სასამართლო დარბაზში სასწრაფო დახმარების სამსახურის გამოძახება გახდა საჭირო. მომხდარს „ქიზიყის“ ჟურნალისტი შეესწრო. გაროზაშვილთან ერთად, სასჯელაღსრულების დეპარტამენტიდან დედოფლისწყაროს სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისთვის კიდევ რამდენიმე პატიმარი იყო ჩამოყვანილი, თუმცა მათი დაკითხვა და სხდომების გაგრძელება ვეღარ მოხერხდა. მოსამართლე შორენა ყაველაშვილს მანტიის გახდა და დარბაზში ჩამოსვლაც კი მოუხდა.
„გამოძახებაზე მორიგე ექიმთა ჯგუფი ოპერატიულად გავიდა. სასამართლო სხდომაზე პაციენტს სერიული ეპილეფსიური გულყრა განუვითარდა. ემოციური ფონი მძიმე იყო. კრუნჩხვის დროს კონტაქტში ძნელად შემოდიოდა და შეტევები რამდენჯერმე გაუმეორდა, ანუ სერიული სახე მიიღო. ეს უკვე მძიმე ფორმაა და სხვაგვარ მკურნალობას საჭიროებს. ადგილზე აღმოვუჩინეთ დახმარება და ბადრაგის თანხლებით დედოფლისწყაროს საავადმყოფოში მოვათავსეთ. მოგვიანებით კატასტროფის მედიცინის ცენტრი გამოვიძახეთ და სასამართლომ ჩათვალა, რომ პაციენტი თბილისში გადაეყვანათ. ამგვარი შეტევებით ის სტაციონარში რამდენიმე თვის წინაც მოხვდა,“ – განუცხადა „ქიზიყს“ დედოფლისწყაროს საავადმყოფოს ხელმძღვანელმა ხათუნა ზურიკაშვილმა.
გაროზაშვილს დედოფლისწყაროში ერთ–ერთი ბანკიდან რამდენიმე პენსიონერის საპენსიო ბარათიდან ათასობით ლარის თაღლითურად მითვისებაში ედება ბრალი. მამაკაცმა დანაშაული რამდენიმე თვის წინ პირობითი პატიმრობის დროს ჩაიდინა, რამაც მისი ბრალეულობა დაამძიმა.
როგორც გაზეთ „ქიზიყს“ შს სამინისტროს დედოფლისწყაროს პოლიციიის სამმართველოში განუცხადეს, გაროზაშვილმა თაღლითურად მიითვისა ადგილობრივი მკვიდრის ელგუჯა ცოგოშვილის საბანკო ბარათი, საიდანაც მალულად მოხსნა მოხუცის ანგარიშზე არსებული 1 200 ლარი.
გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებული დედოფლისწყაროში სხვადასხვა ბანკის მიმდებარე ტერიტორიას ხშირად მეთვალყურეობდა და ყველაფერს საგულდაგულოდ გეგმავდა, რათა მორიგი მსხვერპლი ხელში ჩაეგდო. ერთ დღესაც ბანკომატთან დედოფლისწყაროში მცხოვრები მოხუცი ელგუჯა ცოგოშვილი მივიდა, რომელსაც მხედველობა უჭირს. ამ დროს იქვე მდგომმა გაროზაშვილმა მამაკაცს დახმარება შესთავაზა და მას შემდეგ, რაც აღმოაჩინა, რომ მოხუცის საბანკო ანგარიშზე საკმაო თანხა ირიცხებოდა, მას ბარათი მოტყუებით შეუცვალა და პინ-კოდის დამახსოვრებაც მოახერხა. მოგვიანებით კი მის კუთვნილ თანხას თაღლითურად დაეუფლა. გამოძიების დაწყებისთანავე, ბანკიდან სათვალთვალო კამერის მიერ გადაღებული კადრების ამოღების შედეგად დადგინდა, რომ თანხა ანგარიშიდან გაროზაშვილმა გაიტანა. გაირკვა ისიც, რომ ეს ერთადერთი შემთხვევა არ იყო. ბარათი, რომელიც დაკავებულმა მოხუცს გადასცა სიღნაღის რაიონის სოფელ ჯუგაანში მცხოვრებ მოქალაქეს ეკუთვნოდა, რომელიც ასევე მისი თაღლითობის მსხვერპლი გახდა. /ქიზიყი/
Комментариев нет:
Отправить комментарий