იყავი რა უბრალო კაცი და აკეთე სიკეთე.“ ეს და კიდევ ბევრი რამ ამ შემთხვევით გაცნობილი კარგი გლეხიკაცისაგან იმ ფერმის ეზოში გავიგეთ, სადაც მას დედოფლისწყაროს არაჩვეულებრივი ტურისტული და ისტორიული ადგილებიდან თბილისისკენ მომავალ უკანა გზაზე მისივე თხოვნით „პურის გასატეხად“ შევუარეთ.
ნარმანის მრავალრიცხოვანი ოჯახი სახელდახელოდ თავწაცლილი შემწვარი უგემრიელესი ვარიით, იმ წუთას დამზადებული ნატურალური არაჟნითა და აზერბაიჯანული თხელი ლავაშით უბადლოდ გაგვიმასპინძლდა. იგი წყლით დავლოცეთ და მის გამრჯე ოჯახს, მისი თამადობით, წყლის ძალა ვუსურვეთ. მასთან ჩვენი შემთხვევითი ნაცნობ-მეგობრობაც ხომ მხოლოდ იმის გამო შედგა, რომ დილაადრიან მას სწორედ იმ დროს ჩავუქროლეთ, როცა წყაროდან სასმელი წყლით სავსე რკინის კასრები ვირშებმული ურიკით მისი ფერმისკენ მიჰქონდა. აგრილებულ საღამოსპირს კეთილი შურით დავემშვიდობეთ მირზაევების კეთილ ოჯახს.
ავტომანქანისკენ, ბავშვების თვალით უზარმაზარი ჯიპისკენ, ჩასასხდომად მომავალთ, მიწური ქოხის ფანჯრიდან ბავშვები მორცხვ და შეპარულ მზერას, ვინ იცის როგორი შურით გვაყოლებდნენ.
მალხაზ ონიანი – guardian.ge ვიდეო>>
Комментариев нет:
Отправить комментарий