
ე.წ. „ქოჩების ტბის“ მიმდებარე ტერიტორიის მფლობელი ლია შარმაზანაშვილი „ქიზიყთან“ საუბარში თავს უსამართლობის მსხვერპლად მიიჩნევს და აცხადებს, რომ სიღნაღის პროკურატურა პირადი ინტერესებით მოქმედებს და სხვადასხვა მაქინაციებით ქონების ჩამორთმევას და მის დაპატიმრებას გეგმავს. როგორც განსასჯელმა „ქიზიყს“ განუცხადა, ადვოკატი ზურაბ ზურაბაშვილი, რომელიც მის ინტერესებს იცავს, აღმოჩნდა რომ პროკურატურამ მოისყიდა და მისი ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებს:
„ჯერ ისედაც ყველაფერს აკეთებენ, რომ დამამარცხონ, ციხეში გამომამწყვდიონ და ქონება წამართვან და ახლა კი აღმოვაჩინე, რომ ჩემი ადვოკატი მოსყიდულია. გარკვეული დოკუმენტი, რომელიც ექსპერტიზიდან უნდა მიგვეღო და პრინციპულად მნიშვნელოვანი იყო, გაირკვა, რომ ჩემმა ადვოკატმა თვენახევრის მანძილზე დამიმალა. ჩემი თვალით დავინახე – პროკურორმა ჩემი ადვოკატი სასამართლო სხდომის დაწყებამდე ოთახში შეიყვანა და მითითებებს აძლევდა. ეს კი ყოვლად დაუშვებელია. ათასნაირი ბინძური მეთოდით ბრძოლა ვნახე, ახლა ეს ფაქტი დაემატა და ამის შემდეგ სამართალის პოვნის იმედი როგორ უნდა მქონდეს?“ – აცხადებს შარმაზანაშვილი. მის მიმართ სიღნაღის პროკურატურას 180–ე მუხლით აქვს საქმე აღძრული.
პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ლია შარმაზანაშვილი შემოსავლების სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის (ყოფილი ფინანსური პოლიცია) განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა განყოფილების ყოფილ უფროსს ვეფხია კობიაშვილს ქონების წართმევის მცდელობაში ადანაშაულებს.
„კობიაშვილი დედოფლისწყაროელების სიძეა და ცდილობს ხელში რაც შეიძლება ბევრი მიწის ნაკვეთი ჩაიგდოს. მან უკვე არაერთი ადამიანი დაატერორა. ახლა ტბის მიმდებარე ტერიტორია მოეწონა და მედავება. ტერიტორია ამჟამად დაყადაღებულია და ვერაფრის გაკეთებას ვერ ვახერხებ. ისეთ ზეწოლებს ახორციელებს, რომ რამდენჯერმე ავად გავხდი, მერე კი ოპერაციაც დამჭირდა. სასამართლო პროცესებზე გამოცხადება ვერ შევძელი და საქმის განხილვა რამდენჯერმე ამიტომ გადაიდო“, - აღნიშნა ლია შარმაზანაშვილმა.
მისივე თქმით, კობიაშვილი ამჟამად რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში მუშაობს. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი
Комментариев нет:
Отправить комментарий