
განსასჯელმა ლია შარმაზანაშვილმა სასამართლო სხდომაზე საკუთარი ადვოკატის ზურაბ ზურაბაშვილის აცილების შუამდგომლობა დააყენა. როგორც შარმაზანაშვილმა განმარტა, საფუძვლიანი ეჭვი აქვს, რომ მისი ადვოკატი პროკურორთან გარიგებაში შევიდა და განსასჯელის დაცვის ნაცვლად მის წინააღმდეგ მოქმედებდა. განსასჯელის მხრიდან მისი უფლებების შეზღუდვის ფაქტების გახმაურების მიუხედავად მოსამართლე შორენა ყაველაშვილმა შარმაზანაშვილის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და ადვოკატი ზურაბაშვილი საქმეს არ ჩამოაშორა.
მას შემდეგ, რაც ადვოკატმა ზურაბაშვილმა მისი კლიენტის პოზიცია ღიად მოისმინა, სხდომათა დარბაზის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. ადვოკატი დარბაზიდან მალევე გავიდა, მოსამართლემ კი სასამართლოსადმი გამოჩენილი უპატივისმცემლობის გამო ზურაბ ზურაბაშვილი 100 ლარით დააჯარიმა. ადვოკატმა დასძინა, რომ სხდომაზე მის დარჩენას არანაირი აზრი აღარ ჰქონდა...
როგორც შარმაზანაშვილი განმარტავს, მოსამართლეც არაობიექტურად და მიკერძოებულად მოქმედებს, რასაც შუამდგომლობაზე უარის თქმაც ადასტურებს. ის მიიჩნევს, რომ მოსამართლეს ამ ადვოკატის აცილების სურვილი არ აქვს და ამიტომაც ეთქვა უარი. განსასჯელი დარწმუნებულია, რომ ეს ფაქტი კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ადვოკატ ზურაბაშვილის მის წინააღმდეგ გამოყენება სასამართლოსა და პროკურატურას ერთობლივად სურთ: „ჯერ ისედაც ყველაფერს აკეთებენ, რომ დამამარცხონ, ციხეში გამომამწყვდიონ და ქონება წამართვან და ახლა კი აღმოვაჩინე, რომ ჩემი ადვოკატი მოსყიდულია. გარკვეული დოკუმენტი, რომელიც ექსპერტიზიდან უნდა მიგვეღო და პრინციპულად მნიშვნელოვანი იყო, გაირკვა, რომ ჩემმა ადვოკატმა თვენახევრის მანძილზე დამიმალა. ჩემი თვალით დავინახე – პროკურორმა ჩემი ადვოკატი სასამართლო სხდომის დაწყებამდე ოთახში შეიყვანა და მითითებებს აძლევდა. ეს კი ყოვლად დაუშვებელია. ათასნაირი ბინძური მეთოდით ბრძოლა ვნახე, ახლა ეს ფაქტი დაემატა და ამის შემდეგ სამართალის პოვნის იმედი როგორ უნდა მქონდეს?“ – აცხადებს შარმაზანაშვილი. მის მიმართ სიღნაღის პროკურატურას 180–ე მუხლით აქვს საქმე აღძრული. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი
ამავე თემაზე: პროკურატურა შარმაზანაშვილის დასჯას ადვოკატის მოსყიდვით ცდილობს
ვეფხია კობიაშვილი: „შვილებს გეფიცებით, ღმერთი–რჯული, შარმაზანაშვილს არაფერს ვედავები, სულ 2ჯერ მყავს ნანახი“
Комментариев нет:
Отправить комментарий