ფიროსმანის მკვლევარი ანზორ მაძღარაშვილი ფიროსმანის მუზეუმს წლებია რაც ხელმძღვანელობს. 21 ოქტომბერს, ანზორ მაძღარაშვილმა კახეთის საინფორმაციო ცენტრთან საუბარში განაცხადა, რომ საქართველო ფიროსმანის ღირსი არ არის. „რამდენიმე წელია ფიროსმანის სახლ-მუზეუმთან მისასვლელი გზა დაზიანებულია. მუზეუმში შემოვლითი გზით დავდივართ, ტურისტები კი აღარ მოდიან. ფიროსმანი ერთლარიანზე იყო გამოსახული და ისიც კი ამოიღეს ხმარებიდან. საქართველო ფიროსმანის ღირსი არ არის“, - აღნიშნა ანზორ მაძღარაშვილმა.
როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრი იუწყება, კრიტიკული კომენტარის გამო ანზორ მაძღარაშვილი დედოფლისწყაროს საპატიო მოქალაქეების სიიდან ამოიღეს. დაზუსტებული ინფორმაციით, ადგილობრივ ხელისუფლებას ფიროსმანობისთვის, რომელიც 22 ოქტომბერს აღინიშნა, დედოფლისწყაროს საპატიო მოქალაქის სტატუსი ხუთი ადამიანისთვის უნდა მიენიჭებინა. 21 ოქტომბერს, საღამოს, ანზორ მაძღარაშვილი სიიდან ამოიღეს, დანარჩენი ოთხი კი საპატიო მოქალაქეებად გამოაცხადეს: „მე არც ვიცოდი თუ სიიდან ამომიღეს და გულიც არ დამწყდება. რა პრობლემაა? რად მინდა საპატიო მოქალაქეობის მონიჭება, ისედაც მირზაანში ვცხოვრობ. დიდი მადლობა თქვენ, რომ კომენტარი გამომიქვეყნეთ და ძალიან კარგიც არის, თუ ვინმეს გულზე მოხვდა. მე ტყუილი არ მითქვამს. განა ლარიანი, რომელზეც ფიროსმანის პორტრეტი იყო გამოსახული, ხმარებიდან უნდა ამოეღოთ? კარგია თუ მართლა ამომიღეს იმ სიიდან“, - განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს ანზორ მაძღარაშვილმა.
„ქიზიყის“ ინფორმაციით, ნიკო ფიროსმანის სახლ–მუზეუმში ვაკანტური ადგილებია შემდეგ პოზიციებზე: – მუზეუმის მმართველი (1 ვაკანსია) - ითავსებს მონიტორინგის სპეციალისტის ფუნქციას; ფონდების მცველი (1 ვაკანსია) - ითავსებს კოლექციათა ატრიბუციის სპეციალისტის ფუნქციას; საიტ-მენეჯერი (1 ვაკანსია); ექსკურსიამძღოლი (1 ვაკანსია); მონიტორინგის სპეციალისტი (1 ვაკანსია); ექსპოზიციის მეთვალყურე (1 ვაკანსია) და მუზეუმის კურატორი – 1 ვაკანსია. /ქიზიყი/ მედიანიუსი
Комментариев нет:
Отправить комментарий