ნინო ბურჯანაძის მეუღლე, სასაზღვრო პოლიციის ყოფილი შეფი, მერაბიშვილის ყოფილი მოადგილე ბადრი ბიწაძე საკმაოდ საინტერესო განცხადებას აკეთებს.
ბადრი ბიწაძე: ,,ერთადერთი შემთხვევა, როცა ობიექტების გახსნაზე სააკაშვილმა ჟურნალისტებს წასვლა აუკრძალა, ლაგოდეხსა და დედოფლისწყაროს რაიონებში სასაზღვრო პოლიციის სამმართველოების ახალი შენობების გახსნა იყო... მაშინ მიშამ ჟურნალისტები აეროპორტიდან უკან მოაბრუნა... სააკაშვილს შადრევნებისა და "მაკდონალდსის" გახსნა ბავშვივით უხარია..." -- აცხადებს გაზეთ "კვირის პალიტრასთან" საუბარში სასაზღვრო პოლიციის ყოფილი ხელმძღვანელი.
თუ რატომ გადაწყვიტა პიარის მოყვარულმა პრეზიდენტმა დედოფლისწყაროში თანამედროვე სტანდარტებით აგებული სასაზღვრო სამმართველოს შენობის გახსნის ცერემონიალს ცენტრალური ტელეკომპანიების გარეშე ჩაევლო, ამას ბადრი ბიწაძე არ აკონკრეტებს, თუმცა ხაზგასმით მიანიშნებს, რომ დედოფლისწყაროში გასამგზავრებლად გამზადებული ჟურნალისტები და ოპერატორები აეროპორტიდან უკან სწორედ სააკაშვილმა გააბრუნა..."
შეგახსენებთ, დედოფლისწყაროში, სოფელ წითელწყაროს ტერიტორიაზე #4-ე სასაზღვრო სამმართველოს ახალი შენობა სწორედ ბიწაძის ხელმძღვანელობის დროს გაიხსნა.
მეტი დამაჯერებლობისთვის, ბურჯანაძის მეუღლე ინტერვიუში ამბობს: ,,ეს უტყუარი ინფორმაციებია... ალბათ, დამეჯერება, ბოლოს და ბოლოს, ვანო მერაბიშვილის მოადგილე ვიყავი"...
ამ ჟესტით, სავარაუდოდ, ბიწაძეს იმ გარემოების ხაზგასმა უნდა, რომ მერაბიშვილის მოადგილეობის პერიოდშიც და სასაზღვრო სამმართველოს ხელმძღვანელობის დროსაც მას შიდა კულუარულ ინფორმაციებზე ხელი ხშირად მიუწვდებოდა.
იქვე, ბადრი ბიწაძე 2007 წლის 6 ნოემბრის კანცელარიაში გამართულ შეხვედრასაც იხსენებს და ამბობს: ,,მიშა ძალიან მშიშარაა, ამაში დავრწმუნდი 2003 წელს, რევოლუციის დროს და 2007 წლის ნოემბერში. 2003-ში ჯავშანჟილეტს არ იხდიდა. პარლამენტში რომ შედიოდა თან კისერმოქცეული სულ უკან იყურებოდა, ნინოც მოდის თუ არაო. ნინო რომ გაჩერებულიყო, შანსი არ იყო, მიშა პარლამენტში არ შევიდოდა... 2007 წლის 6 ნოემბერს საღამოს კი კანცელარიაში ყველა შევთანხმდით, რომ მომიტინგეებს აღარ დავარბევდით... ვანო ამბობდა, შიმშილობა მთავრდება, ხალხიც შეთხელდა, მალე დაიშლებიან და რატომ უნდა დავარბიოთო... ერთადერთი სააკაშვილი დაჟინებით ითხოვდა, აქცია დავშალოთო. აბა ეს ხალხი თავისით რომ დაიშალოს, გამოდის, ვერ ვაჩვენეთ, სახელმწიფო რომ ვართო... საბოლოოდ გადაწყდა, რომ 2-3 დღე კიდევ ვაცლიდით მომიტინგეებს. ასე დავიშალეთ, მაგრამ როგორც წესი, ბოკერია, მერაბიშვილი და ადეიშვილი 3-4 საათამდე რჩებოდნენ მიშასთან. ვინ დარჩა იმ ღამეს მიშასთან და ვისთან მიიღო ასეთი გადაწყვეტილება, არ ვიცი... დილით გავიგე, რაც მოხდა..."
დასასრულს, ბიწაძე ასევე აღნიშნავს, რომ ზურაბ ჟვანიას 6 თვეც რომ კიდევ ეცოცხლა, სააკაშვილსპრეზიდენტის სკამს უთუოდ დაატოვებინებდაო... /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი
Комментариев нет:
Отправить комментарий