გოდერძი აბულაშვილი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ერთადერთი ოპოზიციონერი წევრია. ის ქრისტიან–დემოკრატიული ორგანიზაციის დედოფლისწყაროს ორგანიზაციას 2010 წლის მარტიდან ხელმძღვანელობდა. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ის ქდმ–ს სიის პირველ ნომრად იყო წარდგენილი, რის შედეგადაც დეპუტატის მანდატი მოიპოვა.
რამდენიმე თვის წინ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა, რის გამოც ის დროებით ვერც საკრებულოს სხდომებზე გამოცხადებას ახერხებდა.
„ცვლილების მიზეზი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გახდა. მოგეხსენებათ, ბოლო დროს ბატონი გოდერძი ავადმყოფობის გამო ჩვენს საქმიანობაში აქტიურად ჩართვას ვეღარ ახერხებდა. არადა, ჩვენი მოძრაობა ძალზე გააქტიურდა და უფრო მეტი მუშაობა იყო საჭირო. ამიტომაც, ხელმძღვანელობამ საკადრო ცვლილების გადაწყვეტილება მიიღო. გოდერძი აბულაშვილი ჩვენს რიგებში რჩება, უბრალოდ ხელმძღვანელის მოვალეობას მე შევასრულებ. ის ასევე დარჩება დედოფლისწყაროს საკრებულოს წევრად და არ იგეგმება მის მიერ მანდატის დატოვება,“ – განუცხადა „ქიზიყს“ ქდმ–ს დედოფლისწყაროს ორგანიზაციის ახლადდანიშნულმა თავმჯდომარე ია ჯანაშვილმა.
ია ჯანაშვილი ქდმ–ში გაწევრიანებამდე ნაციონალურ მოძრაობასა და ბადრი პატარკაციშვილის საარჩევნო შტაბშიც მუშაობდა.
შეგახსენებთ, გოდერძი აბულაშვილის ქდმ–ს ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელად დანიშვნას დედოფლისწყაროში არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა. მოსახლეობის დიდი ნაწილი მიიჩნევდა, რომ აბულაშვილი ამ თანამდებობაზე ხელისუფლებამ დასვა. მოგვიანებით, ქდმ–ს საარჩევნო სიიდან შეუთანხმებლად ამოიღეს სოფელ წითელწყაროს მაჟორიტარი კანდიდატი და სიის მეოთხე ნომერი თენგიზ ტუხაშვილი, რაც სკანდალური განხილვების მიზეზად იქცა.
იმხანად, ტუხაშვილი გოდერძი აბულაშვილს ღიად დაუპირისპირდა და ხელისუფლებასთან გარიგებაში ღიად ადანაშაულებდა. თავად აბულაშვილი კი ხელს ტუხაშვილისკენ იშვერდა და ამბობდა, რომ გარკვეულმა პირებმა პარტიის ზემდგომ პირებთან ტუხაშვილის მაკომპრომეტირებელი მასალები წარადგინეს, რის გამოც თარგამაძის მოძრაობამ მისი კანდიდატურის მოხსნის გადაწყვეტილება მიიღო. „ვერ გეტყვით, ნამდვილად არ ვიცი, რა კომპრომატები დაალაგეს თენგიზ ტუხაშვილის შესახებ... თუმცა, ფაქტია, რომ პარტიამ მისი კანდიდატურის მოხსნა გადაწყვიტა. მინდა გითხრათ, რომ სამაგიეროდ, ტუხაშვილი სიის მეოთხე ნომრად ჩავწერეთ. მე ვფიქრობ, რომ ამ ნაბიჯით ის გაცილებით უკეთეს პირობებში აღმოჩნდა,“ - ამგვარ კომენტარს აკეთებდა აბულაშვილი.
„ჯერ თვითონ შემომთავაზეს და მერე კანდიდატურა ისე მოხსნეს აზრზე არ ვიყავი. გამოდის, რომ რაღაცაშია საქმე“ - აცხადებდა ტუხაშვილი და აბულაშვილის კომენტარი თავის მართლების მცდელობად შეაფასა. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი
Комментариев нет:
Отправить комментарий