ამგვარი პრეტენზიებით სოფლის მაცხოვრებლები უკვე მერამდენე თვეა "ქიზიყს" პოზიციის დაფიქსირებას სთხოვენ. უნდა აღინიშნოს, რომ უკმაყოფილო და რწმუნებულზე განაწყენებული ადამიანები "ქიზიყს" ინტენსიურად ხვდებიან. მოქალაქეების დიდი ნაწილი "ქიზიყთან" საუბარში ირწმუნება, რომ ღარიბაშვილი მათი პრობლემების გადაჭრით თითქმის არასოდეს ინტერესდება.
,,მთელი სოფელი რომ მოიარო, მის მადლიერს ვერავის ნახავთ... მოდით, ჩამოვიაროთ და ვიკითხოთ, ყველა იტყვის, რომ არასოდეს დახმარებია. რაზეც მისთვის მიგვიმართავს, ნორმალური და კომპეტენტური პასუხი არავის მიგვიღია. რა ეშმაკად გვინდა ასეთი რწმუნებული???... მისგან თანაგრძნობას თუ ვერ ვიგრძნობთ, რა აზრი აქვს მის ყოფნას... დღე და ღამ მაღაზიაში ზის და დომინოს თამაშობს, ასეთი სოფლის გამგებელი სადმე გინახავთ?... რწმუნებული ადგილობრივების ჭირ-ვარამს თუ არ გაიზიარებს და მოსახლეობაში ნდობა არ ექნება, ასე ბუტაფორიად გინდ ყოფილა, გინდ არა. მხოლოდ ხელფასის აღება და საკუთარ ოჯახზე ზრუნვა ხომ არ არის," – რეაგირების მოლოდინში უკმაყოფილებას არ ფარავენ წითელწყაროს მცხოვრებნი. მათი რიცხვი კი საკმაოდ დიდია.
ადგილობრივები რწმუნებულს წყლის პრობლემის მოგვარებაში გამოჩენილ გულგრილობაშიც ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ უსამართლობაა, როცა მათი სოფლის წყალით ქალაქი დედოფლისწყარო მარაგდება, ღარიბაშვილი კი მოსახლეობის თანადგომის ნაცვლად მათ ხელოვნურ დაბრკოლებებს უქმნის.
უკვე მერამდენე წელია ტარიელ ღარიბაშვილი გამგებლის რწმუნებულის პოსტს იკავებს. ადგილობრივები მიიჩნევენ, რომ წლების მანძილზე რწმუნებულს სოფლისთვის სასარგებლო არაფერი უკეთებია. /ქიზიყი/
* * *
სათნოების სახლში პურის ხარისხი ტრადიციულად ისევ გაუარესდა
დედოფლისწყაროს სათნოების სახლის ბინადრები ისევ პურის უხარისხობაზე წუხან და აცხადებენ, რომ ზოგიერთი მაღალჩინოსნის პირადი ინტერესების გამო 200-მდე უმწეო იჩაგრება. ამგვარმა პრეტენზიებმა უკვე ინტენსიური ხასიათი მიიღი, თუმცა რადიკალური ნაბიჯის გადადგმას არავინ ცდილობს.
ამასწინათ, "ქიზიყში" გამოქვეყნებული სტატიის შემდეგ პურის წონა და ხარისხი დროებით გაუმჯობესდა, თუმცა სულ მალე კლება იწყო...
როგორც ცნობილია, სათნოების სახლის ახალი ხელმძღვანელი ნუგზარ მახარაშვილი დედოფლისწყაროს გამგებლის მოადგილის ალექსანდრე ალუღიშვილის ახლო მეგობარი და კარის მეზობელია, ამდენად მახარაშვილი გამგებლის მოადგილის კადრად მოიაზრება.
შეგახსენებთ, სათნოების სახლის პურით მომარაგებას ყოველდღიურად სწორედ გამგებლის მოადგილის მამა თამაზ ალუღიშვილი თავისივე საწარმოდან ახდენს. სწორედ ამიტომაც, დედოფლისწყაროში აჟიოტაჟი არ ცხრება იმასთან დაკავშირებით, რომ მეგობრობის წყალობით, ხელმძღვანელობა პურის ხარისხზე სიმკაცრეს არ იჩენს.
"ქიზიყის" გათვლებით, ალუღიშვილის პურის საწარმო ყოველთვიურად 300-400 ლარის დანაზოგს მხოლოდ წონაში დაკლებით ნახულობს. ამის შესახებ ვრცელი მასალა "ქიზიყმა" მიმდინარე წლის მარტში, მხარეების კომენტარის თანხლებით რამდენჯერმე გაავრცელა.
მედიასაშუალებებით გავრცელებულმა ინფორმაციამ შედეგი მხოლოდ რამდენიმე დღით გამოიღო, ხარისხის გამოსწორებისთვის არაერთმა მობინადრემ მადლობა სწორედ "ქიზიყს" გადაუხადა, თუმცა როგორც აღმოჩნდა, მათი სიხარული დროებითი აღმოჩნდა.
არადა, თავად მეწარმე თამაზ ალუღიშვილი "ქიზიყთან" საუბარში ირწმუნებოდა, რომ შესაძლოა, მცხობელებმა მისი არყოფნით ისარგებლეს და ამიტომაც აკლდა პურს წონაში. გამგებლის მოადგილის მამა დაგვპირდა, რომ ვითარებას მუდმივად გააკონტროლებდა, თუმცა როგორც სჩანს უმწეოთა ინტერესებზე მაღლა ისევ პირადი ურთიერთობები და ნაცნობ-მეგობრობა დგება... თავის მხრივ, 200 სოციალურად დაუცველი მოქალაქე კი პურის ხარისხის გაუმჯობესებას ითხოვს.
,,გამგებელმა მაინც მოგვხედოს, სხვისი ინტერესების გულისთვის ჩვენ რატომ ვიჩაგრებით?... ისედაც პური არ გვყოფნის და ახლა ისე გაათხელებენ ხოლმე, რომ გაგეცინებათ... ცხოველები ხომ არ ვართ, ჩვენც ხომ ადამიანები ვართ," - აღშფოთებას ვერ ფარავენ უმწეოები და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებს დახმარებას სთხოვენ. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი
Комментариев нет:
Отправить комментарий