როგორც გავარკვიეთ, სათნოების სახლის პურით მომარაგებას მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის, ალექსანდრე ალუღიშვილის მამა თამაზ ალუღიშვილი უზრუნველყოფს. პურის წონა ოფიციალურად 250 გრამს უნდა შეადგენდეს, თუმცა მონიტორინგის ფარგლებში "ქიზიყმა" პურის აწონვა რამდენჯერმე განახორციელა და მისი წონა 200 გრამს ოდნავ აღემატება. გაირკვა, რომ თითო პურს საშუალოდ 45-50 გრამი აკლია, რაც სოციალურად დაუცველ ბენეფიციარებს აზარალებს.
სათნოების სახლი ყოველდღიურად 200-მდე პურს მოიხმარს. გაზეთ "ქიზიყმა" იმის გამოთვლა სცადა, თუ რამდენს შეადგენს დანაზოგი და რა სარგებელს ნახულობს ყოველთვიურად ალუღიშვილის პურის საწარმო.
გაირკვა, რომ წონაში დაკლების შედეგად, ალუღიშვილი თვეში საშუალოდ 300 კილოგრამ ფქვილს ზოგავს, ლარებში კი ეს თანხა დაახლოებით 330-350 ლარს აღწევს. ამიტომ, საბოლოო ჯამში, ამ ქმედებით ჩინოვნიკის ოჯახი საკმაო სარგებელს უნდა ნახულობდეს. გარდა იმისა, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა მათ ადგილობრივი ბიუჯეტიდან ისედაც ერიცხებათ.
სათნოების სახლში განაცხადეს, რომ პურის ხარისხი არც ჟურნალისტების ჩარევამდე მოსწონდათ და ხარისხის გაუმჯობესების თხოვნით საწარმოს რამდენჯერმე უკვე მიმართეს. ამის მიუხედავად, 14 მარტს შემოწმებული პურის წონა 206 გრამს შეადგენდა.
სათნოების სახლის დირექტორი ნუგზარ მახარაშვილი ამბობს, რომ პურის წონას მათი სპეციალისტი მუდმივად აკონტროლებს, თუმცა უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მახარაშვილმა დანარჩენ კითხვებზე პასუხის გაცემა არ ისურვა და აღნიშნა, რომ თუ რამ გვაინტერესებს მათთვის წერილობით მიგვემართა... (!) აქვე, ახალ დირექტორს შევახსენებთ, რომ ჟურნალისტი თავად ირჩევს, თუ რა სახით მოიპოვოს ინფორმაცია. ცნობისთვის, მედიის წარმომადგენლები კითხვებს ძირითადად პირისპირ სვამენ-ხოლმე, სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული ორგანიზაცია კი ათმაგად ვალდებულია, ამომწურავი პასუხები გასცეს.
ბრალდებების ადრესატის თამაზ ალუღიშვილის კოორდინატების დადგენა თავდაპირველად მის ვაჟთან, დედოფლისწყაროს გამგებლის პირველ მოადგილე ალექსანდრე ალუღიშვილთან ვცადეთ, თუმცა ამ უკანასკნელისგან მოულოდნელი და უტაქტო რეაქცია მივიღეთ. ვიდრე მიზეზს შეიტყობდა, ის მისი ნომრის მოცემას დაგვპირდა, თუმცა მას შემდეგ, რაც ჩვენი ინტერესის თემა გაარკვია ასეთი პასუხი გაგვცა: ,,არა, აღარ გეტყვით!... თუ გინდათ, გაზეთში ასევე დაწერეთ, ნომერს ვერ მოგცემთ"...
ცხადია, "ქიზიყს" მონიტორინგის ფარგლებში, არც თამაზ ალუღიშვილის კომენტარის მოპოვება გასჭირვებია, მით უფრო, რომ პოზიციის დაფიქსირება ალუღიშვილების ინტერესში შედიოდა და პირველ რიგში თვითონვე უნდა ყოფილიყვნენ დაინტერესებულნი, რომ ამ სტატიაში მათი კომენტარი ყოფილიყო.
თამაზ ალუღიშვილი: ,,რომ ვთქვა, ფინანსური დაინტერესება მაქვს და სათნოების სახლის მომარაგებას იმიტომ ვახდენთ, ეს არ იქნება მართალი. უბრალოდ, ასეთი პირობებით არცერთი საწარმო არ დაეთანხმა და უკვე მერამდენე წელია მათთვის პურს ჩვენ ვაკცხობთ. კი ბატონო, თანახმა ვარ, თუ არ მოსწონთ და სხვაგან შეუკვეთავენ პურს, არ არის პრობლემა. დღესაც არ ვიყავი და ყურადღება ვერ მივაქციე... ეტყობა, როცა მე არ ვარ მცხობელები რაღაცას მაიმუნობენ და წონაში ამიტომ აკლია... თუმცა, ვისაც თონეში პური დაუკრავს, იცის, რომ ყველა გუნდა ერთნაირი ვერ იქნება და წონის ცდომილება ყოველთვის იქნება. აუცილებლად გავითვალისწინებთ და ვეცდებით ხარისხი გამოვასწოროთ".
სათნოების სახლში მიიჩნევენ, რომ ეს ხარვეზია, თუმცა არა მნიშვნელოვანი. როგორც გაირკვა, პურის უხარისხობაზე საწარმოს მათ ჩვენგან დამოუკიდებლადაც აცნობეს.
დედოფლისწყაროში მითქმა-მოთქმა არ ცხრება იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ სათნოების სახლის ახალი ხელმძღვანელი გამგებლის I მოადგილის ალექსანდრე ალუღიშვილის კადრია და სწორედ მისი რეკომენდაციით დაინიშნა ამ თანამდებობაზე. როგორც "ქიზიყმა" გაარკვია, ალუღიშვილი და მახარაშვილი მეზობლები და ახლო მეგობრები არიან. ამ გარემოების გათვალისწინებით მოსახლეობა საფუძვლიანად ეჭვობს, რომ უხარისხო პურის გამო სერიოზული პრეტენზიების გამოხატვა არ ხდება და საბოლოო ჯამში ისევ 200 სოციალურად დაუცველი ადამიანი ზარალდება. /ქიზიყი/ თამილა გურაშვილი
* * *
დეპუტატი ქურხულიშვილი ავტომანქანით 7 წლის გოგონას დაეჯახა
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი, სოფელ ოზაანის მაჟორიტარი ტრისტან ქურხულიშვილი კუთვნილი ჰიუნდაის მარკის ავტომობილით (PHP - 535) ქალაქის ცენტრში, ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის წინ 7 წლის ანა ტუხაშვილს დაეჯახა. ინციდენტს "ქიზიყის" კორესპონდენტიც შეესწრო.
შემთხვევის ადგილზე პოლიცია და სასწრაფო დახმარების ბრიგადა მივიდა, თუმცა საბედნიეროდ გოგონას სერიოზული დაზიანებები არ მიუღია. როგორც სასწრაფო დახმარების სამსახურის უფროსმა ხათუნა ზურიკაშვილმა განაცხადა, ანა ტუხაშვილს მხოლოდ ნაკაწრები აღენიშნებოდა და შეშინებული იყო. მისი თქმით, დაზარალებულის საავადმყოფოში გადაყვანის აუცილებლობა არ იყო, გოგონა შეშინებული იყო და სტაციონარში მოთავსებაზე უარი განაცხადა.
მომხდარზე შსს დედოფლისწყაროს პოლიციის სამმართველოში სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, მიმდინარეობს გამოძიება. თვითმხილველების თქმით, ავტომობილი მოზარდის სასწავლო ჩანთას გამოედო და გოგონა ტალახში წააქცია.
მარინა ტუხაშვილი (დაზარალებულის დედა): ,,ბავშვის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მუხლი აქვს ჩალურჯებული, თავზე 2 კოპი აქვს და ცხვირზე ნაკაწრები. შეშინებული და გაფითრებული იყო, ტალახში ამოსვრილი მოვიდა. ნევროპათოლოგმა გასინჯა და გვითხრა, რომ რამდენიმე დღე დაკვირვებას კიდევ საჭიროებს. ბავშვიც და ჩვენც ამ დრომდე შოკში ვართ. თუ მისი მდგომარეობა დამძიმდა, რა პოზიცია გვექნება ჯერ ვერ გეტყვით".
გაზეთი "ქიზიყი" დაინტერესდა, აღმოუჩენს თუ არა ქურხულიშვილი ტუხაშვილების ოჯახს რაიმე სახის დახმარებას: ,,რა დაკითხვას მიწყობთ?... რაშია საქმე?... თქვენს რედაქტორს რამე თუ აინტერესებს პირადად მნახოს, ბავშვი კარგად არის," - განუცხადა "ქიზიყს" ტრისტან ქურხულიშვილმა.
შეგახსენებთ, ქურხულიშვილი საკრებულოში მოხვედრამდე წლების მანძილზე ძალოვან სტრუქტურაში, გამომძიებლის პოზიციაზე მუშაობდა.
თვითმხილველები კი აცხადებენ, რომ ამ მონაკვეთზე ცენტრალური გზა სათანადოდ დახაზული არ არის, რაც საავარიო ვითარებას ხშირად ქმნის. ამავე ტერიტორიაზე მდებარეობს ქალაქის #1 საჯარო სკოლა, რის გამოც აქ მუდმივი ხალხმრავლობაა. მოსახლეობა შესაბამის სამსახურებს ვითარების გამოსწორებისა და შესაბამისი ზომების მიღებისკენ მოუწოდებს. /ქიზიყი/ თამილა გურაშვილი
Комментариев нет:
Отправить комментарий