
პროკურორი გიორგი შაიშმელაშვილი ბრალდებულის ადვოკატის შუამდგომლობას დაეთანხმა და პროცესის გადადების თაობაზე თანხმობა გამოთქვა. შემდეგ დედოფლისწყაროს სასამართლოს მოსამართლე შორენა ყაველაშვილმა სხდომის გადადების შესახებ განაცხადა და დარბაზი დატოვა.
სიღნაღის პროკურატურა პეტრე გაროზაშვილს თაღლითობაში ადანაშაულებს, მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე 182–ე მუხლის მეორე ნაწილითაა აღძრული. მას 6–დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. გაროზაშვილმა დანაშაული პირობითი სასჯელის დროს ჩაიდინა, რაც მის ბრალეულობას კიდევ უფრო ამძიმებს.
გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებული დედოფლისწყაროში სხვადასხვა ბანკის მიმდებარე ტერიტორიას ხშირად მეთვალყურეობდა და ყველაფერს საგულდაგულოდ გეგმავდა, რათა მორიგი მსხვერპლი ხელში ჩაეგდო. ერთ დღესაც ბანკომატთან დედოფლისწყაროში მცხოვრები მოხუცი ელგუჯა ცოგოშვილი მივიდა, რომელსაც მხედველობა უჭირს. ამ დროს იქვე მდგომმა გაროზაშვილმა მამაკაცს დახმარება შესთავაზა და მას შემდეგ, რაც აღმოაჩინა, რომ მოხუცის საბანკო ანგარიშზე საკმაო თანხა ირიცხებოდა, მას ბარათი მოტყუებით შეუცვალა და პინ-კოდის დამახსოვრებაც მოახერხა. მოგვიანებით კი მის კუთვნილ თანხას თაღლითურად დაეუფლა. გამოძიების დაწყებისთანავე, ბანკიდან სათვალთვალო კამერის მიერ გადაღებული კადრების შედეგად დადგინდა, რომ თანხა გაროზაშვილმა გაიტანა. გაირკვა ისიც, რომ ეს ერთადერთი შემთხვევა არ იყო. ბარათი, რომელიც დაკავებულმა მოხუცს გადასცა სიღნაღის რაიონის სოფელ ჯუგაანში მცხოვრებ მოქალაქეს ეკუთვნოდა, რომელიც ასევე მისი თაღლითობის მსხვერპლი გახდა.
დაკავებულის მშობლები და ოჯახის წევრები ჟურნალისტ ილია მარტყოფლიშვილის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორებით იმუქრებიან. პატიმრობაში მყოფი გაროზაშვილის მშობლების გაღიზიანება მათი შვილის დაკავების თაობაზე ილია მარტყოფლიშვილის მიერ, რამდენიმე გაზეთში ინფორმაციის გავრცელებას უკავშირდება. 11 ოქტომბერს სასამართლო სხდომის დაწყებამდე გაროზაშვილები ჟურნალისტებისთვის სხდომაზე დასწრების აკრძალვას ითხოვდნენ და მარტყოფლიშვილის მისამართით იმუქრებოდნენ. /ქიზიყი/
Комментариев нет:
Отправить комментарий