დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სახანძრო–სამაშველო სამსახურის უფროსად ლევან გოზალიშვილი დაინიშნა. მანამდე ის პრობაციის ეროვნული ბიუროს დედოფლისწყაროს რაიონულ ორგანიზაციას ხელმძღვანელობდა.
ცნობილია, რომ სახანძრო–სამაშველო სამსახურში ორი სტრუქტურული ერთეული ჩამოყალიბდა. სახანძრო განყოფილების უფროსად 1 ნოემბრიდან იოსებ უთრუთაშვილი დაინიშნა. ეს უკანასკნელი მანამდე სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. ხოლო, სამაშველო–საავარიო განყოფილებას დავით დუღაშვილი უხელმძღვანელებს. მანამდე ის წლების მანძილზე სამართალდამცავ ორგანოებში მუშაობდა.
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ბაღაშვილი კონკურსს დადებითად აფასებს და ამბობს, რომ სახანძრო–სამაშველო სამსახურში ბევრი სიახლე იგეგმება, მათ შორის ახალი ტექნიკის შემოტანაც:
ლევან ბაღაშვილი: „ეს სამსახური ახალი ძალით შეუდგება მუშაობას და ვფიქრობთ, რომ გაცილებით ეფექტური იქნება. რაც მთავარია ტექნიკური ბაზის განახლებაზეც ვმუშაობთ. მინდა გითხრათ, რომ რამდენიმე თვეში, სავარაუდოდ, თებერვლისთვის დედოფლისწყაროს სრულიად ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სახანძრო ავტომობილი ეყოლება. შესაბამისი შეკვეთა უკვე მიცემული გვაქვს და ავტომობილს უკრაინული მხარე დაამზადებს. რაც მთავარია, მოგეხსენებათ, დედოფლისწყარო სპეციფიური რელიეფის მქონე რაიონია და აქ მძლავრი შესაძლებლობების ტექნიკა არის საჭირო. ამიტომაც, შეკვეთის მიცემის დროს ეს ფაქტორიც გავითვალისწინეთ, რათა ჩვენთვის მორგებული სახანძრო ავტომობილი შეიქმნას. ეს ფაქტორი აუცილებელი იყო, რადგან შეფერხება არც ზამთრის სეზონზე დიდთოვლობის დროს შეგვექმნას და დაბრკოლებები ადვილად დაძლიოს. მას შემდეგ, რაც ახალ ავტომობილს შემოვიტანთ, მათი მომსახურება ბევრად ოპერატიული და ხარისხიანი გახდება. ამას გარდა, ვფიქრობთ, რომ სავარაუდოდ, ქედების ზონაში, კიდევ ერთი სახანძრო–სამაშველო წერტილი დავამატოთ, რათა მანძილით გამოწვეული გაუგებრობები თავიდან ავიცილოთ. მით უფრო, რომ ზაფხულობით სეზონურად აქ მინდვრების გადაწვის შემთხვევების დროს ქარსაფარი ზოლების განადგურების საფრთხე დიდია და აუცილებელია მის დაცვაზეც ვიზრუნოთ. ამის პრაქტიკა დედოფლისწყაროში ამჟამადაც არის, როცა ზაფხულის განმავლობაში შირაქის ტერიტორიაზე სახანძრო ბრიგადები მორიგეობენ, თუმცა ვფიქრობთ, რომ ამას მუდმივი ხასიათი მიეცეს.“ – აცხადებს ბაღაშვილი.
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკონკურსო–საატესტაციო კომისიამ 23 ოქტომბერს გამართული კონკურსის შედეგები გამოაქვეყნა. ოქმის მიხედვით, განაცხადი კონკურსში მონაწილეობის თაობაზე 51 ადამიანს ჰქონდა შემოტანილი, აქედან 11 მათგანი არ გამოცხადდა, 40–მა კანდიდატმა კი კონკურსი გასაუბრების წესით გაიარა.
დასკვნის თანახმად, საატესტაციო კომისიამ ვაკანტურ თანამდებობაზე დამაკმაყოფილებლად 20 კანდიდატი მიიჩნია და მათ დასამტკიცებლად მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას შესაბამისი რეკომენდაცია მისცა.
ვაკანტური ადგილები იყო მუნიციპალიტეტის სახანძრო–სამაშველო სამსახურის უფროსისა და სპეციალისტების თანამდებობებზე, ასევე სოფელ ხორნაბუჯის რწმუნებულის და სოფელ ზემო მაჩხაანის ტერიტორიული ორგანოს სპეციალისტის ადგილზე. /ქიზიყი/ილია მარტყოფლიშვილი
Комментариев нет:
Отправить комментарий